"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?! - კვირის პალიტრა

"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?!

რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამუშაოდ წასულმა ქართველმა ემიგრანტმა თეა (თეკია) ნიკოლაიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ინფორმაციას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრი მისი ნაცნობი ქალის დეპრესიულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ცნობილია, რომ მისი ერთადერთი, 19 წლის ქალიშვილი ლელა იტალიაში სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დედა ტრაგედიის წინა დღეს თურმე შვილს ციხეში შეხვდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ამბობენ, რომ მან ვერ გადაიტანა შვილის დაპატიმრება და ნერვებმა უმტყუნა; ნაწილი კი თვლის, რომ დედა შვილს უცხოეთის ციხეში მარტო ვერ მიატოვებდა. მათი თქმით, თეა ცხოვრებისთვის მებრძოლი, ენერგიული და პრობლემების გადამლახავი ქალი იყო, ამიტომ ვერ აუხსნიათ ტრაგედიის მიზეზი. როგორც ახლობლები ამბობენ, სიკვდილის წინ მან ქალიშვილს წერილი დაუტოვა..."

"გოგონას ბრალეულობა ჯერ არაა დამტკიცებული. ბოლო დღეებში ქალი შეუძლოდ გრძნობდა თავს, დასუსტებული იყო. რატომ ამტკიცებენ, რომ მიზეზი შვილთან ციხეში შეხვედრა იყო? გოგოს ის ტკივილიც ეყოფა, დედის გარეშე, მარტოდმარტო რომ დარჩა და იქ არავინ ჰყავს..."

"ლელამ ცოტა ხნით ადრე დაწერა სოციალურ ქსელში, რომ შეყვარებული იყო. ყველას გაგვიხარდა და გვინდოდა, ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. მერე უცებ შევიტყვეთ მისი დაჭერის ამბავი და ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი გვაქვს. ძალიან გვინდა, სიმართლე გავიგოთ. ვფიქრობთ, ლელა იყო რაღაცის მსხვერპლი და ვიღაცამ უბიძგა მას დანაშაულისკენ. დარწმუნებული ვართ, მალე გავიგებთ სიმართლეს. დედაზე იყო მიკედლებული და სულ მარტო დარჩა უცხო ქვეყანაში..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 24 მაისის ნომერში წაიკითხავთ

პ.ს.  გარდაცვლილის ახლობელი "ფეისბუკის" მეშვეობით შემდეგ მიმართვას ავრცელებს: "თხოვნა მაქვს მეგობრებო! იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი თეა ნიკოლაიშვილის ირგვლივ ამტყდარია აჟიოტაჟი, რა აღარ დაწერეს ამ ვაიჟურნალისტებმა, სიმართლე შემდეგშია: თეას შვილს 19 წლის გოგოს გზა-კვალი აურია ერთ-ერთმა ემიგრანტმა ბიჭმა, ჩაადენინა დანაშაული, სიყვარულის სახელით, ეს ბიჭი გაქრა იტალიიდან, გოგონა დაიჭირეს, დედამ ვერ გაუძლო ამ უბედურებას და თავი მოიკლა... ეხლა ჭირისუფალმა ამ ჭორების გამარვცელებლებს სდიოს თუ თავის გაჭირვებაზე იფიქროს, ამ დროს გვერდით დგომა ვიცით ქართველებმა, ხოდა შევუმსუბუქოთ ეს ტვირთი ჭირისუფალს".

თეა ხურცილავა