"არ ვიცი, როგორ გადავრჩი... ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახა..." - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, როგორ გადავრჩი... ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახა..."

"მამიდა ადგილზევე გარდაიცვალა, მე კი 17 დაზიანებით გადამიყვანეს მიხაილის სახელობის საავადმყოფოში" - 24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი

ერთი წლის წინ მომხდარმა ავარიამ რადიკალურად შეცვალა 24 წლის გვანცა ზადიშვილის ცხოვრება. ბავშვობიდან ფათერაკიანი ყოფილა, რისკს ახლაც არ უფრთხის. უყვარს სიძნელეების გადალახვა. ძლიერი ვარ და მსიამოვნებს სხვებისგან ამის აღიარებაო, - მითხრა. არ მოსწონს დაჟინებითა და სიბრალულით რომ შესცქერიან და პროტესტის ნიშნად, უფრო მეტად იწყებს კოჭლობას... გვანცა ალბათ, ერთადერთი მოფარიკავე გეოლოგია, ყოველ შემთხვევაში, გოგონებს შორის. მას პარასპორტის განვითარების ცენტრში შევხვდი სასაუბროდ.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურზე ვაბარებდი, მაგრამ ქულები არ მეყო და გეოლოგიურ ფაკულტეტზე მოვხვდი. თავიდან ძალიან განვიცადე ეს ამბავი და ბევრიც ვიტირე, მაგრამ სწავლის დაწყების პირველსავე დღეს ისე დავინტერესდი, რომ გადავწყვიტე, საბუთები აღარსად გადამეტანა. სწავლით კარგად ვსწავლობდი, სტიპენდიანტი ვიყავი და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ვაპირებდი სამსახურის დაწყებას. ასეც მოხდებოდა, რომ არა ერთი წლის წინ მომხდარი ავარია. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ჩემი პროფესიით მუშაობას მაინც ვიწყებ. სწორედ ამ დღეებში უნივერსიტეტიდან შემოთავზება მივიღე, რომ ლაბორანტად ვიმუშაო. ამით ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენ...

- რთულია გახსენება, მაგრამ რა მოხდა იმ დღეს? - მამა 2 წლის წინ გარდამეცვალა, მყავს დედა და ძმა. დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. მე და ჩემს ძმას მამიდა გვპატრონობდა. მამიდას იმ დღეს ექიმთან უნდოდა მისვლა და რაიონიდან ჩამოვიდა. ჯერ ჩვენს სანახავად მოვიდა, წასვლისას მეც გავყევი გასაცილებლად. ავტობუსის გაჩერებაზე დავდექით, ვლაპარაკობდით. სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად შეეჯახა საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს, ეს მანქანა ამოყირავდა, პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა და ერთიანად მოგვსხიპა ადგილიდან. საქმის მასალებს რომ გავეცანი და ჩანაწერები ვნახე, ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ გადავრჩი. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერაფერი მოვასწარით. მახსოვს, მამიდას ველაპარაკებოდი და მერე, თვალები რომ გავახილე, უკვე ძირს ვეგდე და ვიღაც ბიჭს ეჭირა ჩემი თავი. დაიყვირა, თვალები გაახილაო. ვერ გავიაზრე, რა მოხდა.

მამიდა ადგილზევე გარდაიცვალა, მე კი 17 დაზიანებით გადამიყვანეს მიხაილის სახელობის საავადმყოფოში. 2 კვირა რეანიმაციაში ვიწექი, დაახლოებით ერთი კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული. 3 დღე ვერ ამბობდნენ დაზუსტებით, გადავრჩებოდი თუ არა. როდესაც ის ექიმი ვნახე, რომელმაც "სასწრაფოთი" გადამიყვანა, მითხრა, შენი ნაჩქმეტი ახლაც მტკივა და დალურჯებული მაქვსო. თურმე, სიმწრისგან გამეტებით ვჩქმეტდი... გაგრძელება ნინო ჯავახიშვილი