როგორ გაიყიდა 2-მილიონიანი ნაკვეთი ჩალის ფასად - კვირის პალიტრა

როგორ გაიყიდა 2-მილიონიანი ნაკვეთი ჩალის ფასად

რას პასუხობს ბრალდებებს გურიის გუბერნატორი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს უჩივის - სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წელს ზღვისპირა ნაწილის 2 ჰექტარი, პრივატიზაციის შემდგომ, არც მეტი, არც ნაკლები, 9.100 ლარად გაიყიდა. დეტალებზე "კვირის პალიტრას" ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ესაუბრა:

- სოფელ შრომის ტერიტორიულ ერთეულში ურეკის ტერიტორიის ნახევარიც არის მოქცეული, ლაპარაკია ზღვისპირეთის ნაწილზე. სწორედ ამ ნაწილში სოფელ შრომის სკოლაა და იქვე არსებულ მიწის ნაკვეთებს სკოლა იყენებდა, მათ შორის, საცდელ მეურნეობად, სტადიონად და ა.შ. ეს არის საჯარო სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგისტრირებელი იყო და ვერც ერთმა ხელისუფლებამ მისი პრივატიზება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, ეს მოხერხდა 2016 წელს - 2 ჰექტარი ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა გაატარა რეგისტრაციაში და აუქციონზე 19 950 კვმ გაიტანა გასაყიდად, 1 კვმ - 50 თეთრად. გაუგებარია, შეფასების ექსპერტმა როგორ დაიანგარიშა ურეკის ზღვისპირა ნაწილში 1 კვმ მიწა 50 თეთრად, როდესაც ჩვენ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა 1 კვმ 1109 ლარად შეაფასეს, მთლიანობაში კი მიწის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ ლარზე მეტს.

- აუქციონზე 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაახლოებით 9000 ლარად გაიყიდა?

- დიახ, 9100 ლარად შეიძინა ლაშა მგელაძემ, სოფელ შემოქმედის მკვიდრმა და გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის უახლოესმა მეგობარმა. მეტიც, მოსახლეობა ამბობს, რომ მგელაძე ფორმალურად არის მყიდველი და მიწა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ იყიდა. ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ ნაკვეთს ყოველგვარი პროცედურების გარეშე შეიძენდით?

- რა ტიპის პროცედურებია დარღვეული?

- როდესაც მუნიციპალური ქონება იყიდება, უპირველესად ის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი გვეუბნება, რომ სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისებას ახლავს შესაბამისი საჯარო-ადმინისტრაციული პროცედურები. სხვათა შორის, სანამ მიწას შეიძენდა ლაშა მგელაძე, ერთ-ერთმა მოსახლემ განაცხადა, ჩვენთან სოფლის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე მოვიდა და გვითხრა, ამ მიწის საბუთები იქნებ მოძებნოთო. როდესაც ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა, გვიპასუხა, იქნებ გადავარჩინოთ ეს მიწა, ზევიდან დავალებაა გაცემული, რომ გაიყიდოსო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: აუქციონზე ნაკვეთის შეძენიდან მალევე ლაშა მგელაძემ 2 ჰექტარიდან გამოყო 1 500 კვმ და 52.000 დოლარად ყიდდა (თავად კი 1 500 კვმ 750 ლარი დაუჯდა). ეს მიანიშნებს ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებას. როდესაც საჩივარი შევიტანეთ, ორივე მიწის ნაკვეთი სასამართლომ დააყადაღა, მეტიც, ცოტა ხნის წინ გამოვიკვლიეთ, რომ მიწა ანტიკორუფციულმა სამსახურმაც დააყადაღა, მიზეზად დასახელებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- გურიის გუბერნატორის წინააღმდეგ?

- დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ. მერაბ ჭანუყვაძე 2016 წელს ოზურგეთის გამგებელი გახლდათ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მიწის პრივატიზება, თუმცა გასხვისდა 2017 წლის 12 ნოემბერს, მაშინ ჭანუყვაძე შვებულებაში იყო არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის ნაცვლად ხელი დოკუმენტებს მოაწერა გამგებლის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა. ვფიქრობ, გამოძიებას ნამდვილად ექნება მწვავე კითხვები გუბერნატორთან.

კახა ჩავლეიშვილთან საუბრის შემდეგ, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძეს დავუკავშირდით: - ყველაფერი ტყუილია, იქნებ აქვთ მტკიცებულება, როგორ შეიძინა უკანონოდ ლაშა მგელაძემ ნაკვეთი?

- თქვენ, როგორც ყოფილ გამგებელს და ამჟამად გურიის გუბერნატორს, არ გიჩნდებათ კითხვა, როგორ გასხვისდა ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ჰექტარი მიწა 9000 ლარად, როცა რეალური ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს?

- როდესაც ნაკვეთი გაიყიდა, მე არ ვიყავი გამგებელი, რაც შეეხება ფასს, ფასწარმოქმნა მუნიციპალიტეტის კი არა, კერძო აუდიტორის საქმეა. არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასა, არ ვიცი დეტალები.

- შრომის მოსახლეობა ამბობს, რომ რეალურად ნაკვეთი ლაშა მგელაძემ კი არა, თქვენ შეიძინეთ თქვენი ახლობლის საშუალებით.

- ესეც ტყუილია.

- იცნობთ ლაშა მგელაძეს?

- კი, ჩემი მეგობარია.

- არასდროს გიკითხავთ, როგორ მოახერხა ამხელა ნაკვეთის შეძენა?

- არა.

- ადვოკატის თქმით, ანტიკორუფციული სამსახურიც დაინტერესდა ამ საქმით.

- ჩემთან რა შეკითხვები უნდა ჰქონდეთ, როგორც გითხარით, მე არ ვიყავი გამგებელი, როდესაც ის ნაკვეთი გასხვისდა.

რუსუდან შელია