"5 წლის გოგონასთვის ბებიას ჩაუყრია პირში­ კრისტალები. რას წარმოიდგენდა, რა იყო?" - კვირის პალიტრა

"5 წლის გოგონასთვის ბებიას ჩაუყრია პირში­ კრისტალები. რას წარმოიდგენდა, რა იყო?"

"მაღაზიის გამყიდველმა თავის მოკვლა სცადა"

რამდენიმე დღის წინ ფოთში, არზიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ბავშვებმა ერთსა და იმავე დღეს ტკბილეულის სექციიდან ე.წ. შუშხუნა კანფეტის ნაცვლად მილების საწმენდი ქიმიური საშუალება "კროტი" შეიძინეს და მოიწამლნენ. მშობლებმა 9 წლის ლუკა ბუკია და 5 წლის მარიამ ჩხაიძე მწვავე ინტოქსიკაციით ჯერ ფოთის კლინიკაში მიიყვანეს, მერე კი რეანიმობილით თბილისში, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჩამოიყვანეს, სადაც ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუკა ბუკია უკვე შინ გაწერეს, მარიამი კი ისევ საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა... შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლიზა ბუკია, ლუკას ბებია: - იმ დღეს ლუკა მივიდა მაღაზიაში, შუშხუნა კანფეტის ყიდვა უნდოდა. ნახა უცხო შეფუთვის პაკეტი, რომელიც ტკბილეულთან ერთად იდო. "კროტი" აღმოჩნდა... არ ვიცი, რა უნდოდა ტკბილეულთან ამ ნივთიერებას. ალბათ, არც გამყიდველმა იცოდა, რა იყო, თორემ როგორ მისცემდა ბავშვებს. ისეთი ლამაზი შეფუთვა აქვს, ბავშვი კი არა, ყველა შეიძლება შეცდეს. ლუკამ იყიდა, გამოვიდა, გახსნა და უცხო ფერის კრისტალები რომ დაინახა, ეუცნაურა. ორი-სამი დაიდო ენაზე. უცებ აეწვა პირი და მაშინვე სისხლი წამოუვიდა. გადაუფურთხებია, ბაბუასთან შევარდნილა და წყლით გამოურეცხავს პირი. კიდევ კარგი, არ გადაყლაპა. სახლში აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, მერე ექიმთან მივედით, რომელმაც თბილისში გაგვიშვა და იცით, რატომ? თურმე იმ დღეს ეს მოწამვლის მეორე შემთხვევა იყო და მარიამი უკვე გაგზავნილი იყო იაშვილის სახელობის კლინიკაში. ლუკას გასტროსკოპია გაუკეთეს. საბედნიეროდ, არაფერი აღმოაჩნდა, მხოლოდ პირის ღრუს დამწვრობა დაუდგინდა. ყელი შეშუპებული აქვს. ახლა დიეტაზე უნდა იყოს, ექიმის მეთვალყურეობით.

ლუკას რომ მივხედეთ, მაღაზიაში მივვარდით იმის გასარკვევად, როგორ აღმოჩნდა ბავშვის ხელში მომწამვლელი ნივთიერება. ღმერთმა იცის, ვინ შემოიტანა და დადო კანფეტების სექციაში. გამყიდველიც გაოგნებული იყო. ბავშვს ბევრჯერ მოაკითხა, გვითხრა, არ ვიცი, როგორ მოხვდა "კროტი" კანფეტებთანო. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ გამყიდველი უფრო ყურადღებით ხომ უნდა იყოს, მით უმეტეს ბავშვებთან? მადლობა ღმერთს, გადავრჩით.

იმ გოგონასთვის, მარიამ ჩხაიძისთვის, ბებიას ჩაუყრია პირში კრისტალები. რას წარმოიდგენდა, რა იყო? ბავშვებმა ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა დროს იყიდეს ეს ნივთიერება. სულ ორი პაკეტი იყო მაღაზიაში. იმ საწყალმა გამყიდველმა ქალმა თავის მოკვლა სცადა. ისიც ადამიანია, განიცადა. ისე ცუდადაა, სასწრაფო სასწრაფოზე მოდის. გვეცოდება, მაგრამ მისი დაუდევრობით ვიღუპებოდით.

"კროტი" საშიშია ჯანმრთელობისთვის

"კროტი" ქიმიური საშუალებაა, რომელიც დაბინძურებული მილების გასაწმენდად გამოიყენება. ის შეიცავს ნატრიუმის ჰიდროქსიდს. ამ აქტიური ნივთიერების შემცველობა 40-60%-ია. ნატრიუმის ჰიდროქსიდი შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში.

"კროტი" ასევე შეიცავს:

გამოხდილ წყალს (თხევადი პრეპარატის შემთხვევაში–25%-მდე);

კალიუმის ჰიდროქსიდს (თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი, კრისტალური ნივთიერება, რომელიც წყალში კარგად იხსნება. იყენებენ საპნის წარმოებაში);

ანიონოგენურ ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებას (გამოიყენებენ საწმენდ საშუალებებში);

ეთილენედიამინტეტრა ძმარმჟავას (უფერო, წყალში ხსნადი კრისტალები. გამოიყენება როგორც სამედიცინო, ისე სამრეწველო მიზნებისთვის).

ასეთი ქიმიური შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია და მისი გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

ნანა ფიცხელაური