"ტელეგადაცემები ძალადობის პროპაგანდას უწყობს ხელს" - კვირის პალიტრა

"ტელეგადაცემები ძალადობის პროპაგანდას უწყობს ხელს"

"ტენდენციური სიუჟეტი დამნაშავედ წარმოაჩენს პირს, რომელსაც სამართლებრივად ეს სტატუსი არა აქვს, ხალხი კი უკვე აგრესიულად არის განწყობილი. ასეთ სიუჟეტებს მერე ინტერნეტსივრცეში მოსდევს კომენტარები, რომ ვიღაც ჩასაქოლი, გასატყავებელი ან ცოცხლად დასაწვავია! ვფიქრობ, მისი დამწერიც პოტენციური დამნაშავეა, არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე"

"არის პერიოდები, როდესაც ქვეყანაში მკვლელობების კასკადი იწყება," - აცხადებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე. რა ფაქტორები განაპირობებს სასტიკი მკვლელობების გახშირებას?! - ამ საკითხით დაინტერესდა "კვირის პალიტრა".

კახა ჩიხლაძე: - დანაშაული ყოველთვის იარსებებს, მათ შორის ძალადობაც. უბრალოდ, ინტერნეტმა სამყარო თითქოს დააპატარავა და ყველაფერს იოლად იგებ. ბოლო 4 წლის მონაცემებს გადავხედე და დიდად არ არის მდგომარეობა შეცვლილი. კონკრეტულ პერიოდში მკვლელობების რიცხვმა მოიმატა, ამას კი ლოგიკური ახსნა არა აქვს. არის პერიოდები, როდესაც რომელიღაც კატეგორიის დანაშაული იმატებს. წვრილმან ხულიგნობას, ბინის გაქურდვას კიდევ ვუპოვით ახსნას, ასეთი დანაშაულები უფრო მეტად სადღესასწაულო დღეებში იმატებს, როცა ხალხი მოდუნებულია, მკვლელობები კი მეტწილად ყოფით ნიადაგზე, სულიერი აღელვებისას ხდება, თუმცა შესაძლოა ის წინასწარ დაგეგმილიც იყოს, ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილი ან შეკვეთილი. მახსოვს, როცა გლდანში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ვიყავი, ერთ დღეს სამი მკვლელობა მოხდა და მათ შორის არავითარი კავშირი არ იკვეთებოდა. ასე რომ, ასეთი დანაშაული ხან იმატებს, ხან იკლებს, ხანდახან ჩერდება და ვერ ხვდები, რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. ვფიქრობ, აგრესია, შური და ეგოიზმია ერთ-ერთი ფაქტორი.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ქალია მოკლული. ასეთი ფაქტების მატებას რა განაპირობებს?

- მგონი, ქალებმა გადალახეს შიში, საჯაროდ ლაპარაკობენ ძალადობის შესახებ... თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის საპირწონედ მათ მიმართ აგრესია იზრდება. შეიძლება ამიტომაც არის გაზრდილი ამ ტიპის დანაშაული. შს სამინისტროც უკვე სხვაგვარად ებრძვის ოჯახურ ძალადობას, დაწყებულია პოლიციელთა გადამზადება.

ბევრი მიდგომა არსებობს დანაშაულის პრევენციისთვის, თუმცა საკმარისი არც ეს არის. მაგალითად, პოლიციელი გასცემს შემაკავებელ ორდერს, რომ მოძალადე ქალს ახლოს არ გაეკაროს, მაგრამ მკვლელობა მაინც ხდება. ცხადია, ყველა სადარბაზოსთან ვერ დადგებიან პოლიციელები, მათ მხოლოდ დანაშაულის ნიშნებზე შეუძლიათ რეაგირება. ადრეც იყო ოჯახური ძალადობის სასტიკი ფაქტები და ჩვენც ბევრი ქალი დაგვიცვია. ყოფილა შემთხვევები, როცა მამაკაცი იყო ძალადობის მსხვერპლი. ყოფილა მშობელსა და შვილს შორის ძალადობა, მკვლელობა და მერე ცხედრის დამალვისა და დაწვის მცდელობა.

- თქვენი აზრით, რამდენად სწორად შუქდება ასეთი ფაქტები?

- ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტის ტენდენციურად გაშუქება ხშირად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და მეტად არასახარბიელო ფონს ქმნის. ტენდენციური სიუჟეტი დამნაშავედ წარმოაჩენს პირს, რომელსაც სამართლებრივად ეს სტატუსი არა აქვს, ხალხი კი უკვე აგრესიულად არის განწყობილი. ასეთ სიუჟეტებს მერე ინტერნეტსივრცეში მოსდევს კომენტარები, რომ ვიღაც ჩასაქოლი, გასატყავებელი ან ცოცხლად დასაწვავია! ვფიქრობ, მისი დამწერიც პოტენციური დამნაშავეა, არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე. ეს ყველაფერი დეგრადირებულ ადამიანურ ღირებულებებზე მიუთითებს.

მედია უფრო მეტ პოზიტიურ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს საზოგადოებას, შსს-მაც უფრო ხშირად უნდა ისაუბროს გახსნილ საქმეებზე. ეს არა მარტო ამ სტრუქტურაში დასაქმებულებს მისცემს დიდ სტიმულს, არამედ საზოგადოებასაც თანდათან გამოიყვანს ნეგატიური ინფორმაციის გავლენიდან.

ნათია წერეთელი, ფსიქოლოგი: - ძირითადად, მოძალადეები, სასტიკი მკვლელობების ჩამდენები 24-42 წლის პირები არიან. ეს ის თაობაა, რომელიც უდედოდ აღიზარდა. დედების უმრავლესობა ლუკმაპურის შოვნაზე იყო გადაგებული. შვილებთან ადამიანური ღირებულებების შესახებ არავის უსაუბრია. შედეგად მივიღეთ მოძალადის ფსიქოლოგია, გაზრდილი აგრესია და სხვისი ჩაგვრის დაუოკებელი სურვილი. მეორე მთავარი ფაქტორი არის ტელეგადაცემების მავნე ზეგავლენა.

ერთი პრობლემაა გამუდმებით ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებშიც მოზარდები მხოლოდ მსხვერპლს, სისხლსა და ძალადობას უყურებენ, მეორე პრობლემაა ტელეგადაცემები, რომელთა წამყვანები სტუმრად იწვევენ მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს და მათი მეშვეობით ტელეშოუს დგამენ. ხომ არ შეიძლება ყველა არხზე ერთი და იგივე ცრემლმორეული პერსონა დეტალურად გვიყვებოდეს ძალადობის სცენებს. ასეთი ტელეგადაცემები ძალადობის პროპაგანდას უწყობს ხელს.

ეკა ასათიანი