"შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს გამოძიებას"- რას ითხოვს დოდო გუგეშაშვილი? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს გამოძიებას"- რას ითხოვს დოდო გუგეშაშვილი?

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, გუგეშაშვილი ეჭვობს, რომ მასზე და მის შვილზე თავდასხმის საქმის გამოძიებას შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს, ამიტომ ამ საკითხზე მას შს მინისტრთან შეხვედრა სურს.

დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი დღეს პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ. მათ აინტერესებდათ, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გამოძიება. "ჩვენ მოვედით ჩვენი ინიციატივით. არავის დავუბარებივართ. კითხვები გვქონდა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რა ოყო ახალი და რა არა. ჩვენ პერიოდულად, დაახლოებით, ორ კვირაში ერთხელ, ხან ათ დღეში ერთხელ, ბუნებრივია ვინტერესდებით გამოძიების მიმდინარეობით. ამ თემებზე იყო საუბარი. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, მიმდინარეობს მუშა პროცესი. ტელეფონები, ლეპტოპი დაგვიბრუნეს, რომლებიც სრულად იყო დამუშავებული. დაგვიბრუნეს ასევე მისი პასპორტი. რეალურად სხვა მნიშვნელოვანი წინსვლა რომ იყოს ამ საქმეში, სამწუხაროდ, ასე არ არის. შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს დოდო გუგეშაშვილი, ვინაიდან, ბუნებრივია, შეწუხებულია იმით, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კვალი. ამიტომ მას უნდა თავისი ეჭვების შესახებ ესაუბროს მინისტრს, ვინაიდან შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს ამ გამოძიებას. თვითონ ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და რატომ ფიქრობს ასე, არ ვიცი", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია თავმდამსმელის ვინაობა, შესაბამისად, ასევე უცნობია, იმყოფება თუ არა ეს პირი ქვეყანაში. "სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც გამოძიებას არ შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტულად ეჭვი თუ აქვს ვინმეზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისიც არ გვეცოდინება, იმყოფება თუ არა საქართველოში. პირი იდენტიფიცირებული რა თქმა უნდა არ არის. იდენტიფიცირებული რომ იყოს, მაშინ ის დაკავებული თუ არა, ძებნა მაინც იქნებოდა მასზე გამოცხადებული. არსებობს ფოტორობოტი, თუმცა არ არის ჯერჯერობით იდენტიფიცირებული და მუშაობაც ამიტომ მიმდინარეობს. სხვათა შორის ფოტორობოტის შექმნაში მონაწილეობდა თვითონ დოდო გუგეშაშვილიც", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"