"ლუხუმს ერთი კაცი ვერ მოერეოდა, ან რამდენიმე დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს" - კვირის პალიტრა

"ლუხუმს ერთი კაცი ვერ მოერეოდა, ან რამდენიმე დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს"

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლში, ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული არაერთი დაზიანება აქვს, მათ შორის ყელშიც. 47 წლის ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან თურქეთში 13 აპრილს გაემგზავრა. ის იზმირის რაიონში მეზობელმა ჩაიყვანა სამუშაოდ - ადგილობრივების ცხვარი უნდა ემწყემსა. 14 აპრილს ლუხუმ ჯანჯარიამ უკვე ოჯახის სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა და გაუჩინარდა. 23 აპრილს ოჯახს ჯანჯარიას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

მომხდარის შესახებ კახათის ერთ-ერთი მკვიდრი გვესაუბრა:

- კარგი ადამიანი იყო ლუხუმი, გული მტკივა, სადღაც თურქეთში, გვერდით თავიასიანი რომ არ ჰყავდა, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ვფიქრობ, ლუხუმს მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა; ან რამდენიმე კაცი დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს, სხვანაირად ვერაფერს მოუხერხებდნენ. სამწუხაროდ, თურქეთში თავის სარჩენად ბევრს მოუწია წასვლა, არაერთი მოკლეს კიდეც... ზოგი ისე ჩამოასვენეს საქართველოში, ვერავინ გაიგო. იქ მომუშავე ქართველები თავად ამბობენ, კვირა არ გავა, თურქულმა პოლიციამ ქართველის გარდაცვალებაზე არ დაწეროსო. ამის მიუხედავად მაინც იქ დადის სამუშაოდ ნახევარი სოფელი, სხვა გზა არ გვაქვს...

- როგორც ვიცი, სოფელი კახათი საკმაოდ ძლიერი სოფელია, აქაც ხომ შეიძლება შრომა...

- ძირითადად თხილია ჩვენი შემოსავლის წყარო, მაგრამ ორი წელია ბევრს კილოგრამიც აღარ ჩაუბარებია, ისე გაანადგურა ფაროსანამ სიმინდიც და თხილიც. ბოლო წლებია სულ ამას ვიძახით, გვიშველეთ, ვიღუპებითო, მაგრამ მთავრობას მხართეძოზე ძინავს. წელს თითქოს დაიწყეს თხილის შეწამვლა, მაგრამ კიდევ არ ვიცით, რა იქნება, ხალხს პურის ფული აღარ დარჩა. თხილის განადგურებამ ძალიან გაზარდა თურქეთში სამუშაოდ წამსვლელთა რიცხვი. თორემ ლუხუმს მწყემსად და სხვის მოსამსახურედ რა უნდოდა...

ლუხუმ ჯანჯარია იზმირში მეზობელმა წაიყვანა, როგორც ჩანს, არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა იმდენად გაანერვიულა, იქაურობა დატოვა. იზმირიდან წამოსული კაცი სტამბოლში იპოვეს გარდაცვლილი... ოჯახში ფიქრობენ, რომ ჩხუბი და მკვლელობა იზმირში მოხდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სტამბოლში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა. გამწარებულ ოჯახს ათასი ეჭვი აქვს... ითხოვენ იმ კაცის დაკითხვას, ვინც ლუხუმი წაიყვანა. გარდაცვლილის ბიჭი ამბობს, რომ მამა ისევ ქართველებმა მოუკლეს...

იმის მიუხედავად, რომ თურქეთში ქართველებს ხშირად მონური სამუშაო აქვთ, იქ მაინც ბევრი გარბის სამუშაოდ უსახსრობის გამო. ამაში კი ის ხალხი ეხმარება, ვინც თურქეთში მუშაობას გადაჩვეულია, სამუშაოს პირობებსაც მათგან იგებენ და სამუშაოსაც ისინი შოულობენ. არის ერთი ხვეწნა და მუდარა, - წაგვიყვანე, წაგვიყვანე, სიკეთე გვიქენიო.. იმ მეზობელმაც ასე წაიყვანა ლუხუმი და ახლა შარში გაეხვა..

საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ და მაგას მარტო ოჯახი კი არ უნდა ითხოვდეს, თავად სახელმწიფო უნდა იყოს ამით დაინტერესებული.

იხილეთ ასევე: "როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში (ექსკლუზივი)

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

საქმის გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკლვლეობას და თავისუფლების 7-15 წლით აღკვეთას გულისხმობს.