"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - რას ამბობს გურამ გირგვლიანი "ხორავას საქმეზე"
"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - რას ამბობს გურამ გირგვლიანი "ხორავას საქმეზე"
31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი
დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. ანუ სასამართლომ ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალდება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა, შედეგად კი კითხვებზე - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს 13 ჭრილობა და ვინ არის მკვლელი? - პასუხები სასამართლო განხილვის შედეგადაც არ ჩანს.

საზოგადოების ნაწილი, "სარალიძის საქმეს" "გირგვლიანის საქმეს"
ადარებს და ხელისუფლების შეცდომებზე ლაპარაკობს. დავინტერესდით რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გვირგვლიანი:

- ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირის.
მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა.

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად ვუთანაგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.
მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?!
თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ.
დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი  დადგინდეს.
ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ხოლმე ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა.
ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცეები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს.

- საზოგადოების ნაწილი, "სარალიძის საქმეს" ადარებს, "გირგვლიანის საქმეს", თქვენ როგორ ფიქრობთ არის მსგავსება მათ შორის?
- ჩვენ დროს, თავიდანვე გამოკვეთილად ჩანდა, რომ მკვლელობის უკან იდგა ხელისუფლება და საქმეში ჩართული იყვნენ, როგორც ქვედა რგოლები, ისე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტიც და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
"სარალიძის საქმეში" ასეთი ფაქტი არაა და ამიტომ მე ვერ შევადარებ ამ ორ ამბავს ერთმანეთს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას.
შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებისას იგივე მეორდება, უსამართლობის განცდა ყველაზე საშინელებაა, სწორედ ამიტომ მე ამ კაცის გვერდში ვდგავარ...

- ზაზა სარალიძე ითხოვს, მთავარი პროკურორის გადაყენებას, რამდენად ადეკვატური გგონიათ მისი ეს მოთხოვნა?
- მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში და ბევრჯერ მითქვამს მსგავსი. მერე პროკურორსაც შევხვედრივარ და მისთვისაც პირადად მითქვამს, რომ მე მათი ნდობა არ მქონდა. შეიძლება, სარალიძის მოთხოვნა ძალიან სწორიც იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ კაცი არის სრულ გაურკვევლობაში.
მას მოუკლეს შვილი და ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელი დაისაჯოს...
ფაქტია, რომ ვიღაც მკვლელებს აფარებს ხელს...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
dudu
01 ივნისი 2018 14:51
ისე თემას რომ გადავუხვიოთ, გურამ გვირგვლიანი რობერტ დე ნიროს არ გავს ძალიან?
დალი
01 ივნისი 2018 12:53
ძალიან მეცოდება ეს კაცი,მაგრამ ეს ნაცბანდა რატომ დაიხვია თავზე ვერ ვხვდები,ნიკა გვარამია სასაცილოა პირდაპირ სატირალი რომ არ იყოს,ამ კაცში საიდანაა ამდენი სიბოროტე და ზიზღი,პირდაპირ შხამს აფრქვევს პირიდან,ფუი
soxumeli veterani
01 ივნისი 2018 10:26
1000% ბრძანდებით ბატონო გურამ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები