რა დანაშაულებისთვის ასამართლებენ ქართველ "კანონიერ ქურდებს" აშშ-ში და ვის ემუქრება 65-წლიანი პატიმრობა? - კვირის პალიტრა

რა დანაშაულებისთვის ასამართლებენ ქართველ "კანონიერ ქურდებს" აშშ-ში და ვის ემუქრება 65-წლიანი პატიმრობა?

რა ელით აშშ-ში დაკავებულ ქართველ "კანონიერ ქურდებს"? (ფოტოზე: რაჟდენ შულაია, ლაშა დოღონაძე და დავით ჯანგიძე, გადაღებულია სტამბოლში, 2014 წელს)

რადიოსადგური "ამერიკის ხმის" რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ლაპარაკია ქართველ, რუს და უკრაინელ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც აშშ-ში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას.

"ზურაბ ჯანაშვილის "ჰოლივუდური თრილერი" "ჩაჯდომით" დასრულდება - ნიუ-იორკში ერთ-ერთმა ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" დანაშაული აღიარა", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გამოძიებას გააჩნია მრავალი მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ზურაბ ჯანაშვილი ერთ-ერთი ის "კანონიერი ქურდია", რომელიც მთელ ამერიკაში მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მან აღიარა ბრალი სხვადასხვა დანაშაულებებში, მათ შორის რეკეტში. ზურაბ ჯანაშვილი შედიოდა იმ კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელობაში, რომელიც ეროვნებით ქართველმა, რუსმა და უკრაინელმა პირებმა ჩამოაყალიბეს და რომლის ლიკვიდაცია შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ ერთი წლის წინ შეძლო. იმ დროს 30-მდე კრიმინალი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებულები რამდენიმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მოქმედებდნენ - ნიუ-იორკში (ძირითადად ბრაიტონ-ბიჩის რაიონში), აგრეთვე ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, პენსილვანიისა და ნევადის (ლას-ვეგასში) შტატებში, აგრეთვე აშშ-ის საზღვრებს გარეთაც. სინდიკატის წევრებს ბრალი მრავალ დანაშულში აქვთ წაყენებული: გამოძალვაში, თაღლითობაში, ადამიანთა გატაცებაში, "ვალების ამოღებაში", ქურდობაში, ძარცვაში, შეკვეთილ მკვლელობებში, ნარკოვაჭრობასა და იარაღით ვაჭრობაში.

ბრუკლინში მცხოვრებმა 37 წლის ზურაბ ჯანაშვილმა, აღიარა თავისი მონაწილეობა იმ დანაშაულებრივ სინდიკატში, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა. 40 წლის რაჟდენ შულაია ცნობილია მეტსახელებით: "ძმა", "რომა", "რაჟდენ პიტერსკი". ადრე იგი ევროპაშიც იყო დაჭერილი - 2013 წლის ზაფხულში იმ ოპერაციის შედეგად, რომელიც ევროპოლმა განახორციელა ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის - იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე. იმჟამად 18 კრიმინალური ლიდერი დააპატიმრეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მათ შორის 13 "კანონიერი ქურდი", პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის მქონე ქუთაისური კრიმინალური დაჯგუფების მეთაურ მერაბ ჯანგველაძესთან ("მერაბ სუხუმსკი") ერთად. რაჟდენ შულაია ამ წრის აქტიური წევრი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპოლის ოპერაციის შემდეგ იგი სწრაფად გაათავისუფლეს. ზურაბ ჯანაშვილი, იგივე "ზურა", გამოძიების დოკუმენტებში "ძმის", ანუ რაჟდენის "მარჯვენა ხელად" არის მოხსენიებული. ავთანდილ ხურციძე

"დღეს ზურაბ ჯანაშვილმა აღიარა თავისი ხელმძღვანელი როლი დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. მისი საქმიანობა ჰოლივუდის მიერ თრილერის გადაღების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს, - აღნიშნა ნიუ-იორკის სამხრეთ მხარის ფედერალურმა პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა, - ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ქრთამავდა სამართალდამცავ ორგანოებს, იყენებდა ქალებს მსხვერპლთა საცდუნებლად და მათგან ფულის გამოძალვის მიზნით. მათ გაიტაცეს აგრეთვე 4,5 ტონა შოკოლადიც... თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ზურაბ ჯანაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო და ახლა მას საპყრობილეში დიდხანს ჯდომა მოუწევს". პროკურატურის მონაცემებით, დაჯგუფება რაჟდენ შუალაიასა და ზურაბ ჯანაშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ კრიმინალურ საქმეებში მონაწილეობდა: დანაშაულებრივი თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში; რეკეტში და ბრაიტონ-ბიჩის იატაკქვეშა ბანქოს სათამაშო სახლების "დაკრიშვაში" (მფარველობაში); მევალეებისაგან ფულის ძალადობით ამოღებაში; ბიზნესმენთა გატაცებაში; ღამის კლუბების ორგანიზებაში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა მიმდინარეობდა; ძარცვაში (კრიმინალური სინდიკატის წევრი ქალები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს თავს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად წარუდგენდნენ, შემდეგ კლიენტებს ქლოროფორმით აძინებდნენ და ჯიბეებს უცარიელებდნენ); სავაჭრო ტვირთების გატაცებაში; კაზინოებში ჩადენილ თაღლითობაში (ისინი ფილადელფიაში და ატლანტიკ-სითიში მდებარე სათამაშო ავტომატებს ჰაკერული სპეცაპარატურის მეშვეობით "ტეხდნენ" და უკანონო მოგებებს იღებდნენ); კონტრაფაქტური (ყალბი) ნაკეთობებით ვაჭრობაში; ყალბი პასპორტების, ჩეკებისა და ფინანსური დოკუმენტების დამზადებაში; ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სიგარეტის კონტრაბანდაში; ამერიკელი სამართალდამცველი პირების მოქრთამვაში და ა.შ. ზურაბ ჯანაშვილს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ერთობლიობით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და საპყრობილეში ჯდომა ელოდება. განაჩენს, ნიუ-იორკში, 30 ნოემბერს, მოსამართლე ქეთრინ ფორესტი გამოუტანს. რაჟდენ შულაია, დანაშაულებრივი სინდიკატის სხვა სავარაუდო წევრთან - კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ავთანდილ ხურციძესთან ერთად, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე 4 ივნისს წარსდგება. რაჟდენ შუალიას სასამართლო ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როცა "კანონიერი ქურდები" ყოფილი საბჭოეთიდან აშშ-ში იქნებიან დასჯილნი. გამოძიების დასკვნით, რაჟდენ შულაიას 65 წლით პატიმრობა ელოდება. წყარო იხილეთ ასევე: "ამერიკის ციხიდან აღსარება ჩაგაბარეთ" - ავთანდილ ხურციძის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული ციხიდან

მოამზდა სიმონ კილაძემ