შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ შს მინისტრი და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები? - კვირის პალიტრა

შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ შს მინისტრი და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები?

"ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლმა და მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.

"ჩვენ ვართ მზად განვიხილოთ ყველა საკითხი და პასუხი გავცეთ ყველა კითხვის ნიშანზე, რომელიც არსებობს პარასკევის ღონისძებასთან დაკავშირებით. დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, ამაზე ვისაუბროთ...

შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი და მათგან ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს, რათა შევძლოთ უფრო სწრაფად გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს. მეორე იქნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. დღეს ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან, საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სპეცოპერაცია შსს-მ უშუალოდ ღამის კლუბებშიც ჩაატარა.

"შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირი განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"