"ტატუნაშვილის გვამი საავადმყოფოდან გააქრეს და საიდუმლო განყოფილებაში გადაიტანეს" - კვირის პალიტრა

"ტატუნაშვილის გვამი საავადმყოფოდან გააქრეს და საიდუმლო განყოფილებაში გადაიტანეს"

რას ჰყვება ცხინვალის საავადმყოფოს თანამშრომელი

ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა, ის ღვიძლის ციროზით და ქრონიკული ჰეპატიტით იყო დაავადებული...

"მაღალჩინოსნებს რაც უნდათ, იმას აწერინებენ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და როცა უნდათ, მაშინ შემოიყვანენ ცოცხალსა თუ მკვდარს... ტატუნაშვილის საქმე იყო ყველაზე გახმაურებული, თუმცა, იმავდროულად, ყველა დუმდა. ცხინვალის საავადმყოფოში რომ მოიყვანეს, უკვე მკვდარი იყო, თუმცა ცხედარი მაინც რეანიმაციაში შეიტანეს და რამდენიმე დღე დატოვეს... შემდეგ კი გვამი გაქრა. ძველ კორპუსებში არის საიდუმლო განყოფილება და, სავარაუდოდ, იქ ჰყავდათ, თუმცა ზუსტად არ ვიცი... ასეთ საქმეებში ჩაძიების უფლება არა გვაქვს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ცხინვალის საავადმყოფოს თანამშრომელი:

- ტატუნაშვილის ე.წ. სამედიცინო ისტორია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კარნახით შეადგინეს, შემდეგ კი რეგისტრაციიდან გააქრეს... როდესაც ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ხმაური ატყდა და ეს საქმე ლამის მთელი მსოფლიოს განსჯის საგანი გახდა, ისევ დააბრუნეს რეგისტრაციის განყოფილებაში. მოგვიანებით კი ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერ გასიევის მითითებით ტატუნაშვილის სამედიცინო ისტორია სეიფში შეინახეს...

როდესაც ტატუნაშვილი საავადმყოფოში შემოიყვანეს, უკვე გვამური ლაქები, სისხლნაჟღენთები და შეშუპება აღენიშნებოდა. ეს, რაც ერთი შეხედვით შევამჩნიე, თორემ მასთან მიკარების უფლება მხოლოდ ნდობით აღჭურვილ ექიმებს ჰქონდათ. არაადამიანურად ნაწამები რომ იყო, ეს ინფორმაცია მაინც გავრცელდა. ექიმებიც ადამიანები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჯერ კოკოითის, შემდეგ თიბილოვისა და ახლა ბიბილოვის ხელისუფლებას უამრავი მოკლული შემოუყვანია, არის შემთხვევები, როდესაც მრავლისმნახველი ექიმებიც კი შეძრწუნებული ვართ... აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და რაღაც დეტალები გამჟღავნდა...

- მაგალითად?

- თუნდაც ის, რომ ქართველ სამხედროს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ, თუმცა მისგან სასურველი აღიარება ვერ მიიღეს და "ზემოთ" დარეკეს - გავაგრძელოთ წამება თუ მეთოდები შევცვალოთო. რომ ამბობენ, რუსმა და ოსმა სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს წამების კვალის წასაშლელადო, ეს უფრო მორგის თანამშრომლების გაკეთებული მგონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი მუშაობა იქ მეორეხარისხოვანი იქნებოდა. არც ბიბილოვი და არც მისი წინამორბედები ადგილობრივ პერსონალს არ ენდობიან და ყველაფერზე რუსეთში დარბიან. სამედიცინო წრეებში ვხუმრობთ კიდეც, ჩვენ უცხოპლანეტელი ხელმძღვანელობა გვყავს, არასდროს არაფერი სტკივათო. არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, აქ მოსულიყვნენ...

აქ ბევრს ბიბილოვის ვითომ სამართლიანი რეფორმა აღიზიანებს, რადგან ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ბევრიც "ჩემოდანზე ზის", განსაკუთრებით, უფროსი თაობა. ასე რომ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდოდა, ბიბილოვის ხელისუფლება ტატუნაშვილის წამებას გადაჰყოლოდა. ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთი იმ შეცდომის გამო, რომლითაც მათი იმიჯიც დაზარალდა, ბიბილოვს მოიშორებდა. მას უამრავი მტერი ჰყავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ამბობდნენ რუსულ პრესაში, ბიბილოვმა ოსები არაადამიანებად წარმოგვაჩინაო, მაგრამ ჩანს, ის კრემლის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს... რუსეთი ძალიან გვეხმარება, მაგრამ არც მე მინდა, ქართველებს მკვლელები და სადისტები ვეგონოთ, ჩემს ოჯახს უამრავი ქართველი ახლობელი ჰყავს და მათთან გასაყოფი არაფერი გვაქვს.

- როდის შემოიტანეს ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალის საავადმყოფოში?

- 23 თებერვლის ღამეს... თავდაპირველად, როდესაც დარეკეს, რეანიმაცია მოამზადეთო, არც გაგვკვირვებია, რადგან ასე იქცევა ჩვენი ხელისუფლება, როდესაც "ზედმეტი" მოუვა. ნაწამები ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანით არასდროს შემოჰყავთ. ცხინვალში სულ 8 მანქანა გვყავს, მაგრამ გამოძახება იმდენად ხშირი არ არის, რომ ყველა დაკავებული ყოფილიყო.

ტატუნაშვილზე არც კი ვიცოდით, რომ ქართველი იყო. მერე გაირკვა. აქ ხომ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ... გაგვიკვირდა, რადგან ქართველებს, ძირითადად, საზღვრის გადაკვეთის გამო აკავებენ და თანხის გადახდის შემდეგ უშვებენ. ისიც გამიკვირდა, რომ გვამი მორგის ნაცვლად, სადაც შესაბამისი ტემპერატურაა, რეანიმაციაში მოათავსეს, რაღაც დროის შემდეგ კი გაქრა...

უკვე აღარაფერი გვიკვირს. აქ სამართალიც შერჩევითია. შარშან ერთი ბიზნესმენის შვილმა მანქანით დედა-შვილი გაიტანა და ერთ კვირაში გამოუშვეს - ძალით ხომ არ გაუკეთებია, შემთხვევით მოუვიდა და 17 წლის ბიჭს მომავალს ხომ არ მოვუსპობთო. სხვისი სიცოცხლე არაფრად უღირთ. ამას შეჩვეული ვართ და ამიტომ იზოლატორში შეყვანის დღესვე ცდილობენ შვილებისა და ოჯახის წევრების დახსნას. იქ ერთი ღამით დარჩენაც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ეს არ ეხება საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებულ ქართველებს, რომლებსაც თანხის გამო აკავებენ, ფულის გადახდის შემდეგ კი ათავისუფლებენ...

რამდენიმე დღის წინ აქაური ბიჭი მოიყვანეს, მარიხუანას მოხმარებისთვის დავაკავეთო. ნარკომანიამ წალეკა ცხინვალი. რუსეთიდან დიდი ოდენობის ნარკოტიკი შემოაქვთ, მაგრამ იმ ბიჭთან რაღაც სხვა მიზეზი ჰქონდათ და ცემით კინაღამ ამოხადეს სული. მერე პატრონი გამოუჩნდა... 10 დღე იყო მართვით სუნთქვაზე და როგორღაც გადარჩა. რადგან ცოცხალი დაუბრუნდათ, ოჯახი ხმას არ იღებს.

იგივე მოხდა ფეხმძიმე გოგოს შემთხვევაშიც - გავლენიანი ოჯახის შვილთან ჰქონდა ურთიერთობა, რუსეთიდან მისთვის ნარკოტიკი შემოჰქონდა და დააკავეს. ბიჭის ოჯახმა საქმე ისე მოაგვარა, შვილი სუფთა გამოიყვანა, ფეხმძიმე გოგონა კი სტრესისგან გარდაიცვალა. ოჯახს ამ ინფორმაციას უმალავდნენ და გვამი რამდენიმე დღე მორგში იყო...

ლალი პაპასკირი