"მაშველებმა თითქმის 2-საათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს ცხედრები მანქანიდან" - საზარელი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"მაშველებმა თითქმის 2-საათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს ცხედრები მანქანიდან" - საზარელი ავარიის დეტალები

საშინელი ტრაგედია დატრიალდა ხელვაჩაურში. ე.წ. ღვინის სახლთან მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

მათი უმრავლესობა იქვე ახლოს, სოფელ მახვილაურში ცხოვრობდა. ამ ტრაგედიას მთელი სოფელი გლოვობს. მართალია შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა, მაგრამ ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და სატვირთოს შეეჯახა. ტრაილერის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, ის სამართალდამცავებმა დაკითხვაზე მაშინვე გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე.  თვითმხილველების თქმით: "მაშველებმა თითქმის 2-საათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს ცხედრები მანქანიდან".

სამწუხაროდ, დაიღუპნენ: მამა-შვილი ვაჟა და დათო დევაძეები, თემურ ფარტენაძე, ლაშა ჩოგაძე და გია დოლიძე.

თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ თითქოს ეს ადამიანები ქორწილში მიდიოდნენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მათი ახლობლები.

როგორც ირკვევა, საჭეს გია დოლიძე მართავდა, იგი ამ ბიჭების მეზობელი უნდა გამხდარიყო. ახლობლების თქმით, გიამ ბათუმთან ახლოს, სოფელ მახვილაურში მიწა იყიდა და იქ სახლის აშენებას აპირებდა. უკვე დაწყებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები.

"ხის სახლი უყიდია გიას ხულოში, ის დაშალეს, ეს ბიჭები სახლის დაშლაში და ჩამოტანაში ეხმარებოდნენ, კოტეჯი უნდა ჩაედგა. ბათუმს ეკუთვნის უკვე სოფელი მახვილაური, ბათუმიდან სულ 5 წუთის სავალზეა, იქ მიდიოდა მშენებლობა. რამდენიმე რეისი ჩამოიტანეს და ერთი გზა ჰქონდათ დარჩენილი, იმის წამოსაღებად მიდიოდნენ და ეს საშინელება დატრიალდა. შეიძლება მსხვერპლი 6 ადამიანი ყოფილიყო, რადგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ეხმარებოდა, მაგრამ ის ადრე წავიდა სახლში და გადაურჩა სიკვდილს",- ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც მომხდარი საშინელების თვითმხილველია.

ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, რის შემდეგაც სახლებში გადაასავენეს.

გია დოლიძის ცხედარი მშობლიურ სახლში, ქედის რაიონის სოფელ კვაშტაში გადაასვენეს, იმ სახლში გიას მშობლები და ძმები ცხოვრობენ.

მეზობლები მომხდარით შეძრულები არიან.

"როგორც ვიცით, "მერსედესის" საჭესთან გია იჯდა, 41 წლის იყო, ჩვენს სოფელში, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ახალგაზრდა გახლდათ. ჭკვიანი, მოწესრიგებული, მშრომელი ბიჭი. ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობდა და მუშაობდა. სახლის ასაშენებლად მიწაც უყიდია, სადაც სახლი უნდა ჩაედგა და ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ ეს საშინელება დატრიალდა. წვალობდა, პატიოსნად ცხოვრობდა, უზომოდ კეთილი ბიჭი იყო.  ძალიან განვიცდით მომხდარს, მთელი სოფელი გლოვობს", - მითხრა გიას მეზობელმა გოდერძი ჯაყელმა. გია დოლიძეს ორი გოგონა დარჩა.

ერთი შვილი დარჩა დათო დევაძეს, რომელიც მამასთან ერთად იჯდა ავტომანქანაში. დათომ ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა და ბედნიერად ცხოვრობდა. მამასთან ერთად ეხმარებოდა იმ დღეს მომავალ მეზობელს.

უამრავ ტკივილიან სტატუსს წავაწყდი მის "ფეისბუკგვერდზე". ყველა ძალიან განიცდის მომხდარს.

"არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გავუძლებთ. ახლობელმა მითხრა, დღეს ისეთი ავარია მოხდა, საცოდაობით იწვის ქვეყანაო. ვუპასუხე, ნეტავ რატომ დადიან ასე სწრაფად მეთქი... რას წარმოვიდგენდი თუ ჩემი ორი უახლოესი ადამიანი იქნებოდა მაგ ავარიის მსხვერპლი. საშინელ ტკივილს განვიცდი, ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. დათოს ერთი შვილი დარჩა. სული მტკივა არ შემიძლია დაჯერება, რომ თქვენ აღარ ხართ. სიტყვები არ მყოფნის, რით ვანუგეშო ჩემები. შოკში ვარ, არ შემიძლია დაჯერება", - წერს დათო დევაძის ერთ-ერთი ნათესავი.

ძალიან განიცდის მომხდარს დათოს თანაკლასელი გოგონა, რომელიც მას ბავშვობიდან იცნობდა.

"5 მაისს მომხდარმა ტრაგედია შეძრა მთელი საქართველო. ჩვენი საყვარელი კლასელი იყო დათო დევაძე. ის მამასთან ერთად დაიღუპა. დათო ყველაზე თბილი, ზრდილობიანი და პატიოსანი ადამიანი იყო. დიდი ტკივილია თითოეული ჩვენთაგანისთვის დათოს დაკარგვა.

დათო 31 წლის იყო. ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სამაგალითო და საამაყო მეუღლე, მამა, ძმა და შვილი, არამარტო მისი ოჯახის, არამედ თითოეული ადამიანისთვის. შესანიშნავი ოჯახი ყავს, დღეს დათოს ოჯახში ორმაგი ტკივილია, რადგან დათოსთან ერთად მის მამას, ვაჟა ბიძიასაც დასტირიან. მინდა, დათოს, როგორც ცოცხალს, ისე მივმართო. დათო, ჩვენს გულებში ყოველთვის ცოცხალი იქნები და არასოდეს დაგივიწყებთ", - ამბობს მისი მეგობარი ირო.

როგორც ახლობლების სტატუსებიდან ირკვევა, მასაც ბევრი გეგმა ჰქონდა. დათოც აპირებდა ახალი სახლის აშენებას. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე და უბოროტო ადამიანი იყო.

დადებითად ახასიათებენ სხვა დაღუპულებსაც. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ალბათ სამართალდამცავები დაადგენენ ავარიის გამომწვევ მიზეზებს. სამწუხაროდ შედეგი მართლა უმძიმესია. ჩვენც ვიზიარებთ ამ ოჯახების ტრაგედიას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ახლობლებს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)