"ბიჭმა ხორცსაკეპთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა... იქიდან მანქანა უკვე ხორცს იწოვს" - კვირის პალიტრა

"ბიჭმა ხორცსაკეპთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა... იქიდან მანქანა უკვე ხორცს იწოვს"

საშინელი ტრაგედია დატრიალდა ისრაელის ქალაქ ხოლონში, სადაც საქართველოს მოქალაქე ხორცის ქარხანაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხორცსაკეპ მანქანაში ჩავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა გაავრცელეს. როგორც გავარკვიეთ, გარდაცვლილი 30 წლის ფ.ე.-ა.

გვესაუბრება ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ასმათ გოგალიშვილი:

- ხოლონში იმდენი ქართველია სამუშაოდ ჩამოსული, მგონი, საქართველოში აღარ ცხოვრობს ამდენი... ამ ხალხიდან ზოგი სახლებს ალაგებს, ზოგიც მოხუცებს უვლის, უმეტესობა კი ხორცის ქარხნებში მუშაობს. საქმე ის არის, რომ ქალაქში საკმაოდ ბეევრი ხორცის ქარხანაა, შესაბამისად, იქ მოწყობაც შედარებით უფრო ადვილია. ასე რომ, ქარხანაში დასაქმებულ ერთ ქართველს, სხვა ახლობელი მიჰყავს სამუშაოდ.

- გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ისრაელში არალეგალურად ცხოვრობდა.

- ასე ცხოვრობს უცხოეთში ქართველების უმეტესობა.

- რამ გამოიწვია ტრაგედია, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო?

- ისრაელის სახელმწიფო გამართულად მუშაობს. უბედურება თავად, ჩვენი - ქართველების ყოფაშია, - მსგავს დანადგართან ადამიანი ისე უნდა დადგეს, რომ მათთან მუშაობისა და უსაფრთხოების წესები კარგად იცოდეს. ჩვენ კი ოღონდაც სამუშაო ვიშოვოთ და უსაფრთხოებას ვიღა დაეძებს!

როგორც მითხრეს, ბიჭმა ხორცსაკეპთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა, რაც დაუშვებელი იყო. იმ წერტილიდან, ხორცსაკეპი ხორცის შეწოვას იწყებს. ჩათრეულმა ხელმა მთელი სხეული მიიყოლა. ამ დროს ადამიანის გადარჩენა ყოვლად შეუძლებელია. მანქანა მაქსიმალურად მოკლე დროში გააჩერეს, ქარხანაც გაჩერდა, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო.

…ისრაელში გარდაცვლილი ემიგრანტის გადმოსვენებაზე უკვე მუშაობს ისრაელში საქართველოს საელჩო. მათი განცხადებით, გადმოსვენების შესაბამისი პროცედურები დაწყებულია. ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილის ახლობელს.

- როგორ დაიღუპა, ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს, ამ საშინელებაზე ლაპარაკი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

- გარდაცვლილი სად ცხოვრობს, სად დაიკრძალება?

- გლდანში ცხოვრობდა. ჩამოვა მისი ცოლი და გადაწყვეტს, სად დაკრძალოს.

- გარდაცვლილის მეუღლეც უცხოეთშია?

- დიახ. ისრაელში მეუღლესთან ერთად იყო სამუშაოდ წასული. რაც შეეძლოთ, ცდილობდნენ ფეხზე დადგომას. ადამიანურად ცხოვრება უნდოდათ. ყველა თავისი საქმის მოგვარებას ცდილობს. ეს ამბავი ჟურნალისტების გარდა ვის აინტერესებს? ჩვენ ახლობლები ვიგლოვებთ და მოვიგონებთ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)