"გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით­ და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო"- რა წერია მთავარი მოწმის ჩვენებაში? - კვირის პალიტრა

"გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით­ და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო"- რა წერია მთავარი მოწმის ჩვენებაში?

ადვოკატები საეჭვოდ მიიჩნევენ, რომ მოწმეები თავიანთი სურვილით მიდიან პოლიციაში და თანამშრომლობას სთავაზობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6 საათზე მეტხანს განიხილავდა 12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს. თითოეულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაზე მძიმეა 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდება - ის სამ ეპიზოდში ამხილეს, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. "ბასიანში" დადის, სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე "გუდვილთან" შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა "ბასიანში" მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ "ექსტაზის" 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, "ბასიანში" მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი - 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე "ბასიანში" შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი "ექსტაზი" გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე.

ბრალდებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ირწმუნება, რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია: "დარახველიძემ 3 წლის წინ გაიცნო ეს უცხოელი ქალი, ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ ღამის კლუბებში. ჩემი ვარაუდით, ეს ქალი პოლიციას ჰყავდა დაკავებული, რადგან თვითონ ნარკომომხმარებელია და შემდეგ აგენტად გამოიყენეს. მას შემდეგ რაც დარახველიძეს სთხოვა, მისთვისაც წამოეღო "ექსტაზი", ბორისმა ინტერნეტით იყიდა აბები, მიუტანა და გამოართვა ის 700 ლარი, რაც გადახდილი ჰქონდა. მეორე ეპიზოდშიც ჩანს, ქალი როგორ სთხოვს "ექსტაზის" ყიდვას, დარახველიძე კი ეუბნება, ფული არ მაქვს და ვერ გამოვიწერო. ყველა ვიდეოჩანაწერში ეკითხება ქალი, რამდენ ხანში მომიტანო, ბიჭი კი პასუხობს, ახლა სმს-ს გავგზავნი, მეტყვიან ადგილს და მოვიტანო. დარახველიძე ამბობს, გამიკვირდა, რომ მთხოვა, რადგან როცა მოდიოდა, თვითონ მოჰქონდა და ტაბლეტს ვიყოფდითო... 23 წლის ბიჭს ბარიგობას რომ "ჰკიდებენ", საშინელებაა".

კიდევ ერთი ბრალდებული, ჯემალ ელიავა, სტუდენტია. მის საქმეში მოწმედ ფიგურირებს ნიკა ფოლადაშვილი, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ ელიავა "ბასიანში" ყველას დასანახავად ყიდდა ნარკოტიკს, მყიდველებს შორის კი მოზარდებიც იყვნენო. საქმის მასალების მიხედვით, ფოლადაშვილმა თავისი სურვილით მიმართა გამოძიებას და თანამშრომლობა შესთავაზა, მიუთითა, რომ იცოდა 30 მარტს ჯემალ ელიავა "ბასიანში" ნარკოტიკს გაყიდდა. სამართალდამცავებმაც ფოლადაშვილს თანხა მისცეს და ფარული კამერა დაუმაგრეს... ფოლადაშვილმა ელიავას თანხა გადასცა და შეიძინა 2 ტაბლეტი ემ-დე-ემი. საქმის მასლებით ირკვევა, რომ ელიავას დაკავებისას არც პირადი, არც ბინის ან მანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკი არ უპოვიათ.

თორნიკე ჩუტკერაშვილს მოწმე ზურაბ რუსიშვილი ამხელს. ამბობს, რომ ის "ბასიანში" დაუფარავად ყიდდა ნარკოტიკს, ემ-დე-ემის თითო აბს 300 ლარად და კლიენტებად მასაც ჰყავდა მოზარდები. საქმის მასალებით, რუსიშვილი თავად გამოცხადდა პოლიციაში და თანამშრომლობა შესთავაზა. სათანადო აღჭურვილობითა და თანხით რუსიშვილიც გაუშვეს "ბასიანში". საქმის მასალებით, ჩუტკერაშვილი და რუსიშვილი ერთმანეთს 31 მარტს შეხვდნენ. რუსიშვილმა მას გადასცა თანხა და მიიღო ნარკოტიკი. პროკურატურის თქმით, ჩუტკერაშვილის ბრალეულობაც ვიდეოჩანაწერით დასტურდება. თუმცა მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ ვიდეოფირში მისი დაცვის პირისთვის თანხის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება: "ჩუტკერაშვილს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. სტუდენტია, თან განათლების ეროვნულ ცენტრში მუშაობს. ის დიღომში, "გუდვილთან" ღამის 1-ლ საათზე დააკავეს. არც პირადი, არც მანქანის და არც ბინის ჩხრეკისას მას ნარკოტიკი ვერ უპოვეს, მომხმარებელიც კი არ აღმოჩნდა. ის, რომ ნარკოტიკს აძლევდეს, ასეთი რამ ჩანაწერში არ არის. მან ნებაყოფლობით ჩააბარა ხმის, ნერწყვის და სხვა ნიმუშები... მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე ძალოვანი უწყების თანამშრომელია".

დაკავებულებს შორის არის კაფე "გალერეას" დაცვის სამსახურის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი დაკავებისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მაგრამ ეს საქმის მასალებში არ ჩანს. ადვოკატ ხათუნა ხურცილავას ინფორმაციით, მისმა დაცვის პირმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და სისხლში არაფერი აღმოსჩენია.

ადვოკატები საეჭვოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მოწმეები თავიანთი სურვილით მიდიან პოლიციაში და თანამშრომლობას სთავაზობენ.

ცნობილია, რომ გამოძიების მთავარი მოწმე ვინმე სოლომონ მათიკაშვილია. ის ბრალდებულების უმრავლესობას ამხელს. მათიკაშვილი არაერთ საკონტროლო შესყიდვაში გამოიყენეს ძალოვანებმა. სოლომონ მათიკაშვილთან უამრავი კითხვა ჰქონდათ ადვოკატებს და მისი პასუხების მოსმენას საქმის არსებითი განხილვის დროს აპირებდნენ. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, ადვოკატებს 18 მაისს შეატყობინეს, რომ მოწმის დაკითხვა სასამართლოში სასწრაფო წესით დაინიშნა და მას მაგისტრი მოსამართლე დაჰკითხავდა. სხდომა დახურული იყო და მას ვერ ესწრებოდა ბრალდებული 22 წლის ქეთი მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია, რადგან ის სხვა პროცესზე გახლდათ. ამ მოტივით, მურუსიძემ სხდომის გადადება ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ბრალდებული ქეთი მურუსიძე ცუდად გახდა და მას ორჯერ დასჭირდა ექიმის დახმარება. ჩვენი ინფორმაციით, პროცესზე მოწმე მათიკაშვილის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა და რამდენიმე ბრალდებული ბარიგობაში იქით ამხელდა მას. ვიქტორ ჟამუტაშვილის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ მოწმემ პროცესზე განაცხადა, კლუბში რაღაცები არ მომწონდა და ამიტომ გადავწყვიტე, განმეცხადებინა და ახალგაზრდები გადამერჩინაო. არადა, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ამბობენ, რომ თავად ყიდდა ნარკოტიკს მთელი 4 თვე. "პროკურატურამ გადმოგვცა მისი ფარული მოსმენის კადრები, სადაც კლუბ "გალერეაში" ერთ-ერთი თანამშრომელი ჟამუტაშვილს ურეკავს და ეუბნება, გაიგე, რა ხდება ერთ-ერთ კლუბში, იქ ვიღაც გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკითო. ამაზე ჯამუტაშვილი პასუხობს, არ დავუშვებ, რომ ჩემს კლუბში ვინმე ნარკოტიკით შემოვიდესო.

მთავარ მოწმეს ერთმა ბრალდებულმა ისიც უთხრა, გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო. მას თავად მოუყოლია ბიჭებისთვის, როგორ თანამშრომლობენ უცხოეთში პოლიციასთან და როგორ იღებენ ამის სანაცვლოდ დიდ ჰონორარებს".

სოლომონ მათიკაშვილის ჩვენებიდან:

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ გამოძიების მთავარი მოწმის, სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვის ოქმები, სადაც ის ამხელს ვიქტორ ჟამუტაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, მიხეილ მიქაძეს და ქეთევან მურუსიძეს. (გიორგი მამუკელაშვილს სხვა მოწმე ამხელს. - ავტ.) მოწმე ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის, ამიტომ ითხოვს წინასწარ დაკითხვას. ადვოკატები ეჭვობენ, რომ პროკურატურა მას სპეციალურად უშვებს ქვეყნიდან, რადგან იცის, რომ ექსპერტიზის შემდეგ მასთან უამრავი კითხვა ექნებათ. მათიკაშვილი ჩვენებებში წერს, რომ ნასამართლევი არ არის. თუმცა ადვოკატების თქმით, ის ნასამართლევია და ნასამართლობა ამჟამად გაქარწყლებული აქვს. ვარაუდობენ, რომ მათიკაშვილი პოლიციას სწორედ ნარკოტიკით ვაჭრობაზე ჰყავდა დაკავებული და შემდეგ სათანამშრომლოდ გამოიყენეს. საქმეში დევს თითოეულ ბრალდებულთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ მათიკაშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღწერს, თუ რომელ ბრალდებულს რა თანხა გადაუხადა.

"ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი... ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე "გალერეას" ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ "გალერეაში" ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი "მდმ" და "ექსტაზი" ჰქონდათ და შემომთავაზეს "მდმ" 100 ლარად, ხოლო "ექსტაზი" 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი "გალერეაში". მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი...

...24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ "გალერეაში", სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი "ლსდ". შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა...

...26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა ქეთი მურუსიძე და მითხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო ჩემთვის 100 ლარად მოეტანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს".

თეა ხურცილავა