"რა არის პრიორიტეტული - ბიუჯეტის შევსება, თუ ადამიანების გადარჩენა?"
"რა არის პრიორიტეტული - ბიუჯეტის შევსება, თუ ადამიანების გადარჩენა?"
ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყველაზე ცოტა გარდაცვლილი 2011 წელს დაფიქსირდა. მაშინ სანქციები ბევრად გამკაცრებული იყო. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო, დღეს - 50-ია, დაწესებულია ფასდაკლება მათთვის, ვინც დროზე გადაიხდის ჯარიმას

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება: "ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში გარდაიცვალა 11 და დაშავდა 30-ზე მეტი. მეგობრები,­ ნათესავები, მშობლები, ძმები, დები, ბავშვები, ტურისტები საქართველოს გზებზე ტოვებენ სიცოცხლეს. საქართველოს მთავრობავ, რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ექსპერტების, მსოფლიო ბანკის,
გაეროს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება?! რატომ არ მოქმედებთ?! არასდროს თქვათ,"მოხდა უბედური შემთხვევაო, ამას ჰქვია მკვლელობათა სერია! ყოველგვარი გადამეტების გარეშე: ვნადგურდებით!!!"
"კვირის პალიტრა" დავით მესხიშვილს­ დაუკავშირდა:

- როდესაც მივიღეთ პირველი ცვლილებები - უკონტაქტო პატრულირება, ქულათა ცვლილება და სხვა, მაშინვე ვამბობდით, რომ უნდა გაგვეგრძელებინა რეფორმები. გვქონდა უკმაყოფილების განცდა
ზოგიერთ საკითხზე, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებულ სანქციებზე. კანონმდებლობა მთლიანად მორგებულია მთვრალ პირზე.

- ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობას ხომ ართმევენ?..

- 6 თვით, რაც არაფერს ნიშნავს. 3 თვის შემდეგ შეუძლია გამოიტანოს, თუ 1500 ლარს გადაიხდის, ან საერთოდ, შეი­წყალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. მაგალითად, ლიტვაში ნასვამ მძღოლებზე ადმინისტრაციული პატიმრობაც­ არის დაწესებული და 12-წლიანი მართვის უფლების შეჩერებაც, ჩვენი კანონმდებლობა კი ძალიან ლოიალურია. ვებრძვით მხოლოდ შედეგებს და მიზეზები გვავიწყდება. მიზეზი კი არის ის, რომ მართვის მოწმობას უცოდინარი ადამიანი იღებს. არ იცის ქალაქის რეალურ სივრცეში საჭის მართვა, ვერ დადის წვიმაში, თოვლში, მოყინულზე, ღამე... დახურულ მოედანზე 2-3 გაზეპირებული მოძრაობის გაკეთების შემდეგ მოწმობას იღებს. რამდენი ვიცი, რომ ჯერ მართვის მოწმ­ობა აიღო და მერე დაიწყო მანქანის მართვის სასწავლად სიარული.

- მეც მომისმენია, ინსტრუქტორი როგორ ინტერესდებოდა, გამოცდის ჩასაბარებელი მართვა­ გასწავლო თუ რეალურ სივრცეში სამოძრაოო?

- ასეა. შეიქმნა ავტ­ო­სკოლები, რომელთა ნაწილი კოდირებითა და ათასგვარი ხრიკით ასწავლის თეორიული გამოცდის ჩაბარებას. უცხო ენაზე რომც იყოს ტესტი შედგენილი, მაინც ჩააბარებ კოდირების გზით. რეალურად პროგრამის მოტყუებას ასწავლიან. ამ სიცრუეს მივყავართ მსხვერპლამდე.

- ისეთი უწყება თუ არსებობს, რომელიც ინსტრუქტორებს ამზადებს?

- სამწუხაროდ, არა, ამაზე წლებია ვსაუბრობთ და შედეგამდე ვერ მივედით. 1-ლი სექტემბრიდან არა მარტო დახურულ მოედანზე, არამედ ქალაქში, რეალურ სივრცეშიც ჩატარდება გამოცდები.­ ეს სასიკეთო სიახლეა, მაგრამ ძირეულ შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ, რომ სწავლებაა მთავარი. უფრო დიდი პრობლემაც გვაქვს - ტრანსპორტის სფერო გაფანტულია ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროებში, ზოგიერთი საკითხი ეხება მუნიციპალიტეტებსაც, ამ უწყებებს შორის კი კოორდინირება არ არის დამაკმაყოფილებელი და რაც მთავარია, ოპერატიული. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არსებობს.

უნდა არსებობდეს ერთი სამი­ნისტრო, რომელიც ტრა­ნსპორტის საკითხების "გამ­წევი ძალა" იქნება. მეტიც - მართვის მოწმობასაც ეს სამინისტრო უნდა გასცემდეს და საგზაო უსაფრთხოებაზეც მუშაობდეს.

დღეს მართვის მოწმობას გასცემს ერთი უწყება და იგივე უწყება გართმევს. ინტერესთა კონფლიქტია. მართვის მოწმობას უნდა გასცემდეს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და აკონტროლებდეს შსს. მთელი სისტემის დესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს.
ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყველაზე ცოტა გარდაცვლილი 2011 წელს დაფიქსირდა. მაშინ სანქციები ბევრად გამკაცრებული იყო. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო, დღეს - 50-ია (დაშვებულზე 15-დან 40 კმ/სთ-ით მეტი), დაწესებულია ფასდაკლება მათთვის, ვინც დროზე გადაიხდის ჯარიმას. ფასდაკლება სინამდვილეში ხომ ბიუჯეტის შევსებაა. ჩვენთვის რა არის პრიორიტეტული - ბიუჯეტის შევსება თუ ადამიანების გადარჩენა?
როდესაც ქვეყანაში ყოველწლიურად ავტოავარიებში 600-700 კაცი კვდება, ვერ ვხვდები, უარესი რა უნდა მოხდეს, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად დაინტერესდეს ამ საკითხით.

107 დაღუპული 3 თვეში

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მონაცემებით - 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა­ 107 კაცი. გასული წლის სტატისტიკით: 2017 წელს ქვეყანაში 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 8 461 კაცი, გარდაიცვალა - 517.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?