"მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა" - რატომ მოკლეს ბიზნესმენი სურამში? - კვირის პალიტრა

"მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა" - რატომ მოკლეს ბიზნესმენი სურამში?

29 მაისს, დილის საათებში მკვლელობა მოხდა სურამში. შელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მეორე ადგილობრივი სანადირო თოფით მოკლა. მოკლული 60 წლამდე ასაკის ბიზნესმენი მამია ბითაძეა. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კი, სურამის მკვიდრი კ.ტ.-ა.

როგორც kvirispalitra.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე თქმით, ბრალდებულის ვინაობა ოპერატიულად დადგინდა. ის მიმალვაშია და მის დასაკავებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარის დეტალებზე მოკლულის კარის მეზობელს ვესაუბრეთ, რომლის ვინაობასაც, მისი სურვილით არ ვამხელთ.

- საქმე სასტუმროს მშენებლობას შეეხება. სურამში, ტყეში ერთი ტრიალი მინდორია, რომელიც მამია ბითაძეს 49-წლიანი იჯარით გადასცა სახელმწიფომ, ამბობდნენ, იყიდაო, რაც სიცრუეა. იქ უნდა აეშენებინა სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია, ერთი ხეც კი არ უნდა მოჭრილიყო, უბრალოდ სასტუმრო იქნებოდა ტყეში. მამიამ არაერთგზის განაცხადა, რომ მშენებლობას ერთი ხეც კი არ შეეწირებოდა. მიუხედავად ამისა, სასტუმროს მშენებლობა უბნის ნაწილმა გააპროტესტა, მათი მტკიცებით, მშენებლობა ტყის საფარს შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომ მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. რეალურად, ამ ხალხს ტყე კი არ ადარდებს, უბრალოდ, ფიქრობდნენ, რომ სასტუმრო მიმდებარედ მცხოვრებთ დამსვენებლებს წაართმევდა. დარწმუნებული ვარ, რეალურად მაგათ ტყე სულაც არ ადარდებთ, ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რაც დღეს იქ ხდება - ტყეში რომ შეხვიდეთ, ნაგავს მიაქვს იქაურობა. სასტუმროს ასაშენებლად მამიამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 200 000 ლარამდე. ამ სესხით აპირებდა სასტუმროს რაღაცა ნაწილი აეშენებინა და მერე უკვე აშენებული სასტუმრო ჩაედო ბანკში, რომ მშენებლობის დასასრულებელად კიდევ სესხი აეღო. ამბობდნენ, რომ მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები ეხმარებიანო, მაგრამ თავად მამია ამბობდა, რომ მხოლოდ თვითონ აშენებდა.

ამ პროტესტანტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო მკვლელობაში ბრალდებული, ეს ხმაური დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, არადა, სასტუმროს აშენებისთვის საჭირო სამუშაოები მოკლულს უკვე დაწყებული ჰქონდა. (იხილეთ ვრცლად) მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ ტერიტორიიდან შორს ცხოვრობს, ჩვენს უბანს არც ეკუთვნის. დღესაც, სამუშაოებზე მიმავალმა გრეიდერმა ამოიარა თურმე, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ კაცს დაუნახავს და უკან გაჰყოლია. მანქანის მძღოლმა მამიას შესჩივლა, არ მაცლის ეს კაცი მუშაობასო და მამიაც მისულა სასტუმროს მშენებლობის ადგილზე. შელაპარაკებაც იქ მომხდარა. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა.

როგორც ამბობენ, გარდაცვლილს მთელი სხეული საფანტით აქვს დაგლეჯილი, სასწრაფო რომ მოვიდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამიას 3 ბიჭი ჰყავს, კარგი ოჯახია.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)