რას ამბობს შოთაძე მოზარდების მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შესაძლო ჩარევაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს შოთაძე მოზარდების მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შესაძლო ჩარევაზე?

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა სხვა ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. მისივე თქმით, არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა.

"მიმდინარეობს არსებითი განხილვა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ სასამართლო რა ფაქტებს მიიღებს, რა ფაქტებს ცნობს დასაშვებად. ამ განაჩენის მიღების შემდგომ, ჩვენ შესაძლებელია ჩავატაროთ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები", - აღნიშნა შოთაძემ.

მან კომენტარი მირზა სუბელიანის საკითხზეც გააკეთა.

"მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი მიცემულია პასუხისგებაში. ეს პროცესი ბოლოშია გასული და იმედი გვაქვს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით",- განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში მოპოვებული და ამოღებულია თავად გამოძიების მიერ.

"ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო ამ 5 პირის ბრალს, სწორედ ეს ვიდეოჩანაწერია. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკკიცებულება, აქვს",- განაცხადა შოთაძემ.

იხილეთ ასევე: "ეს ყველაფერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებოდა"

"ინტერპრესნიუსი"