"ბიჭები გადიან ეზოდან, ლევანს ეჩეხება მკვლელი, რომელიც გამეტებით ურტყამს დანას გულში"
06-05-2018
"ბიჭები გადიან ეზოდან, ლევანს ეჩეხება მკვლელი, რომელიც გამეტებით ურტყამს დანას გულში"
"გულში ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, ხელები კი დასერილი - როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული"

გასული წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე განსაკუთრებული­ სისასტიკით დახოცილი მოზარდების ოჯახები სიმართლის გარკვევას დღემდე ცდილობენ. გამოძიებას 51-ე სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ჰყავს და არ გამორიცხავენ, დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს. "რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ტრაგედიას ორი მსხვერპლი ჰყავს
- ლევანი და დათო - და ვერ ხვდებიან, რომ ვინც შემთხვევის ადგილზე იყო, ყველა მსხვერპლია. ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსით ხომ არ იზომება და ფასდება, მორალური და ადამიანური კოდექსიც ხომ არსებობს?!"
- ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

- ლევანი იმდენად დიდი
ენერგიის პატრონი იყო, ერთი კი არა, სამი ადამიანი გვაკლია სახლში. სიცოცხლით სავსე, არ ჩერდებოდა, ხან რაღაცას აკეთებდა, ხანაც აფუჭებდა... ძალიან სუფთა ბიჭი იყო და ყველაფერში გასართობს ეძებდა. მღეროდა, მაგრამ საჯაროდ თავის გამოჩენა არ სჩვეოდა. ჩემს შვილს აქამდე არ ვაქებდი, თუმცა ამას იმსახურებდა. მისთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ ძალიან ვამაყობდი ჩემი შვილით.

- დათო და ლევანი მეგობრობდნენ?

თამარ საყვარელიძე, ლევანის დეიდა:
- დათო და ლევანი პარალელურკლასელები იყვნენ, ურთიერთობდნენ, მაგრამ მეგობრები არ ყოფილან. ლევანი მოხიბლული იყო დათოს ფიზიკური მონაცემებით. ლევანი ძალიან მოსიყვარულე ბიჭი იყო. უჩხუბია კიდეც, თუმცა ძალადობა და სხვისი ჩაგვრა მისთვის უცხო იყო...
როცა არაფრის გამო კლავენ ანგელოზივით ბიჭს, კატასტროფაა. რატომ? დღემდე არა გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი. გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, როცა გამომძიებელმა გვითხრა, რა გითხრათ, ვეძებეთ და ლევანს ჩხუბში ვერ ვპოულობთო. ბავშვს არანაირი შეხება არა აქვს სკოლაში, მის გარეთ თუ ხორავას ქუჩაზე გაგრძელებულ ჩხუბთან.

- მისი მეგობრები თუ ჰყვებიან რამეს?
- ძნელია გაარკვიო, ვერ ჰყვებიან თუ არ ჰყვებიან. მოწმეების ნაამბობით, ლევანი­ არსად ფიგურირებს - არც სკოლის საპი­რფარეშოში, არც სკოლის გარეთ და არც ხორავას ქუჩაზე. როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ლევანი ხორავას ქუჩის ეზოში ბოლო წამს შედის, როცა ეჭვმიტანილები ჩხუბის მერე დანაშაულის ადგილს ტოვებენ. ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. ბიჭები გადიან ეზოდან და ლევანს ეჩეხება მკვლელი, რომელიც გამეტებით ურტყამს დანას გულში.

ნათია საყვარელიძე:
- ლევანს იმ დღეს ბოლო ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა. გაკვეთილის დამთავრებისთანავე, 2-ს რომ 5 წუთი აკლია, ლევანი ამოჩეჩილი მაისურის სწორებით ტოვებს სკოლის ტერიტორიას, ვიღაც გოგონასთან ერთად გზას ადგება. ის მელიქიშვილით არასდროს ბრუნდებოდა შინ, კეკელიძემდე მოკლე გზას ირჩევდა ხოლმე. რომელ სამშობიაროშიც (თარხნიშვილზე) დაიბადა, იმავე ადგილას დაიღუპა და ასევე პარასკევ (დაბადების) დღეს.

სკოლიდან მომავალი ხორავას ქუჩის ეზოში იმიტომ შედის, რომ იქიდან ყვირილის ხმა გამოდის. დათოს დაჩეხის შემდეგ ეზოდან ყველა გამორბის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლევანმა ინტერესის გამო შეუხვია. კონფლიქტში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. პირველი სკოლიდან 6 ბიჭი იყო მოსული, დანარჩენები 51-ე სკოლელები იყვნენ.

სასამართლოში სულ რამდენიმე მოწმე ამბობს სიმართლეს, დანარჩენები დუმილს არჩევენ. როგორც ჩანს, რთულია მოზარდებისთვის თანატოლის მხილება - სასამართლოზე ბრალდებული უზით პირისპირ და უჭირთ ე.წ. ჩაშვება. მათ საქციელს მხოლოდ მენტალობას ვერ დავაბრალებთ, ზოგს ეშინია ჩაშვების, ზოგი იმას ფიქრობს, მომავალში ამას რამე არ მოჰყვეს, ზოგი თავის თავს და დანაშაულს მალავს და ამბობს, რომ იქ არ იმყოფებოდა. მგონია, შვილებზე მშობლებიც ახდენენ ზეგავლენას.

ჩვენ ყველაზე მეტად იმ ჩვენებების გვჯერა, რომლებიც ცხელ გულზე, 1-2 დეკემბერს დაიწერა, ვიდრე თვეების შემდეგ ადვოკატების კარნახით დაწერილი ჩვენებები.

- დათოს მამამ, ზაზა სარალიძემ, აქციები­ დაიწყო და მისი ერთადერთი მოთხოვნა სამართლიანი გამოძიებაა, უცხადებთ სოლიდარობას?
- რა თქმა უნდა. ზაზა კაცია, მას სხვა პროტესტი აქვს. მე ქალი ვარ, გაუბედურებული დედა და ბრძოლისა და აქციაზე დგომის თავი არა მაქვს. ჩვენთან თითქმის გარკვეულია ყველაფერი, დათოს მკვლელობის ეპიზოდი კი გაურკვეველია, იქ ჯგუფური დანაშაულია ჩადენილი. ზაზა დაღუპული შვილის მამაა და უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი პოზიცია, ეჭვები და სიმართლის გარკვევის სურვილი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლევანი არავისთვის არ წარმოადგენდა საფრთხეს. დღემდე პასუხი არა მაქვს კითხვაზე, რატომ მოკლეს ლევანი.

- თითქოს განსხვავებული პოზიციების გამო ბოლო დროს ოჯახებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაზეც ლაპარაკობენ.
- არანაირი უთანხმოება ჩვენ შორის, არ ყოფილა. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე, აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ უკვე შემაფასეს ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით გამოდის, ჩემი აზრი თუ გამოვხატე და ის პროკურატურისას დაემთხვა, ესე იგი, პროკურატურა ჩემზე ზეწოლას ახდენს. ჩემს მდგომარეობაში ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ან რატომ ცდილობენ, ორი ერთნაირად გაუბედურებული ოჯახი ერთმანეთს დაგვაპირისპირონ? პირველი, ვინც ზაზას ტკივილი გაიზიარა, როდესაც­ ის სამედიცინო ექსპერტის დაკითხვიდან გამოვიდა, რადგან ვეღარ შეძლო ბოლომდე მისი მოსმენა, მე ვიყავი.

ნურავინ ეცდება ჩვენს დაპირისპირებას, ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ დათოს არ ვიცნობდი, მის ყველა ჭრილობას ისე განვიცდი, როგორც ჩემი ლევანიკოსას.

როცა ითქვა, რომ როგორც დათოს ეპიზოდში, ისე ლევანის შემთხვევაშიც ორი მკვლელი ფიგურირებსო, ამაზე გავღიზიანდი. იმაში, რომ ლევანი ერთმა მოზარდმა­ მოკლა, ეჭვიც არ გვეპარება. თავიდანვე გავეცანით მასალებს, ექსპერტიზის პასუხებს, ფარულ ჩანაწერებსაც და სურათი ნათელია. ვუსმენ ბავშვების თითოეულ წამოძახილსაც კი, რასაც პროკურატურა ვერ ისმენს, იმ ბავშვების, რომლებიც უარყოფენ იქ ყოფნას, მაგრამ აბსოლუტურად ინფორმირებული არიან, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ამ ყველაფრის თანხვედრას რომ ვხედავ, რა ვქნა, თუკი ჩემი მოსაზრება პროკურატურისას დაემთხვა?

მთელი ჩემი მოდგმა მედიკოსები ვართ. საავადმყოფოში, სადაც ლევანი მიიყვანეს,­ ყველა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდა. მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც­ რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილ­ობა, ხელები კი დასერილი - როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული. ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით) რატომღაც საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.
ბოლო დროს მუდმივად ვაკონტროლებდით (ალბათ ეს იყო წინათგრძნობის გამოხატულება), სწორედ ის 15 წუთი არ დაგვირეკავს. ბავშვი სკოლიდან 13:55-ზე გამოდის და 3-ის 10-12 წუთზე მას კლავენ. სასწრაფოს გამოძახების დროდ 14:14 საათია დაფიქსირებული და ამ შუალედში ბავშვი აღარ იყო.

- თქვენ აღნიშნეთ, ეს ტრაგედია პოლიტიკურ შოუში გადაიზარდაო. ფაქტია, რომ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნისა და პოლიტიკოსის ოჯახის წევრები ფიგურირებენ, დათოს მამა მოზარდებზე მათ ზეწოლას აპროტესტებს.

- აქ კაკუბავაო, იქ სუბელიანი, ეს მერაბიშვილის კადრებიო... საქმეში აქტიურად არის ჩართული ზვიად კუპრავაც. ორი აზრი არ არის - დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ბავშვი არაადამიანურად არის მოკლული. მთავარია, იყოს მტკიცებულება, რომ იყო ერთზე მეტი მკვლელი და ამისთვის ისინიც უნდა დაისაჯონ. ამ ჩართულმა პირებმა არიეს საქმე, თორემ აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. შეიძლება ზაზა თვლის, რომ ეს პირები მას ეხმარებიან. ვინ იცის, იქნებ დამნაშავეებს ამათზე უფრო ძლიერი მფარველები ჰყავთ და იქნებ სწორედ იქით მიდის ყველაფერი, რომ ბრალდებულებს სასჯელი შეუმსუბუქდეს? ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან გავლენიანი ოჯახის შვილია, მატერიალურადაც ძლიერი.

თამარ საყვარელიძე: - ყველაზე დიდი ხმაური ატყდა კალანდიას ჩვენებებზე.­ ითქვა, რომ ის მთავარი მოწმეა და წინასწარი გამოძიებისას ჰქონდა ისეთი ჩვენება­ მიცემული, რომელიც დაცვის მხარისთვის არ იყო სასარგებლო. შემდეგ ის მოდის პირველ სხდომაზე და ცვლის ჩვენებას. საკითხავია, ვისი ზეწოლით? ასეთ შემთხვევაში, რატომღაც ყოველთვის პროკურატურას ახსენებენ, მაგრამ ზეწოლა ასეთივე წარმატებით დაცვის მხრიდანაც შეიძლება იყოს.

- ლევანის მკვლელობაში ბრალდებული თუ აღიარებს დანაშაულს და ინანიებს?


ნათია საყვარელიძე:
- რომელ სინანულზეა ლაპარაკი? ბრალდებული, ადრე თავჩაქინდრული მაინც იჯდა საბრალდებო სკამზე, ახლა თამამადაა და კარგ ხასიათზეც. ჩვენ ხომ დაგვღუპა და ცოცხლად დაგვმარხა, თვითონ რისთვის გაიფუჭა ცხოვრება? ზის პროცესზე ერთი სიმპათიური­ ბიჭი, რომელიც თავისივე თანატოლის მკვლელობისთვის ისჯება და ჰყვება ტყუილებს, თავი რომ დაიცვას. ისევე, როგორც ლევანი, ისიც არანაირ შეხებაში არ ყოფილა ამ კონფლიქტთან. რა უნდოდა იქ, ვისი და რისი გულისთვის აიკიდა ამხელა ცოდვა?­

ვინც ეს კონფლიქტი წამოიწყო, იმათ რამე შეეხოთ? ამ კონფლიქტის წამომწყებები ორმაგ ცოდვაში არიან როგორც ჩემი ლევანის და დათოს, ისე იმ ბრალდებულების დაღუპვაში.

გასაგებია, რომ 25 კაცს ვერ ჩასვამ, მაგრამ დათო დაჭრეს და ეს უნამუსოები გამოიქცნენ, არიქა, ჩვენ არაფ­ერი დაგვბრალდესო. იმათ, ვის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო, მორალური პასუ­ხისმგებლობა არ უნდა იგრძნონ? პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - ვინც კონფლიქტი წამოიწყო, ვინც გაიქცა, ვინც იმ ეზოში თავისი ყოფნა დამალა... მათ ჰგონიათ, ამ ტრაგედიას ორი მსხვერპლი ჰყავს­ - ლევანი და დათო და ვერ ხვდებიან, რომ ვინც იქ იყო, ყველა მსხვერპლია. ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსით ხომ არ იზომება და ფასდება?! კონფლიქტში მონაწილე ბავშვების ნაწილი წავიდა სკოლიდან და წამომწყებები, ვინც საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილეობდა, არ მიდიან, წელში გამართული დადიან მათი მშობლებიც.

- ეთანხმებით ზაზა სარალიძეს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მეტი მოზარდი მონაწილეობდა, რომელთაც მიზეზთა გამო პასუხს არავინ სთხოვს?

- ვიღაცას ძალიან უნდა ჩვენი ოჯახების დაპირისპირება, მაგრამ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. ჯერ არ დაუკითხავთ ექსპერტი, ვინც უნდა დაადასტუროს, რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში. თეორიულად, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ თუ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით და დათო სარალიძე ორზე მეტმა დაჭრა, ისინი ისევ ბრალდებულების მეგობრები იქნებოდნენ. მათ თუ უნდათ სასჯელი შეიმსუბუქონ, თქვან სიმართლე და ყველაფერს ნათელი მოჰფინონ.

იმ ადგილას ოთხი კორპუსი დგას, ინციდენტს მობინადრეები უყურებდნენ და არც ერთი არ იღებს ხმას.

მოზარდები კუდამოძუებული გარბოდნენ, რომ არაფერი დაჰბრალებოდათ, იმ საღამოს სახლებში არც იყვნენ, დაიმალნენ. მეორე დღეს ზოგიერთი იმაზე ბჭობდა, საერთო ტყუილი როგორ ეთქვათ.

ჩვენთვის ყველა გმირი იყო, ვინც პროცესზე მოდიოდა და, ასე თუ ისე, სიმართლეს ამბობდა.

იხილეთ ასევე: "განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა"

ნანა ფიცხელაური
ნონა
21 მაისი 2018 19:26
სუბელიანი ისე მხიარულად იჯდა სასამართლოზე- იცოდა მამიკო საქმეს ჩაუწყობდა.ღმერთმა განსაჯოს.მიეზღვება, გული მეწვება ლევანზე და დათოზე.
ეკა
06 მაისი 2018 20:52
შემზარავია,რომ ეს ბავშვები ლაჩრულად გაიქცნენ და დაჭრილს არ მიეხმარა არც ერთი! აი,27წლის განმავლობაში განხორციელებული განათლების რეფორმის სავალალო შედეგები,რომ აღარაფერი ვთქვათ კაკუბავა და მისნაირების ზნეობრივ სახეზე! როგორ უნდა იცხოვრონ ამ ბავშვებმა ასეთი მძიმე ტვირთით?! მაგრამ როგორც ვატყობ ამათ არაფერი შეაწუხებთ,ისე ოსტატურად ცდილობენ თავის დაძვრენას და ვერც კი ხვდებიან,რა საშინელი საყურებელია ადამიანი, რომელიც კედელთან მიყენებულ ვირთხას ემსგავსება!
სვანი
06 მაისი 2018 19:27
ღირსეული დედა და დიდებული ქალბატონი. მაგის გაზრდილი შვილი, რომ უკარგესი იქნებოდა, რად უნდა ამას ლაპარაკი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები