თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა

თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გრიგალაშვილს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. პროკურატურამ ასევე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც 20 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად. ბრალის დამძიმების მიუხედავად, ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას გრიგალაშვილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოტიაშვილმა განუცხადა, მას უკვე დანიშნული აქვს ალტერნატიული ექსპერტიზები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"33 ჭრილობაა დადგენილი ექსპერტიზით, თუმცა არის ასევე ერთი ჭრილობა, რომელიც დაუდგენელია, თუ რა იარაღითაა მიყენებული. ზოგადად, ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და კვალიფიკაცია რამდენიც უნდა ცვალონ. გაუგებარია რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი და შემდეგ უკვე დაუმძიმეს. ამოღებული დანის ზომები და ჭრილობების ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს. გენეტიკური მასალა არ არის. თითის ანაბეჭდები არ არის და შესაბამისად, რითი ამტკიცებენ ბრალს, გაუგებარია. მე უკვე დავნიშნე ალტერნატიული ექსპერტიზები - სასამართლო - სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზები", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აირჩევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა 22 მაისაა ჩანიშნული.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

"აღიარა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა" - რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში?!

"ინტერპრესნიუსი"