"განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა"
"განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა"
"ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებდა ის იყო, ჩემი შვილისთვის მომაკვდინებელი ჭრილობა იყო თუ არა საქმეში არსებული დანით მიყენებული, მაგრამ მხოლოდ ის წერია, არსებული დანები ამ ჭრილობებს არ შეესაბამება, თუმცა შესაძლებელია ეს დანები გამოყენებული ყოფილიყოო"

"ლევანს სასიკვდილო ჭრილობებთან ერთად, ხელებიც დასერილი აქვს, როგორც ჩანს, წინააღმდეგობას უწევდა და დანა დაუჭირა"


თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ ახალგაზრდები და აქცია გამართეს ლოზუნგით, "ნუ მომკლავ
- აღასრულე სამართალი". აქციის მონაწილეები სამართლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს. ის ითხოვს პროკურატურამ სამართალი აღასრულოს და გამოძიება სწორად წარმართოს, რათა შემდეგში მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. "აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება", - ამბობს იგი. სასამართლო პროცესზე
პროკურატურის მოწმეები იკითხებიან.

ბოლო სხდომაზე პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელსაც მოკლულების ოჯახის წევრები მოუთმენლად ელოდნენ. იმედოვნებდნენ, რომ გაეცემოდა პასუხი მთავარ კითხვას, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა ორმაგი მკვლელობისას და ვინ რომელი დანით მიაყენა ჭრილობები დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს. დაზარალებული ზაზა სალარიძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო:

- სამწუხაროდ, რომელი დანით მიაყენეს ჩემ შვილს სასიკვდილო ჭრილობა, ამ დასკვნაში არ წერია. შესაბამისად, კვლავ უცნობია კონკრეტულად ვინ მიაყენა დათოს ეს ჭრილობა. ეს ორი ბრალდებული, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, ნამდვილად დამნაშავეები არიან, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ექსპერტებს ყველაფერი აქვთ: დანები, ტანსაცმელი, ჩემი შვილის სხეული ჰქონდათ და ვერ დაადგინეს რომელი დანაა გამოყენებული, ეს ხომ აბსურდია, ჩემი აზრი ასეთია, გამოიკვეთა სხვა იარაღიც და გამოძიებამ შეცვალა ყველაფერი სათავისოდ. ვფიქრობ, გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო.

- ბატონო ზაზა, ბრალდების მოწმეების დიდი ნაწილი დაკითხულია, ჩვენებებს თქვენ ისმენთ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს?

- ფაქტობრივად, რამდენიმე მოწმე დარჩა პროკურატურას და ამოწურავს ბრალდების მოწმეების დაკითხვას, მერე ბრალდებულების დაცვა დაკითხავს თავის მოწმეებს. ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილია ჩემს შვილს რა ჭრილობები აქვს მიყენებული, ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებდა ის იყო, მომაკვდინებელი ჭრილობა იყო თუ არა საქმეში არსებული დანით მიყენებული, მაგრამ წერია, რომ არსებული დანები ამ ჭრილობებს არ შეესაბამება, თუმცა შესაძლებელია ეს დანები გამოყენებული ყოფილიყოო.

ეს პასუხია? როცა ასეთი ბუნდოვანებაა საქმეში, რატომ უნდა გამოირიცხოს, რომ ორი კი არა, სამი და მეტი დანა გამოიყენეს?! კიდევ ერთხელ ვამბობ, პროკურატურას პირდაპირ მიყავს საქმე იქითკენ, რა მოცემულობითაც დაიწყეს საქმე, უნდათ რომ მხოლოდ ორი ბრალდებულის დასჯით დასრულდეს ეს ყველაფერი.

- ბრალდებულების დაცვა უცხოელი ექსპერტების ჩართვას აპირებს, ამას ეთანხმებით?

- ბრიტანელი ექსპერტები ჩამოდიან და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დაადგენენ ჭეშმარიტებას, მაგრამ რამდენად გაიზიარებს ამ ექსპერტიზის დასკვნას მერე მოსამართლე, ეს სხვა საკითხია კიდევ....

- თქვენი შვილის თანატოლები რომ იკითხებიან პროცესზე, ხედავთ მათში სინანულს?

- არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მართლა ნანობს მომხდარს, მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელსაც ვერ აღვწერ სიტყვებით, როგორ წარმოაჩენენ თავს - საერთოდ არაფერს ნანობენ... 

ბოლო სხდომაზე დაიკითხა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს ხორავას ქუჩაზე, რომელიც თვალნათლივ ხედავდა მომხდარ ინციდენტს. მართალია შორიდან უყურებდა, მაგრამ დაინახა როგორ ჩაიკეცა ჩემი შვილი და როგორ იცლებოდა სისხლისგან. ამბობს, რომ ეზოში ჩამოირბინა მას მერე, რაც ბავშვი წაიქცა. მან თქვა, იქ იდგა წითელი "ჯიპი", რომლის მძღოლმა იმის ნაცვლად, რომ დაჭრილ ბავშვებს დახმარებოდა, მანქანა დაქოქა და წავიდაო. მითხარით, ეს ხომ არის დანაშაულის შეუტყობინებლობა და უფრო უმთავრესი, ადამიანების განსაცდელში მიტოვება. რატომ არ არის ეს პირი დღემდე ამ მუხლებით პასუხისგებაში მიცემული?

მძღოლი ამბობს, რომ აწეული ჰქონდა მინა, არც ხმაური გაუგია და არც დაჭრის ფაქტი უნახავს, ნახა მხოლოდ შეგროვილი ახალგაზრდები. არადა, ფაქტია, განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და უმძიმესი დანაშაული, რომელზედაც რეაგირებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ვიცი ამ ადამიანის ვინაობა, ის იქვე ოფისში მძღოლად მუშაობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროკურატურას წინასწარ გამოძიებაში ეს ქალიც დაკითხული ჰყავდა და მძღოლიც, იცოდა ორივე ჩვენების შინაარსი. იმის ნაცვლად, რომ ამ ქალის ჩვენების შემდეგ დაეკითხათ ეს მძღოლი პროცესზე, პროკურატურამ საქმის განხილვის დასაწყისშივე დაკითხა იგი. ახლა ამ ქალის დაკითხვის შემდეგ კითხვები არის მძღოლთან, მაგრამ მას ხელმეორედ ვერ დაკითხავენ. უკუღმა გააკეთა პროკურატურამ, რომ ვერ მოხერხდეს მისთვის კითხვების დასმა.

- ექსპერტიზის დასკვნით, რამდენი ჭრილობა აქვთ ბიჭებს მიყენებული?
- დათოს აქვს 12 ჭრილობა, აქედან ხუთი შემავალი, ლევანს 2 ჭრილობა გულისა და ფერდის არეში და ასევე ხელებიც აქვს დასერილი, როგორც ჩანს, წინააღმდეგობას უწევდა და დანა დაუჭირა, სხვანაირად ამ დაზიანებებს ვერ მიაყენებდა.

- ბრალდებულები თუ ნანობენ მომხდარს?

-  მე, რასაც ვხედავ, არაფერს ნანობენ, ახალგაზრდები არიან და არ აქვთ გათავისებული რა საშინელება ჩაიდინეს.
ეს ორი ბრალდებული მოიხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინეს -  რამდენიმე მოწმე პირდაპირ ამბობს, როგორ დაარტყეს მათ დანა დათოს და ლევანს, მაგრამ კიდევ არიან სხვა დამნაშავეები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, ხომ უნდა გაირკვეს ვინ რა დანაშაული ჩაიდინა?!

- სხვა მონაწილე პირები თქვენთვის ცნობილია?
- რა თქმა უნდა, ცნობილია. ყველა ფაქტის, ყველა მოწმის ჩვენებას თუ კარგად დავაკვირდებით, ჩანს, კიდევ ვინ არის დამნაშავე ამ უმძიმეს დანაშაულში. ძალიან სამწუხაროა, რომ დახურულია ეს სხდომები, თორემ ნებისმიერი ადამიანი დაინახავდა და გამოიკვეთებოდა აბსოლუტურად რეალური სურათი. რომ გადახედო ჩვენებებს სასამართლო პროცესზე, წინა საგამოძიებო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს, აბსოლუტურად ნათელი გახდება კიდევ თუ ვინ არის დამნაშავე. არადა, ისინი არიან მოწმის სტატუსით უკვე დაკითხულები. ბევრი გარემოებაა, რომელიც პროკურატურას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

- თქვენი აზრით, პროკურატურა ხელს რატომ აფარებს იმ პირს?
- გავლენიანი ოჯახის წევრები არიან და იმიტომ. თავიდანვე ორგანიზებული იყო ეს დანაშაული, წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო და მოხდა საშინელება. დაუსჯელობის სინდრომია საქართველოში, ფაქტობრივად, დაუსჯელი რჩებიან არასრულწლოვნები და ისინიც ჩადიან დანაშაულს.

ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავის დასჯას მივაღწიო. განა მარტო ჩემი შვილის, მისი თანატოლების წინაშე უნდა ვიყო მართალი, დღეს ჩემი შვილის მეგობრები არიან შურისძიებით გამსჭვალულები...
მკვლელების ვინაობა ჩემზე ადრე იცოდნენ ჩემი შვილის მეგობრებმა, რომლებმაც ძალიან მალე დაადგინეს ჭეშმარიტება. ვუხსნი, რომ შურისძიება არ შეიძლება, ბიბლიის, საღვრთო რჯულის მოშველიებით ჯერჯერობით ვაჩერებ, მაგრამ ყოველთვის მე ხომ ვერ ვიქნები მათ გვერდზე, ყოველ წუთს ხომ ვერ გავაკონტროლებ?!

- პროკურატურა როცა ისმენს თქვენს პრეტენზიას, რას გეუბნებიან?

- ვიყავი პროკურატურაში მისული, სადაც იყვნენ საქმის პროკურორები და კიდევ 2 სხვა პროკურორი. მე მათ დავუსვი კითხვა, რატომ არ არის დაკავებული მიხეილ კალანდია, რომელმაც ჩვენება ცვალა პროცესიდან პროცესამდე და რაც ისჯება სსკ-ის მიხედვით. ჩემი კითხვა პროკურორებისთვის გამაღიზიანებელი იყო, საქმე ძიებაშია და აუცილებლად გამოვავლენთ, თუ ვინ ახდენდა ზეწოლას ამ მოწმეზეო. ჩემმა კითხვებმა პროკურორები გააღიზიანა და წამოვიდა ზეწოლა ჩემზე, ამბობდნენ, რომ თითქოს ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ ვარ. თითქოს უკანონოდ ვითხოვ იმ დამნაშავეების გამოვლენას, რომლებიც უკანონოდ დადიან გარეთ...

იხილეთ ასევე: "მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

maia
07 მაისი 2018 01:33
ტქვენი სული როგორც არის გამწარებული,ისე გაუმწარდატ მკვლელის მსჰობლებს სული და ვინც მატი დამცველია. ვინც ხელს აპარებს. მკვლელები არიან ყველანი.
mai
04 მაისი 2018 11:15
ვკვდები ამ ადამიანის ცოდვით
ლალი
26 აპრილი 2018 15:45
ბავშვებს რა უნდა მოკითხო, უფროსებზეა პასუხი მოსათხოვი! ჯერ ერთი, ეს ვერ გავიგე , სკოლის ადმინისტრაციიდან არავინ არ აგო პასუხი იმ დღის ამბებზე, ისე შერჩათ ეს გულგრილობა, თითქოს არაფერია.... არადა, იქ დაიწყო ყველაფერი, შემდეგ სკოლის წინ გაგრძელდა და არავინ არ აგო პასუხი, რატომ არ მოახდინეს დროული რეაგირება ამ ინცინდენტზე? დაერეკათ მშობლებისთვის, გამოეძახებინათ პატრული, მანდატურს რამე მოემოქმედა როცა დაინახეს ბავშვების შეკრება სკოლასთან!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები