"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი..." - კვირის პალიტრა

"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი..."

"მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი..." - ასეთია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები. ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მსხვერპლია... "საფლავი უბრალო გამიკეთეთ. ლოცვებში მაინც ვერ მომიხსენიებთ, ამიტომ დაივიწყეთ და ისე იცხოვრეთ, ვითომ არც ვყოფილვარ. თათია, მიყვარხარ. მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი. რამდენი წელია, ასე ვიტანჯები და თავს ვერ ვანებებ. ასე თუ დავანებებ, ალბათ. სხვა გზა არც ვიცი, ყველაფერი ვცადე," - დაწერა ახალგაზრდამ ცოლსა და ოჯახის წევრებთან გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, თავის ავტომობილში დატოვა, თვითონ კი თავი ჩამოიხრჩო.

ფაქტის შესახებ AMBEBI.GE-ს დეკანოზმა შალვა კეკელიამ უამბო. გარდაცვლილი მამაკაცი მისი მრევლის წევრის მეუღლე იყო, რომლის ვინაობასაც სასულიერო პირი არ ამხელს. როგორც დეკანოზი შალვა იხსენებს, ახალგაზრდა მამაკაცი აზარტული თამაშებისგან თავის დახსნას დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. "მისი ოჯახი მოვიდა, რომ დავხმარებოდი. ცოლს ძალიან უყვარდა და ეხმარებოდა, ფსიქოლოგთან მისვლაც შესთავაზა, თუმცა უარი უთხრა.

ეს ბიჭი ცდილობდა, რომ თამაშისთვის თავი დაენებებინა, მონასტერშიც იყო წასული, თუმცა ვერ შეძლო, აჰყვა აზარტულ თამაშებს. თავიდან სათამაშო აპარატებით დაიწყო თამაში და მერე ჩაითრია ამ ყველაფერმა. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამები ყველგან ხვდებოდა, ტელეფონშიც კი ყველგან ამას ხედავდა და მისი მეშვეობითაც შეეძლო, ეთამაშა. იმდენად იყო ჩათრეული, რომ შემოთავაზებებზე უარს ვეღარ ამბობდა. სურვილი ჰქონდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავს ვეღარ აღწევდა და ბოლოს წერილშიც დაწერა, ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ, რომ ამას თავს ვერ ვანებებო. ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ხედავდა. მას ეშმაკი ეუბნებოდა: ხომ ხედავ, როგორი საშინელება ხარ, მაინც არ სწორდები, მაინც არ იცვლება შენი ცხოვრება და უმჯობესია, ყველაზე მარტივი გზა აირჩიო - თავი მოიკალი..." - უამბო დეკანოზმა შალვა კეკელიამ AMBEBI.GE-ს. რამდენიმე თვით ადრე ახალგაზრდას თვითმკვლელობა უცდია, თუმცა მაშინ მეუღლემ მიუსწრო და გადაარჩინა. წინა შემთხვევაშიც მან ოჯახთან გამომშვიდობება წერილით სცადა, რომელშიც საყვარელ ადამიანებს ბოდიშს უხდიდა. "ყველაფერს ვხვდები, ალბათ, არ ვარ სიცოცხლის ღირსი. ყველას გიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ მე მიყვარხართ და ამას შეგნებულად არ ვაკეთებ. მე ავად ვარ. მადლობა, აქამდე თქვენი წყალობით მოვედი და მე ნაგავი ვარ. მაპატიეთ," - წერდა ის, თუმცა მაშინ სუიციდის მცდელობა ჩაეშალა და ლუდომანიისგან თავის დასაღწევად მონასტერში წასვლა მოისურვა. "უმეტესობა ვალების გამო იკლავს თავს. ამ ადამიანს ვალები არ ჰქონია, მოიკლა იმიტომ, რომ ვნებას ვერ გაუმკლავდა. ოჯახი მას რვა დღის განმავლობაში ეძებდა. დედ-მამა ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. ამხელა ტკივილი აქვს ოჯახს... როგორც ამბობენ, ძალიან ხალისიანი, თბილი, ყურადღებიანი ბიჭი იყო. მეგობრებიც ასე ახასიათებენ... ჩემთან იყვნენ ოჯახის წევრები და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. უმძიმესი მდგომარეობაა," - აღნიშნა დეკანოზმა. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანი ლუდომანიისგან ვერ თავისუფლდება. ამ უმძიმესი პრობლემით მასთან უამრავი მიდის, ბევრმა კი წნეხს ვეღარ გაუძლო და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

"ჩემი სამღვდელო გამოცდილებით, ადამიანების აზარტული თამაშებიდან გამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკისთვის თავის დანებება. როცა წაგებული აქვთ, ფიქრობენ, რომ შემდეგ მოიგებენ და თამაშს აგრძელებენ. თუ მოიგებ, უფრო მეტი ცდუნებაა. გგონია, რომ ძალიან იოლად შეგიძლია, დიდი ფული იშოვო. ძალიან ბევრი ამ საცდურს ვერ უმკლავდება და ვერ ანებებს თავს, ამიტომ აზარტული თამაშების საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს," - აღნიშნა დეკამოზმა. როგორც იხსენებს, მისი ცხრაწლიანი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში დაახლოებით 100 შემთხვევა მაინც მომხდარა, როდესაც აზარტული თამაშების გამო ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, რადგან ფინანსურ და ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუმკლავდნენ... ბევრმა კი ეს დამღუპველი სენი დასძლია და საკუთარ თავს ახლაც აკონტროლებს. "ჩემი მრევლის იმ ნაწილს, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობდა, უთქვამს, კაზინოები ქალაქიდან ცოტა შორს რომ ყოფილიყო, შეიძლება, აღარ წასულიყვნენ. როგორც ვიცი, ამერიკის ბევრ შტატში კაზინოები აკრძალულია, ევროპის ქალაქებშიც ვერ შეამჩნევ, რეკლამა ისეთი ცოტაა. მაგალითად, ფინეთში, ჰელსინკში ერთი კაზინოა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რეკლამა არ აქვს და ვერც შეამჩნევ, რა ობიექტია. იქ წაგებული თანხები ქველმოქმედებას ხმარდება. ჩვენთან კი საპატრიარქოს გვერდით ამხელა კაზინოა და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში მიმავალ გზაზე, ყველგან კაზინოს რეკლამაა გამოკრული. ეს ძალიან დიდი ცდუნებაა, რადგან თუ აზარტული მოთამაშე ხარ, ვერაფრით იტყვი უარს.

ნარკოდამოკიდებულს, რომელსაც თავის დანებება სურს, ყოველდღე წინ ნარკოტიკი რომ დაუდო, მიზნის მიღწევას ხომ ვერ შეძლებს?! ზუსტად იგივეა აზარტული თამაშებიც. აზარტული მოთამაშე ვერ შეჩერდება, თუ მას ეს ყოველივე სულ თვალწინ ექნება," - ამბობს დეკანოზი შალვა. მისი რჩევით, ვისაც სურს, მისმა ახლობელმა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა აზარტულ თამაშებზე უარი თქვას, გვერდით უნდა დაუდგეს, მხარი დაუჭიროს, რადგან ამ დროს ადამიანის მარტო დატოვება და მასთან კონფლიქტი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.