"თუ კალანდია დაიჭირეს, საქმეს ნათელი მოეფ­ინება" - კვირის პალიტრა

"თუ კალანდია დაიჭირეს, საქმეს ნათელი მოეფ­ინება"

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 17 მაისს სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. მეორე ბრალდებულის დაკითხვას სასამართლო 24 მაისს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მოზარდთა ქუჩურ გარჩევებს 51-ე სკოლის მოსწავლეები: დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი შეეწირნენ. მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ჩვენება პოლიციამ გააქრო"

ზაზა სარალიძე, დათოს მამა: - ბრალდებულმა დაასახელა ის ორი პირი, რომლებიც მკვლელობაში მონაწილეობდნენ, მაგრამ დღემდე არ დაუკავებიათ. მათ რაღაც საგანი სჭერიათ ხელში და დათოს უქნევდნენ. დასახელებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი მიხეილ კალანდია (მასზე საჯაროდ შემიძლია საუბარი, ვინაიდან სრულწლოვანია). დაკითხულმა დაადასტურა, რომ დანას იქნევდა, მაგრამ არ უთქვამს, ვის და სად დაარტყა. ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ დათოს მკვლელობის საქმეში ოთხი მოზარდი ფიგურირებს.

პროკურატურა, სავარაუდოდ, შეეცდება ბათილად ჩათვალოს მისი ჩვენება და თქვას, ბრალდებულმა სასჯელის შემსუბუქების მიზნით დაასახელა სხვა პირებიო. არადა, ამ ბიჭმა სიმართლე თქვა.

- ბრალდებულის ნათქვამი წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენების იდენტურია?

- ამბობს, წინასწარი გამოძიებისას ძველი თბილისის სამმართველოში დამკითხეს და როდესაც იქიდან ქალაქის სამმართველოში გადავყავდი, პოლიციელები მეუბნებოდნენ, თუ იმას არ იტყვი, რასაც გეტყვით, მამაშენსაც დავიჭერთ და შენცო, ამიტომ გამომძიებელმა რაც დაწერა, იმაზეც მოვაწერე ხელიო. ეს ჩვენება საქმეში არ დევს, პოლიციამ გააქრო. ზვიად კუპრავამ გაარკვია, რომ ეს ყველაფერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებოდა. ბრალდებულს ზუსტად არ განუმარტავს, თვითონ რა და როგორ ჩაიდინა (რისი გაუთქმელობის უფლებაც ჰქონდა), მაგრამ თქვა, შემეშინდა, დანა ამოვიღე და ვიქნევდიო.

- ის თუ აღწერა, როცა მოზარდები მორიგებული იყვნენ, რის გამო განახლდა ჩხუბი?

- უნდა შერიგებულიყვნენ და რატომ დაიძაბა სიტუაცია, არ ვიცი, ჩხუბი რომ ატყდა, მეც ჩავერთეო. ბავშვების ნაწილი ამბობს, თითქოს მეორე ბრალდებულმა შეაგინა ჩემს შვილს, ხელი გაარტყა და ამაზე დაიწყო ჩხუბი, მეორენი - თითქოს დათომ სიგარეტის ნამწვი ესროლა, შეაგინა, იმან კი დაარტყა. ბევრი დაკითხულის ჩვენებით ისე გამოვიდა, თითქოს დათომ დაიწყო ყველაფერი. იოლია მკვდარზე ხელის შეხოცვა...

- ლევანზე რა თქვა ბრალდებულმა?

- ბრალდებულმა ისევ ის მოზარდი დაასახელა, რომელიც დათოს უქნევდა დანას. ლევანის მკვლელობაშიც ორი პირი მონაწილეობდაო, თუმცა არ უღიარებია, ლევანს დანა მე დავარტყიო. პროკურატურამ დაარწმუნა დადუნაშვილის ოჯახი, რომ ლევანის მკვლელი მხოლოდ ეს ბრალდებულია, ისევე, როგორც მე მარწმუნებენ, დათოს მკვლელები დაკავებული არიანო. თუ კალანდია დაიჭირეს, ამ საქმეს ნათელი მოეფინება. ვიცი, კალანდიების ოჯახმა როგორ გადაყარა შვილის ტანსაცმელი და როგორ ცდილობდნენ ბიჭის გადამალვას. მეორე მოზარდის მამა მღვდელია, ვესაუბრე და დარწმუნებულია, რომ მის შვილს დანა არ ჰქონია.

"მან მომიკლა შვილი"

ნათია საყვარელიძე, ლევან დადუნაშვილის დედა: "არ ვეთანხმები ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ ბრალდებულმა "სრული ჭეშმარიტება მოუყვა სასამართლოს". მას ბრალი ედება როგორც დათოს, ისე ლევანის მკვლელობაში. ახლა თავს იმართლებს და უარყოფს, რომ ლევანს დანა დაარტყა. არადა, მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ მან მომიკლა შვილი. სხდომაზე სხვებმაც დაადასტურეს ბრალდებულის ბრალეულობა. აღმაშფოთებელია დაცვის პოზიციაც - ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ბრალდებულმა "სრული ჭეშმარიტება" თქვა და მეორე მხრივ, აღარაფერს ამბობენ იმაზე, რომ "მოწმემ" შეცვალა ჩვენება. როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში არ მინდა ლევანის სახელი ახსენონ".

"ბრალდებულმა იმათკენ გაიშვირა თითი, რომლებმაც ამხილეს"

ხათუნა მაღლაკელიძე, დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი: "მთელი სხდომა გვესმოდა, ბრალდებული ბავშვია და მოწიწებით უნდა დავკითხოთო. ლევანიც და დათოც ბავშვები იყვნენ, მაგრამ უმოწყალოდ დაჩეხეს. თურმე ბრალდებული ციხეში მეცადინეობს, უმაღლესში ჩაბარება უნდა. ლევანი ოქროს მედალოსანი იყო, მასაც უნდოდა უმაღლესში ჩაბარება, მაგრამ... ბრალდებულს შეეძლო გულწრფელი ჩვენება ადრე მიეცა და 6 თვის გასვლას და მოწმეთა ჩვენებებს არ დალოდებოდა. მან იმ პირებისკენ გაიშვირა თითი, რომლებმაც სასამართლო პროცესზე ამხილეს. თურმე ლევან დადუნაშვილი საერთოდ არ უნახავს და სახეზეც ვერ ცნობდა. მაშინ საიდან აღმოჩნდა მის დანაზე ლევანის სისხლი და დნმ?".

ნანა ფიცხელაური