"თუ სისტემა მოინდომებდა, ყველაფერს აღიარებინებდნენ ადამიანს" - კვირის პალიტრა

"თუ სისტემა მოინდომებდა, ყველაფერს აღიარებინებდნენ ადამიანს"

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-27)

"ერთი პატიმარი გვყავდა, სოფო, რომელიც დღესაც ამბობს, პუტინის და ვარო"

"ქალი ყოველ დილა გაჰყავდათ და სცემდნენ"

ქალთა კოლონიის ყოფილმა უფროსმა გულიკო ნადარეიშვილმა თავისუფლებააღკვეთილი ქალების ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდის თხრობა განაგრძო.

ქურდებად დაბადებულები?

ღმერთმა იცის, რამდენჯერ იჯდა ქურდობის გამო იამზე კვიკვინია. კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ დიდუბის ეკლესიასთან შემხვდა. 1993 წლის ზამთარი იყო. იამზემ დაიჩივლა, ღამის გასათევი არსად მაქვსო. ვკითხე, აქ რატომ ხარ, სამეგრელოში, შენს სოფელში რატომ არ ბრუნდები-მეთქი. მშობლები მოხუცები არიან, სოფელში ვერაფრით ვირჩენთ თავს, ქალაქში კი საქმე გამოვნახე. ჩემს ნათესავს კონტეინერებით მოაქვს შაქარი (მაშინ შაქარი არ იშოვებოდა) და იმას ვყიდიო. იქ, სადაც აქამდე ღამეს ვათევდი, ვეღარ მივდივარ, ამაღამ ქუჩაში უნდა დავრჩეო.

ქუჩაში რა გინდა, ჩემთან წამოდი-მეთქი. მაშინ ლუიზა შაკიაშვილი პარლამენტარი იყო და ჩემთან ცხოვრობდა, რადგან პარლამენტთან ახლოს არის ჩემი სახლი. როგორც ჩანს, ქურდს რა სიკეთეც უნდა გაუკეთო, თავისას არ მოიშლის. ლუიზას ახალთახალი ღუნღულა სვიტრი ჰქონდა კარადაში და იამზე კვიკვინიას ის სვიტრი მოუპარავს. ჩემი შვილის მომვლელს დაჰპირებია, - ორ ტომარა შაქარს მოგიტანო, 50 დოლარი გამოურთმევია და გაქრა.

წლების შემდეგ ისევ ქურდობის გამო შემოიყვანეს კოლონიაში. ჩვენთან მიღებაზე რომ შემოვიდა, წუხილიც ვერ შევატყვე თავისი საქციელის გამო.  სხვა ჩემს ადგილას, ალბათ, კარცერში უკრავდა თავს ქურდბაცაცას, მაგრამ დავინდე.

კოლონიის უფროსობის დროს არც ერთი ქალი არ ჩამისვამს კარცერში. ქალი ციხეში რომ მოხვდება, ჯერ ის არის საშინელება და მე კარცერში ჩამესვა? კვიკვინიასთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცოდა, რომ გამქურდა. ეს ამბავი პატიმრებმაც გაიგეს და ჩემთან ამოვიდნენ. გულნარა კონსტანტინოვნა, გვითხარით, მართლა მოგპარათ რამეო? კი მომპარა, მაგრამ მაგას რომ რამე დაუშავოთ, თქვენ ჩაგსვამთ კარცერში-მეთქი. რას დამიჯერებდნენ? სახლში რომ წამოვედი, კვიკვინია გვარიანად მიუბეგვავთ.

ეს მოგვიანებით გავიგე, არც პატიმრებს უთქვამთ ჩემთვის და არც კვიკვინიას. საოცარი ქალი იყო. ისე იყო გაუხეშებული, ადამიანური აღარაფერი ჰქონდა. ბოდიში მაინც მოეხადა, მაგრამ სულ არ ანაღვლებდა თავისი ავქალობა.

ე.დ. გვყავდა ერთი. ცალხელა იყო, მაგრამ ძალიან მარჯვე ქურდობაში. ვკითხე, რად ქურდობ-მეთქი და ერთ ამბავს მომიყვა: ერთხელ ციხიდან ახალი გასული ვიყავი და გადავწყვიტე, აღარ მექურდა. ერთ დღეს ქორწილში მივდიოდი. ჯერ ავტობუსით უნდა მემგზავრა, მერე კი მანქანაში უნდა გადავმჯდარიყავი. ვზივარ ავტობუსში და წინ ერთი ქალი დამიჯდა. არც სამკაული უჩანდა და არც მდიდრულად იყო ჩაცმული, მაგრამ რა ვქნა, ვიგრძენი, რომ ჩანთაში ფული ჰქონდა.

ფულს კი არ ვგრძნობდი, თითქოს ვხედავდი კიდეც. უცებ გადამავიწყდა ქორწილიც და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობაც, რომ აღარ ვიქურდებდი. ქალს გვერდით მივუჯექი და 400 მანეთი ისე ამოვაცალე ჩანთიდან, ვერაფერი გაიგო.

ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი, ჩავჯექი მანქანაში და ქორწილში წავედიო. მერე ნანობდა. ქორწილში რომ არ წავსულიყავი და შინ გამოვბრუნებულიყავი, ფულის პატრონი ვერ მიპოვიდა, მაგრამ თურმე გაჩერებაზე ხალხმა დამინახა, როგორ მანქანაშიც ჩავჯექი. გაქურდული ქალი მილიციელთან ერთად მანქანით დამდევნებია. გზაში მიმავალი დამაკავეს. ძალიანაც არ მინდა ვიქურდო, მაგრამ როდესაც ვინმეს ფული აქვს, თითქოს რენტგენივით ვხედავ და მერე თავის გაკონტროლება მიჭირსო.

ვერაგი საქმროს დაღუპული

სოხუმელი პატიმარი გვყავდა, ლილი საჯაია. დაპატიმრებამდე დრანდის მატარებლების სადგურის მოლარედ მუშაობდა და ფულის გაფლანგვის გამო დაიჭირეს. ლილი რისი გამფლანგველი იყო? უდანაშაულო ქალი შეყვარებულის შურისძიების მსხვერპლი გახდა, მაგრამ ვის დააჯერებდა. ლილი საჯაია ბავშვობაშივე დაუნიშნავთ ერთ აფხაზ ბიჭზე. გავიდა წლები, დანიშნულები გაიზარდნენ. ლილი ანგელოზივით გოგო დადგა, მისი საქმრო კი შეუხედავი, გაუნათლებელი, უხეში და საზარელი ადამიანი იყო. ვერ იტანდა გოგო დანიშნულს და როგორ გაჰყვებოდა? ლილიმ უარი თქვა, იმან კი როგორ თუ არ გინდივარო და შურისძიება გადაწყვიტა.

ლილის მატარებლის ბილეთები მოჰპარა. საიდან მოიტანდა გოგო ბილეთებს ან ფულს? დაიჭირეს უბედური და 6 წელი მიუსაჯეს. ციხეში რომ შევხვდი, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. კოლონიის ფაბრიკაში ხარისხის ოსტატად ვმუშაობდი. ძალიან მომწონდა ეს კეთილშობილი ახალგაზრდა ქალი. ჩემი კურსელები დაუსწრებლად იცნობდნენ ლილის. მის ამბავს რომ ვუყვებოდი, მეც ვტიროდი და მეგობრებსაც ვატირებდი.

ლილი რომ გაათავისუფლეს, წასასვლელი არსად ჰქონდა და ჩემთან წამოვიყვანე. მე და ჩემს მეგობრებს სად არ დაგვყავდა. მთელი თბილისი მოვატარეთ და სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ. ლილი სოხუმში რომ დაბრუნდა, მიმოწერა გვქონდა ერთმანეთთან. აღარ გათხოვილა. დისშვილი ჰყავდა და ზრდიდა. ერთ დღეს სამსახურში დაურეკავთ ლილისთვის, შენი დისშვილი ცუდად არის და სასწრაფოდ შინ მოდიო.

ტაქსით გავარდნილა სახლში. ეზოში მისულს ბევრი ხალხი რომ დაუნახავს, უფიქრია, ეტყობა, მოკვდაო და კიბეზე ასვლისას გაუსკდა გული. ლილის დაღუპვის ამბავი შემთხვევით შევიტყვე, რადგან მაშინ სოხუმში ვიყავი და მის დაკრძალვაზეც მივედი. აი, ასე დაღუპა ვერაგმა საქმრომ ეს კეთილშობილი ქალი.

რეპეტიტორების სკანდალი

ერთხანს საშინელი რეპრესიები დაიწყო რეპეტიტორების წინააღმდეგ. იცით, რა ქალები მოყვნენ ამ ბადეში? ჩვენთან 7 პედაგოგი იხდიდა სასჯელს რეპეტიტორობის გამო. იმდროინდელი განუკითხაობის ბრალი იყო მათი ციხეში გამოკეტვა. 3 და 4 წელი ჰქონდათ მისჯილი. ზოგისთვის დანაშაული რომ დაემძიმებინათ, დააბრალეს, აბიტურიენტების მშობლებს ფულს ართმევდნენ და ჰპირდებოდნენ, შვილებს უმაღლესში მოგიწყობთო.

ზოგიერთს ათქმევინეს, მართლაც ვაწყობდით საქმეებს ინსტიტუტებშიო. თუ სისტემა მოინდომებდა, ყველაფერს აღიარებინებდნენ ადამიანს. ქალი, მით უმეტეს, უძლური და უმწეო იყო ასეთ დროს. ერთმა პატიმარმა მითხრა, ხომ მაგარი გგონიათ თავი, ერთი საათითაც რომ მოგიწიოთ ჯალათ გამომძიებლებთან ყოფნამ, ნებისმიერ დანაშაულს აღიარებთო.

არიფი "ნარკობარონესები"

ერთი ოსი ქალისთვისაც უნდოდათ ნარკოტიკებით ვაჭრობა ეღიარებინებინათ და  საშინლად აწამებდნენ თურმე. ყოველ დილას გაჰყავდათ და გამეტებით სცემდნენ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა და იცით, რა მითხრა? კონსტანტინოვნა, კაპეზეში ყოფნისას სახეში ცემა შაქარი იყო, ფეხებით მკიდებდნენ და ისე მირტყამდნენ. ნარკოტიკებთან შეხება არ მქონია და როგორ ვაღიარებდი? დილით გაღვიძების მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ჩემი წამება დაიწყებოდაო.

ნარკოტიკების გამო იხდიდა სასჯელს ერთი საჩხერელი ნადირაძის ქალიც. ნარკოტიკის რა იცოდა? თურმე ცხინვალში ყოფილა ნათესავებთან და წამოსვლისას ვიღაცას ჩანთა გამოუტანებია, საჩხერეში დაგხვდებიან, გამოგართმევენო. მართლაც დახვდნენ, მაგრამ სამართალდამცველები. ჩანთაში ნარკოტიკი ყოფილა, ორი შვილის დედას ხელში დაუჭირეს ნარკოტიკი და ციხეს ვინ გადაარჩენდა. ისეთი გამოუსვლელი ქალი იყო, არც იცოდა ნარკოტიკი რა იყო, მაგრამ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა. მთელი კოლონია იწვოდა მისი ცოდვით.

"დამნაშავე" ბებოები

ერთი 80 წელს მიტანებული პატიმარი მყავდა, გვარად ხიდაშელი. ყველა ბებოს ეძახდა. სიძის მკვლელობის გამო 10 წელი ჰქონდა მისჯილი. საქმეში ეწერა, "მოხუცმა სიძე მოკლა, ჩემოდანში ჩადო და მტკვარში გადააგდო". იცით, როგორ გასკდა ეს ამბავი? ჩემოდანი, რომელშიც სიძის გვამი იდო, ტაქსით მიიტანა მტკვრამდე. ჩემოდნიდან გამოსული სისხლი მძღოლს შეუმჩნევია და მილიციას გააგებინა. ბებომ გვამი კი გადააგდო მტკვარში, მაგრამ ვერ გადაურჩა სასჯელს.

დალი ხოდაშნელაშვილი, ყოფილი პატიმარი: - კოლონიაში ამბობდნენ, სინამდვილეში მკვლელი "ბებოს" ქალიშვილია და შვილის დანაშაული დედამ დაიბრალაო. რადგან ძალიან მოხუცი იყო, ბებო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ხომ ასეთი საშინელი მუხლით იხდიდა სასჯელს, ისეთი ბუნების იყო, მთელ კოლონიას უყვარდა. რომ ათავისუფლებდნენ, ქალებმა ხელში აიტაცეს და ისე წაიყვანეს კარისკენ. ბებო მთელმა კოლონიამ ტაშით გააცილა.

გულიკო ნადარეიშვილი: - კოლონიაში მუშაობის განმავლობაში ორი 80 წელს გადაცილებული ქალი იხდიდა სასჯელს. ერთი ბაკურიანიდან იყო. შეცდომით სხვა წამალი მიუცია შვილიშვილისთვის. ბავშვი გარდაიცვალა და რძალმა დააჭერინა დედამთილი. მეორე ბებოს კი შვილიშვილის უმაღლესში მოსაწყობად მიუცია ვიღაცისთვის ფული და ამის გამო დააპატიმრეს.

"პუტინის და"

ერთი პატიმარი გვყავდა, სოფო, რომელიც დღესაც ამბობს, პუტინის და ვარო. "პუტინის და" ექთანი იყო, აბორტმახერობდა და ამიტომ მოხვდა ციხეში. აბორტმახერობასთან ერთად გვარიანად ეშმაკიც იყო. კოლონიის ფაბრიკაში ერთი ასაკოვანი უშვილო ინჟინერი მუშაობდა. სოფო მას თურმე კოლონიაში დაუახლოვდა და მასთან ურთიერთობა გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელა. სოფო დაფეხმძიმდა,  ბავშვი გააჩინა და ჩემს თანამშრომელს უმტკიცებდა, შვილი შენგან მყავსო.

ქალმა მოახერხა, რომ კაცის ცოლსაც შვილად მიეღო ბავშვი. მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ სოფომ მოხუცები მოატყუა. ჩემი თანამშრომლის ცოლი რომ გარდაიცვალა, ქელეხზე ჩემს თანამშრომლებს მისი შვილის სადღეგრძელო დაულევიათ.

ამის შემსწრე კაცის ძმისშვილებს უთქვამთ, რა იცით, რომ ის ბავშვი ნამდვილად ჩვენი ბიძაშვილიაო და ბიძისთვის უთხოვიათ, დნმ-ანალიზი გაიკეთე და თუ ბავშვი მართლაც შენი შვილი აღმოჩნდება, არაფერს მოვაკლებთო. ამ კაცს დაუბარებია სოფო, ანალიზის გაკეთება მოუთხოვია და დაჰპირებია, მთელ ჩემს ქონებას ბავშვს დავუტოვებო, მაგრამ ქალმა უარი თქვა. ეტყობა, იმ კაცისაგან არ ჰყავდა შვილი.

გისოსებს მიღმა მოხვედრილი ქალების ბედი მხოლოდ მე კი არა, კოლონიის თანამშრომლების 80%-ს საკუთარ ტკივილად მიაჩნდა. დღეს ქალთა კოლონიის ხელმძღვანელი ჩემი ყოფილი თანამშრომელი მედიკო ალანიაა. მიხარია, რომ მასზეც ბევრი კარგი მესმის.