"დღემდე არა მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ლევანი?" - კვირის პალიტრა

"დღემდე არა მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ლევანი?"

"ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ"

გასული წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე განსაკუთრებული სისასტიკით დახოცილი მოზარდების ოჯახები სიმართლის გარკვევას დღემდე ცდილობენ. გამოძიებას 51-ე სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ჰყავს და არ გამორიცხავენ, დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს. "რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ტრაგედიას ორი მსხვერპლი ჰყავს - ლევანი და დათო - და ვერ ხვდებიან, რომ ვინც შემთხვევის ადგილზე იყო, ყველა მსხვერპლია. ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსით ხომ არ იზომება და ფასდება, მორალური და ადამიანური კოდექსიც ხომ არსებობს?!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

- ლევანი იმდენად დიდი ენერგიის პატრონი იყო, ერთი კი არა, სამი ადამიანი გვაკლია სახლში. სიცოცხლით სავსე, არ ჩერდებოდა, ხან რაღაცას აკეთებდა, ხანაც აფუჭებდა... ძალიან სუფთა ბიჭი იყო და ყველაფერში გასართობს ეძებდა. მღეროდა, მაგრამ საჯაროდ თავის გამოჩენა არ სჩვეოდა. ჩემს შვილს აქამდე არ ვაქებდი, თუმცა ამას იმსახურებდა. მისთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ ძალიან ვამაყობდი ჩემი შვილით.

...

- მთელი ჩემი მოდგმა მედიკოსები ვართ. საავადმყოფოში, სადაც ლევანი მიიყვანეს, ყველა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდა. მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა, ხელები კი დასერილი - როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული. ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით) რატომღაც საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.

ბოლო დროს მუდმივად ვაკონტროლებდით (ალბათ ეს იყო წინათგრძნობის გამოხატულება), სწორედ ის 15 წუთი არ დაგვირეკავს. ბავშვი სკოლიდან 13:55-ზე გამოდის და 3-ის 10-12 წუთზე მას კლავენ. სასწრაფოს გამოძახების დროდ 14:14 საათია დაფიქსირებული და ამ შუალედში ბავშვი აღარ იყო.

- თითქოს განსხვავებული პოზიციების გამო ბოლო დროს ოჯახებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაზეც ლაპარაკობენ.

- არანაირი უთანხმოება ჩვენ შორის, არ ყოფილა. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე, აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ უკვე შემაფასეს ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით გამოდის, ჩემი აზრი თუ გამოვხატე და ის პროკურატურისას დაემთხვა, ესე იგი, პროკურატურა ჩემზე ზეწოლას ახდენს. ჩემს მდგომარეობაში ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ან რატომ ცდილობენ, ორი ერთნაირად გაუბედურებული ოჯახი ერთმანეთს დაგვაპირისპირონ? Pპირველი, ვინც ზაზას ტკივილი გაიზიარა, როდესაც ის სამედიცინო ექსპერტის დაკითხვიდან გამოვიდა, რადგან ვეღარ შეძლო ბოლომდე მისი მოსმენა, მე ვიყავი.

ნურავინ ეცდება ჩვენს დაპირისპირებას, ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ დათოს არ ვიცნობდი, მის ყველა ჭრილობას ისე განვიცდი, როგორც ჩემი ლევანიკოსას.

იხილეთ ასევე: "განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა"

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ