ვინ არიან იდუმალი მკვლელობის გავლენიანი შემკვეთები - კვირის პალიტრა

ვინ არიან იდუმალი მკვლელობის გავლენიანი შემკვეთები

რატომ დაიჭირეს დუდუ დადიანის საქმის გამომძიებელი

ეგრეთ წოდებული "მაზავშჩიკების" სკანდალური საქმის შემდეგ გახშირდა ლაპარაკი ვატო ყიფიანის ახალ დანაშაულებზე. მის სახელს დიდი ხანია უკავშირებენ დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობებს.

სახელისუფლებო ტელეარხებმა "მაზავშჩიკების საქმის" გაშუქებისას მართალია, პირდაპირ  არაფერი თქვეს, მაგრამ ყიფიანის ხსენებისას სასხვათაშორისოდ აღნიშნეს, რომ გამოძიება მუშაობს დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობების საქმეებზეცო. როგორც ამბობენ, მალე ვატო ყიფიანს კახი ასათიანისა და დუდუ დადიანის მკვლელობასაც "დაუმტკიცებენ."

როგორც შევიტყვეთ, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა და ჟურნალისტების გასაგონად გავრცელებული ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების შემოგდებული "უტკაა". სიმართლე კი ის არის, რომ ამ მკვლელობებში ვატო ყიფიანის მონაწილეობის ვერსიას გამოძიება არც კი განიხილავს, თუმც კახი ასათიანისა და დუდუ დადიანის მკვლელობის საქმეს მართალაც იძიებენ. ჩვენი ინფორმაციით, მასში ჩართული არიან როგორც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები.

დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს მოკლეს. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მკვლელმა სპორტის დეპარტამენტის შენობის შესასვლელში მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. მოკლულს სამი ჭრილობა ჰქონდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე სკანდალური საქმის შოკის მომგვრელ დეტალებს გავეცნობით.

დუდუ დადიანის მკვლელობის საქმეში, როგორც ჩანს, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ძალზე გავლენიანი პერსონები არიან გარეული (შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების წევრებიც არიან), - გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები გაყალბდა. 2010 წლის 9 ივლისს სრულიად საიდუმლო ვითარებაში დააკავეს დუდუ დადიანის საქმის გამომძიებელი ზვიად უზნაძე.

საქმე ის არის, რომ, ერთი ვერსიით, დუდუ დადიანის  მკვლელს მკვლელობის ადგილზე ქუდი დაუვარდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ საქმიდან სწორედ ეს ქუდია გამქრალი და მის ნაცვლად სულ სხვა ქუდი დევს. რამდენიმე დღის წინ დაკავებულ გამომძიებელ ზვიად უზნაძეს ბრალად სწორედ დადიანის საქმეში ნივთმტკიცების გაყალბება ედება.

მამუკა მდინარაძე, ზვიად უზნაძის ადვოკატი: "ზვიადს ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება. იმ პერიოდში ზვიად უზნაძე სტაჟიორ-გამომძიებელი იყო და ვინ ეკითხებოდა მას მტკიცებულებების გაყალბებას? დუდუ დადიანის მკვლელობის საქმე სულ დღე-ნახევრით დააწერეს, მეორე დღესვე  წაიღო ქალაქის პროკურატურამ".

ზვიად უზნაძე მაშინ ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში მუშაობდა. როგორც ჩანს, მტკიცებულებები სწორედ ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში გაყალბდა. ბუნებრივია, ეს ხელმძღვანელი პირების ბრძანების და მითითების გარეშე ვერ გაკეთდებოდა. ეტყობა, უზნაძის პასუხისგებაში მიცემას სწორედ ის მიზანი აქვს, რომ გამოძიება მისი მეშვეობით  ბრძანების გამცემის კვალზე დადგომას გეგმავს.

სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე (2001 წელს) მოხდა "თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაც. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაირკვა, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეც გაყალბდა და ფალსიფიკატორი თბილისის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით კეკუა აღმოჩნდა (გამოძიების მტკიცებით, სწორედ მან შეცვალა ტყვიის გულა).

ერთი საინტერესო დეტალი:

KvirisPalitra.Geდუდუ დადიანის მკვლელობას  თვითმხილველიც ჰყავდა, - ახალგაზრდა, რომელიც მალე კიკვიძის ბაღში მოკლეს. დავით კეკუამ კი ციხეში საეჭვო ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე. ოფიციალურად მან თავი მოიკლა, მაგრამ კეკუას ოჯახს ამ ვერსიისა არ სჯერა. როგორც ჩანს, დავით კეკუა "ზედმეტი ცოდნის" გამო მოიცილეს თავიდან. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ კეკუა  იყო ინიციატორი იმისა, რომ დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობაში ვატო ყიფიანი დაედანაშაულებინათ.

როგორც ამბობენ, ამ მიზნით თურმე რამდენჯერმე ესტუმრა კიდეც კახი ასათიანის მეუღლე ლუიზა ასათიანს და დაჟინებით მოსთხოვა, ხელი ვატო ყიფიანისთვის დაედო, მაგრამ ასათიანებმა კეკუას უარი უთხრეს და ეს საქმე გაუხსნელი დარჩა.

ჩვენ ვცადეთ ქალბატონ ლუიზასთან დაკავშირება, მაგრამ, როგორც გაირკვა, ის საზღვარგარეთ იმყოფება.

როგორც ჩანს, წინ სკანდალური საქმის ძალზე სკანდალური შედეგი გველოდება, რადგან ასეთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების გაყალბება დანაშაულში ძალზე გავლენიანი ხალხის მონაწილეობაზე მიუთითებს.

KvirisPalitra.Geრატომ დაარღვია ხელისუფლებამ "ჯენტლმენური შეთანხმება"

2005 წელი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებთან გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე ვატო ყიფიანსა და მის შავ საქმეებზე ლაპარაკობს:

"ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობდით, რომელშიაც ცნობილი ბოროტმოქმედი და მკვლელი ვატო ყიფიანი ციხიდან რეკავდა და იმ მოსამართლეებს ემუქრებოდა, რომლებმაც მასზე სანქცია გასცეს. ეს სულ რამდენიმე თვის წინ იყო.

1993 წელს კი მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი ბიძა, ჯიმი ყიფიანი დაანიშნინა. ასე რომ, უზენაეს სასამართლოს ცნობილი კრიმინალის ბიძა მართავდა. რეალურად  ქურდები მაშინ ქვეყანას უძღვებოდნენ, სამინისტროებიცა და მთავრობაც მათ ხელში იყო".

ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობა შავ სამყაროსთან დღითი დღე მეტამორფოზს განიცდის. ჯერ იყო და, ხელისუფლებამ ვატო ყიფიანი ტელეკამერების თანხლებით დააკავა და ციხეში გამოამწყვდია, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე ისე გაათავისუფლა, არც კი გაუხმაურებია.

ვატო ყიფიანმა უკრაინაში არჩევნების დროსაც შეგვახსენა თავი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერით. შეგახსენებთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის საუბარს ვინმე კონსტანტინესთან, სადაც გივი თარგამაძე ვინმე გიასა და ლაშას ახსენებს და კონსტანტინეს ეუბნება, ჩვენს ხალხს თუ რეგისტრაციაში არ გაატარებენ (დონეცკში არჩევნებზე ე.წ. დამკვირვებლების რეგისტრაციაზეა ლაპარაკი), იცოდეთ, მტრები ვიქნებითო.

უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა კონსტანტინეს ტელეფონის ნომერიც, რომელიც ვატო ყიფიანის ძმის, კოტე ყიფიანის აღმოჩნდა. მას შემდეგ გივი თარგამაძის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ყბადაღებული თემა გახდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე ვატო ყიფიანის ვადამდე გათავისუფლება "ჯენტლმენურ შეთანხმებას" უფრო ჰგავდა, რაც ხანმოკლე აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერლებს კოტე ყიფიანის მეშვეობით უკავშირდებოდნენ. ურთიერთობის "რგოლი", რომელიც ბორისოვსა და კოტე ყიფიანს შორის იყო, გაგვიშიფრა საქართველოდან გადახვეწილმა ძებნილმა ვალერი გელბახიანმა:

"კოტე ყიფიანი თბილისსა და ბათუმში სწრაფი კვების ობიექტების ქსელ "ნიკალას" მფლობელია. ბორისოვი კი ერთ დროს აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წევრი იყო და კარგად ვიცნობდი. ის მაშინ ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზას მეთაურობდა. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, სლავა (ვიაჩესლავ ბორისოვს შინაურები ასე ეძახიან) წლების შემდეგ საქართველოს დასაპყრობად 58-ე არმიის კორპუსს თუ გამოუძღვებოდა.

იმხანად ასლან აბაშიძესთან კოტე ყიფიანსაც (რომელსაც ბათუმში ბიზნესობიექტები ჰქონდა) შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი მის ვაჟთან, გიორგი აბაშიძესთან მეგობრობდა. ვფიქრობ, კოტემ ბორისოვთან ურთიერთობა სწორედ აბაშიძეების მეშვეობით დაამყარა. გივი თარგამაძემ კი ბორისოვთან დაკავშირება კოტე ყიფიანის მეშვეობით შეძლო. ერთი სიტყვით, რგოლი შეიკრა და ამას "ცნობილი ბოროტმოქმედის", ვატო ყიფიანის ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა".

ეკა ასათიანი