"თავად ხარ ბარიგა" - ხმაური ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმის დაკითხვისას - კვირის პალიტრა

"თავად ხარ ბარიგა" - ხმაური ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმის დაკითხვისას

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს 12 მაისს დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის საქმის მთავარი მოწმის, 1981 წელს დაბადებული სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დანაშაულის ფიგურანტ ხუთ პირს ამხელს, მათ შორის ქეთი მურუსიძესაც.

ირკვევა, რომ სწორედ მათიკაშვილი გამოიყენა პროკურატურამ საკონტროლო შესყიდვებისას და მისი ჩვენებები საქმის მთავარი ღერძია.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო მათთვის სასამართლო სხდომის ჩანიშვნა და მთავარი მოწმის დაკითხვა, მათი მტკიცებით, ეს სპეციალურად გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომ სოლომონ მათიკაშვილი აღარ წარსდგეს სასამართლოზე საქმის არსებითი განხილვისას.

სხდომას არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძის ადვოკატი, შესაბამისად ის და სხვა ბრალდებულების ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოწმის დაკითხვა გადადებულიყო, თუმცა მოსამართლე ხორავამ არ გაითვალისწნნა ეს მოთხოვნა და სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვა დაიწყო.

როგორც საქმის მთავარმა მოწმემ განმარტა, საქმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დაიკითხოს სწორედ არსებით განხილვამდე, რადგან აპირებს ქვეყნის დატოვებას და 6 თვით უცხოეთში სამუშაოდ წასვლას.

როგორც პროცესიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, სოლომონ მათიკაშვილის დარბაზში შესვლას მოჰყვა ხმაური. ადვოკატის თქმით, ბრალდებულები მოწმეს უყვიროდნენ, რომ ის არის ბარიგა და წამალს მისგან ყიდულობდნენ.

იხილეთ ასევე: "დანაშაულის თანამონაწილე ვხდებოდი, ამიტომ პოლიციას მივმართე" - ვინ არის ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმე?

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)