ზაზა სარალიძე: "ფოტომასალა მიუთითებს, რომ ჩემი შვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა დანით არ მიუყენებიათ" - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძე: "ფოტომასალა მიუთითებს, რომ ჩემი შვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა დანით არ მიუყენებიათ"

პირველად ვიყავი შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან ძალა არ მყოფნიდა და ემოციებს ვერ ვუმკლავდებოდი. არ მეგონა, ეზო, სადაც მკვლელობა მოხდა, ასეთი პატარა თუ იყო. წარმოიდგინეთ 25 ბავშვი, გარშემო ამხელა კორპუსი და ამდენი თვითმხილველი. 20-მა ბავშვმა მაინც დაინახა, ვინ ურტყამდა ჩემს შვილს დანებს. ეს მეზობლებმაც ძალიან კარგად დაინახეს, მაგრამ პროკურატურამ დაამუშავა ისინი

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე სასამართლომ მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევა თითქმის დაასრულა. პროკურატურამ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალი ორ არასრულწლოვანს წაუყენა და აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად, ინციდენტში სხვა პირების დანაშაული არ გამოკვეთილა. 25 მაისს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც კვლევის დასკვნა წარმოადგინა და ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე თავდაყირა დააყენა. ალტერნატიული ექსპერტიზა ადგენს, რომ მოზარდების სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები არ არის დანით მიყენებული, არამედ,"სავარაუდოდ, მაკრატლით, ან მაკრატლის მსგავსი ბასრი იარაღით... ალტერნატიულმა ექსპერტიზამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ისედაც ბურუსით მოცული საქმე და საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. თუმცა, ამ საქმეში ჩართული მხარეები თავიანთ ვერსიებში დარწმუნებული არიან.

პროკურატურის ვერსია:

"არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული"

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ხორავას საქმე ობიექტურად არის გამოძიებული: "არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები! პროცესი სრულდება და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. არც ერთი მტკიცებულება ამ საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით".

დავით სარალიძის ოჯახის ვერსია:

"მაია ნიკოლეიშვილმა ფარდა ახადა სიმართლეს, რომ ორი დანის გარდა, სხვა იარაღიც იყო გამოყენებული"

დავით სარალიძის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში, დაკავებულების გარდა, კიდევ ორი მოზარდი მონაწილეობდა და მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ასევე აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს მფარველობს.

ზაზა სარალიძე, დათოს მამა: - მაია ნიკოლეიშვილმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა და ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც, წესით, პროკურატურას უნდა წარმოედგინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით. დაიხატა სრული სურათი, რომ ამოღებული ორი დანის გარდა, დანაშAაულის ჩადენისას ბევრი სხვა სახის იარაღიც გამოიყენეს. მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები, შესაძლოა, დანის მსგავსი ბასრი იარაღით, კერძოდ, მაკრატლით, ან მაკრატლის მსგავსი იარაღით მიაყენეს. ექსპერტმა წარმოადგინა დათოს ტანსაცმლის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია სამკუთხედი და ოვალური ჭრილობები, რომელთა მიყენებაც დანით შეუძლებელია.

ფოტომასალა მიუთითებს, რომ ჩემი შვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა დანით არ მიუყენებიათ.

- ცოტა აბსურდული ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ბიჭები "გარჩევაში" მაკრატლებით შეიარაღებულები მონაწილეობდნენ? - ექსპერტს კონკრეტულად არ უთქვამს მაკრატელი."შესაძლოა, მაკრატელი, ან მისი მსგავსი საგანი, სამკუთხედ ჭრილობას სხვა ვერაფერი მიაყენებდაო. მან პირობითად თოლია დაარქვა იმ ჭრილობას, რომელიც ფრთასავითაა და სწორი საგანი ასეთ ჭრილობას ვერ მიაყენებდა. ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ ჭრილობაზე ეს ორი დანა გამოიყენეს, მაკრატელი, თუ ქლიბი, უმნიშვნელოვანესი მაიას წარმოდგენილი სურათებია, რომლებიც პროკურატურამ დღემდე დამიმალა. ექსპერტმა ფარდა ახადა სიმართლეს, რომ ორი დანის გარდა, სხვა იარაღიც იყო გამოყენებული, რაც ან არ არის გამოძიებული, ან დამალულია. პირველად ვიყავი შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან ძალა არ მყოფნიდა და ემოციებს ვერ ვუმკლავდებოდი. დღეს ჩავთვალე, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდო და სიმართლის აღსადგენად ბრძოლა განვაგრძო. არ მეგონა, ეზო, სადაც მკვლელობა მოხდა, ასეთი პატარა თუ იყო. წარმოიდგინეთ 25 ბავშვი, გარშემო ამხელა კორპუსი და ამდენი თვითმხილველი. 20-მა ბავშვმა მაინც დაინახა, ვინ ურტყამდა ჩემს შვილს დანებს. ეს მეზობლებმაც ძალიან კარგად დაინახეს, მაგრამ პროკურატურამ დაამუშავა ისინი. გარდა ამისა, ამ ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ გაანადგურეს ფარდული, სადაც ჩემი შვილი მოკლეს. გამოძიებას აქვს დათოს საფულე, რომელშიც 50 ლარი და პირადობის მოწმობა იდო. მითხრეს, ეს ნივთმტკიცებაა და ვერ დაგიბრუნებთო. დათოს ნივთები ნივთმტკიცება თუ იყო, ის ფარდული, სადაც მკვლელობა მოხდა, არ იყო მტკიცებულება?

ლევან დადუნაშვილის ოჯახის ვერსია:

"ვიმედოვნებ, სასამართლო მაია ნიკოლეიშვილის ბოდვას მტკიცებულებად არ გამოიყენებს"

ლევან დადუნაშვილის დედა სრულად იზიარებს პროკურატურის ვერსიას და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მოსაზრებებს აბსურდულს უწოდებს:

ნათია საყვარელიძე, ლევანის დედა: - ექსპერტმა განაცხადა, რომ არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი, არ გამოუკვლევია მტკიცებულებები და იმ მასალით, რაც მიაწოდეს, მივიდა დასკვნამდე, რომ ლევანის სასიკვდილო ჭრილობა და დათოს არტერიის ჭრილობა არ არის დანით მიყენებული. ნეტავ ეს ბავშვები სადმე ცოცხლები ხომ არ არიან და ჩვენ არ ვიცით?! მაია ნიკოლეიშვილს თუ დავუჯერებთ, ლევანისთვის გულმკერდის არეში დანა საერთოდ არ დაურტყამთ. როგორც ბრძანა, 30-წლიანი გამოცდილების ექსპერტმა ისიც კი ვერ ახსნა, რატომ აქვს დაზიანებული ლევანს ამდენი შინაგანი ორგანო იმ თანამიმდევრობით, როგორც მის სამედიცინო ბარათშია აღწერილი. მეტიც, მან გარდაცვლილის ფოტო, სადაც დაზიანებები ჩანდა, პირველად სასამართლო პროცესზე ნახა. ამ ყველაფრის შემდეგ სასამართლოს იმედიღა დაგვრჩენია, რომ ამ ბოდვას მტკიცებულებად არ გამოიყენებს. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ვერსია:

"დადასტურდება, რომ ამ დანაშაულში ბევრი მონაწილეობდა"

ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი: - ბრალდების მხარე ეყრდნობა ოქროს მოწმის ჩვენებას, რომელმაც ეს ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე სურთ გამოიტანონ განაჩენი.

- თქვენ რას ეყრდნობით, ბრალდებულების ჩვენებას, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ? იქნებ ისინიც სხვებს აწმენდენ ხელს? - კანონით, შეიძლება ბრალდებულმა მისცეს ჩვენება და თუ ის უფრო დამაჯერებელია, მის ჩვენებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. მით უმეტეს, როცა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ორივე გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა დანით არ აქვს მიყენებული და ეს შეესაბამება ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც საქმეში დევს. ბრალდებულმა პირდაპირ დაადო ხელი დანაშაულში მონაწილე პირებს და დეტალურად აღწერა, რაც მოხდა. მაინტერესებს, მხოლოდ იმის გამო არ უნდა გავიზიაროთ მოწმის ჩვენება, რომ ის ბრალდებულია? მაშინ რატომ უნდა გავიზიაროთ იმის ნათქვამი, ვინც ხუთჯერ შეცვალა ჩვენება და ვინც თვითონ არის მხილებული დანაშაულში? სამწუხაროა, რომ არ მაქვს უფლება, სხდომის ოქმები გავასაჯაროო, თორემ ყველა ნახავდა, რაც ხდება. სწორედ ამიტომ აღარ სჯერა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს პროკურატურის. საქმეს დაემატება კიდევ ერთი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება, ის იტყვის სიმართლეს, იმას, რაც დაინახა. ამბობენ, იდეალურად გამოვიძიეთ საქმე და ჭეშმარიტება დავადგინეთო, არადა, მოწმეები სასამართლოში სულ სხვა რაღაცას ამბობენ. რა გამოიძიეს იდეალურად? ეს ინციდენტი კორპუსებს შორის მოხდა, უდაბნოში ხომ არა? იქ მცხოვრები მოწმეებიც კი არ არიან სრულყოფილად დაკითხულები. ბრალდების მხარე ჯიუტად ამბობს, რომ მხოლოდ ორ პირს ჰქონდა დანა. მაშინ ისმის კითხვა: მესამე პირიც რომ არის დაჭრილი, ის ვინ და რით დაჭრა? რატომ არ გამოიძიეს, არის თუ არა ის ჭრილობა იმავე დანით მიყენებული? რომ იცოდეთ, როგორ უსუსურად წარმოჩნდა სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებამ მოიპოვა, თმა ყალყზე დაგიდგებათ! მთავარი ის კი არ არის, რომელი მჭრელი საგნით არის ჭრილობა მიყენებული, არამედ ის, რომ მკვლელობაში მონაწილე პირები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული. დარწმუნებული ვარ, უცხოელი ექსპერტების დასკვნა მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის იდენტური იქნება - დადასტურდება, რომ ამ დანაშაულში ბევრი მონაწილეობდა.

როგორი ტაქტიკით მოქმედებს დაცვის მხარე

კახა ჩიხლაძე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი: - ზოგადად, რაც უფრო ბევრეპიზოდიანია საქმე და რაც მეტი პირი მონაწილეობს, მით უფრო რთულია გამოძიება და სიმართლის დადგენა. ერთსა და იმავე მოვლენას ყველა თვითმხილველი სხვადასხვაგვარად აღწერს. ეს დამოკიდებულია ხედვის კუთხეზე, აღქმაზე, ფოტოგრაფიულ მეხსიერებასა და სხვა ფაქტორებზე. თუ დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით არ დადგინდა, მოსამართლე განაჩენს ვერ გამოიტანს (საუბარია არა ერთ მტკიცებულებაზე, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე). ასეთ დროს ყველა ადვოკატი იყენებს თავის ტაქტიკას და სტრატეგიას და ამას როგორ განავითარებს, მის მოხერხებაზეა დამოკიდებული. დავუშვათ, ოთხმა კაცმა იჩხუბა და ერთი კაცი შემოაკვდათ, ზუსტად თუ ვერ დაადგინე ამ ოთხიდან რომელმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, მკვლელობაზე ვერც ერთს ვერ გაასამართლებ. უდანაშაულოზე ჯოხს ვერავინ გადატეხს, პირი მხოლოდ მყარი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გასამართლდეს. თუ ბრალდებულია ორი პირი, უფრო იოლი იქნება იმის დადგენა, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

ნანა ფიცხელაური