"მეტირება, ხალხო, ჩემი დათოს სული გავყიდე მე, ამას მეუბნებით?" - კვირის პალიტრა

"მეტირება, ხალხო, ჩემი დათოს სული გავყიდე მე, ამას მეუბნებით?"

"ხელისუფლებას უნდა ხალხი "ნაცმოძრაობით" შეაშინოს, ჩემთვის კი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იდგება ჩემს გვერდით"

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიზეზების ექვსთვიანი გამოძიება ისე დასრულდა, რომ მართლმსაჯულებამ ვერ გამოავლინა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად უკვე ქმნის საფუძველს, რომ დამნაშავის დასადგენად გამოძიება ხელახლა დაიწყოს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1-ლ ივნისს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წლით, დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს კი 9 წლით პატიმრობა შეუფარდა. ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? - მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან ისე გადადგა, ამ მთავარ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. პროკურატურა, რომელიც ახალ ხელმძღვანელს ელის, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გამოტანილ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ ბრალდებულთა ადვოკატებიც, პრემიერის დავალებით კი გამოძიება შს სამინისტრომ პროკურატურისგან დაიბრუნა. პარალელურად, გამოძიების პროცესში პროკურატურის გაწეული საქმიანობის კანონიერებას, თავის მხრივ, შეაფასებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც, რომელიც მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება და სადაც საპარლამენტო უმცირესობა დომინანტური რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, რომ"მაქსიმალური ჩართულობითა და საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორიც... სამართლებრივი პროცესების პარალელურად, საპროტესტო მუხტმა ქუჩაში იფეთქა - დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს. ნაწილი აქციის მონაწილეებს იმ მოტივით გამოეყო, რომ ტრიბუნასთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ან პარტიასთან ასოცირებული ჯგუფები იდგნენ.

ზაზა სარალიძე, დავით სარალიძის მამა: - მიზანმიმართულად ცდილობენ პოლიტიკაში გამსვარონ, პოლიტიკური იარლიყი ჩამომკიდონ და გადაფარონ ჩემი შვილის მკვლელების დაუსჯელობის საკითხი. ისიც კი იკადრეს და მითხრეს, შენი შვილის სული "ნაცმოძრაობას" მიჰყიდეო. მეტირება, ხალხო, ჩემი დათოს სული გავყიდე მე, ამას მეუბნებით? ჩემი ერთადერთი ბიჭის, რომელიც ჩემი არსებობის აზრი იყო, რომლის გასაზრდელად ჩემი მეუღლე გადახვეწილი იყო ამ ქვეყნიდან და რომლის ვაჟკაცად გაზრდისთვის დღედაღამ ვმუშაობდი? რომელი ჭკუათამყოფელი მეუბნება ამას გაუბედურებულ მამას, რომლის ერთადერთი მიზანი მკვლელების დასჯაა?! სხვა რა მიზანი უნდა მქონდეს, როდესაც მიწაში 16 წლის ბიჭი ჩავდე? თანამდებობა მინდა თუ ფული? ჩემს შვილს რომ შევხვდები, სიმართლით უნდა მივიდე მასთან, მანამდე ვერ მოვისვენებ. სულ რომ არავინ დამიდგეს გვერდით და მარტო დავრჩე უთანასწორო ბრძოლაში, ჩემი სიმართლე უნდა წავიღო იმ ქვეყნად დათოსთან.

- პირველ რიგში, პატრიარქთან შეხვედრაზე გკითხავთ. რა გითხრათ უწმინდესმა?

- პატრიარქმა ჩემი ოჯახი დალოცა, ჩემი დათოს სული დალოცა, საქმის დეტალებიც გავაცანი და მოგვიწოდა, რომ გავაძლიეროთ ლოცვა ჩემი და სხვა მშობლების მოკლული შვილების სულებისთვის.

- დღეს ხელისუფლება გთავაზობთ ღია კომუნიკაციას, პრემიერ-მინისტრი მოვიდა აქციაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიიღეთ ის, თქვენმა მხარდამჭერებმა მას აქციის დატოვებისკენ მოუწოდეს. უარი თქვით შს მინისტრთან შეხვედრაზეც. რატომ არ თანხმდებით ხელისუფლებასთან უშუალო დიალოგს? - დღეს შს მინისტრისგან შეხვედრის შემოთავაზება ჩემი და ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. როგორც კი საქმის გამოძიება დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში, როდესაც ვნახე, რომ რაღაცები არასწორად მიდიოდა, შს სამინისტროს, პროკურატურის წარმომადგენლებს თუ ხელისუფლებას მივმართე, რომ ჩემთვის მოესმინათ.

- კიდევ ერთხელ აგვიხსენით, რატომ გამოუცხადეთ უნდობლობა გამოძიებას? - მკვლელობიდან მალევე დაანგრიეს ფარდული და როდესაც ვიკითხე, ეს რატომ გააკეთეს, პროკურორმა მიპასუხა, კერძო საკუთრებაა, უფლება არა გვაქვს, მეპატრონეს ავუკრძალოთ ფარდულის დანგრევა, თუმცა ზომები ზუსტად გვაქვს აღებული და თუ დაგვჭირდა, ფარდულს პირვანდელი სახით ისევ აღვადგენთო. მალევე სასამართლოზე პროკურორი ამბობს: ზუსტი ზომები არა გვაქვს, 1,30-დან 1,40 სმ-მდეა ზომაო. მოსამართლემ ჰკითხა, რატომ ვერ უზრუნველყავით ზუსტი მონაცემების აღებაო, პროკურორმა უპასუხა, საზომი არ აღმოგვაჩნდაო.

ამ პროცესს ესწრებოდა უამრავი ადამიანი და მათ შეუძლიათ ჩემი სიტყვების დადასტურება. იცით, 10 სანტიმეტრსაც კი რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა? ზუსტი ზომებით უნდა დადგენილიყო, რამდენი ბავშვი ეტეოდა იმ ფარდულში, როგორ იდგა ჩემი შვილი, რომელიც სიმაღლეში 1,97 სმ იყო, რა ტრაექტორიით იდგნენ მოზარდები და ა.შ. ეს იყო პირველი დიდი შეცდომა, რომელიც გამოძიებამ შეგნებულად დაუშვა. მეორე შეცდომა - საქმეში დევს მკვლელობის დანა, რომელიც ექსპერტიზის დროს გაღუნეს და მასზე ხელახალი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.

- რატომ გაღუნეს? - სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას დანის მოქნევის სიმძლავრე და ტრაექტორია გამოცადეს მუყაოს ქაღალდზე, რომელზეც ნაჭერი იყო გადაფარებული და როდესაც დანა მუყაოს მიმართულებით მოვიქნიეთ, გაიღუნაო. იმავე დანით არის მოკლული ლევან დადუნაშვილიც, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ ჩხუბში.

საქმის მასალებში წერია, რომ ზუსტად ეს დანა მკვლელმა ისეთი სიმძლავრით მოიქნია, რომ ლევან დადუნაშვილის მეშვიდე ნეკნამდე მიაღწია. თუ ნეკნმა არ დააზიანა დანა, მუყაომ როგორ დააზიანა? კიდევ ერთი მიზანმიმართული შეცდომა - ექსპერტიზის დროს კანის ნიმუშები დააზიანეს და ისეთ ხსნარში შეინახეს, რომ მასზე ხელახალი ექსპერტიზა ვეღარ ჩატარდება. გარდა ამისა, ექსპერტებმა დამალეს, რომ ორი დანით მიყენებული ჭრილობების გარდა, დათუნას სხვა იარაღითაც მიაყენეს დაზიანებები და სწორედ ეს გამოავლინა მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზამ. არ არსებობს ნივთმტკიცებები, რომელთა საფუძველზეც ხელახლა უნდა დაიწყოს გამოძიება. არ არსებობენ მოწმეებიც. ჩემი ინფორმაციით, როგორც ფარდულთან მყოფი დათუნას მეგობრები, ისე მეორე მხარეს მყოფი მოზარდების მშობლები დააშინეს და არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. იცით, რომ მიხეილ კალანდიამ ჩვენება სასამართლოზე რამდენჯერმე შეცვალა? ერთ პროცესზე განაცხადა, რომ მასზე იძალადეს და ჩვენება ისე მიაცემინეს. ისიც თქვა, რომ ჩვენების მიცემის დროს მეორე ოთახში იმყოფებოდა მამა, რომელზეც ასევე ძალადობდნენ, თუმცა ხელმეორედ სასამართლოში უკან წაიღო საკუთარი ჩვენება და თქვა, რომ ეს ყველაფერი მოიგონა.

ამან თავიდან ბოლომდე შეცვალა საქმის მიმართულება, რადგან ის ერთადერთი იყო, რომელიც თავიდანვე ზეწოლაზე ლაპარაკობდა და მხოლოდ იმ ორ ბრალდებულს დაადო ხელი, რომლებიც სასამართლო დარბაზში ისხდნენ. ეს ბავშვი ხომ თვითონ ვერ მოიფიქრებდა ამ ყველაფერს? ასე რომ, არც ნივთმტკიცება არსებობს და არც მოწმეები. საქმე დახურულია, მკვლელები გარეთ არიან.

სხვათა შორის, კალანდიას დაკითხვისას პროკურორმა თქვა, თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს კალანდიას ჩვენებას, ჩვენ მას დაუყოვნებლივ მივცემთ პასუხისგებაშიო. რატომ არ დააკავეს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კალანდია?!

ამიტომაც ვუცხადებ უნდობლობას გამოძიებას. თუ მთავარმა პროკურორმა, მირზა სუბელიანმა და ყველა ამ საქმეში მონაწილე პირმა არ აღიარეს, რომ საქმეს კერავდნენ, ვერავინ ვერაფერს გამოიძიებს! დიახ, როდესაც პრემიერი აქციაზე მოვიდა, გადავეხვიე, ყველას

გადავეხვევი, ვინც ჩემთან გულწრფელად მოვა. მეგონა, რომ მას სურდა ხალხისთვის ეთქვა, ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაშია მიცემული გაყალბებისთვისო, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი მითხრა, გახარია გამოიძიებსო. გამოძიება აღარ არსებობს, გესმით?!

- თქვენ მირზა სუბელიანს ასახელებთ საქმის ერთ-ერთ გამყალბებლად, რატომ? - როდესაც მისი შვილი იკითხებოდა, სუბელიანი ჯერ კიდევ თანამდებობის პირი იყო და შვილის დაკითხვას როგორც ოფიციალური მეურვე ესწრებოდა.

დაკითხვას აწარმოებდა მირზა სუბელიანის ხელქვეითი. როგორ წარმოგიდგენიათ, იქნებოდა ობიექტური გამომძიებელი, რომელიც ხელმძღვანელის შვილს ჰკითხავდა ან კრიტიკულ ნაწილს შეიტანდა ოქმში?

- მირზა სუბელიანი ხომ მალევე გადადგა თანამდებობიდან? - გადადგა მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს, მაგრამ გამოკითხვა მანამდე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საჭიროდაც კი არ ჩათვალა, მირზა სუბელიანი ერთხელ მაინც გამოეკითხა. მან დაალაგა ეს საქმე პირველივე დღეებში და შემდეგ წავიდა პროკურატურიდან.

- ახლა ხომ გამოჰკითხეს მირზა სუბელიანი შსს-ში, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, მთელი სახელისუფლებო სტრუქტურები საქმის რეალური გამოძიების პირობას დებენ, თქვენი საბოლოო პოზიციაა, რომ საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებთ? - დიახ. ვიმეორებ - თუ სუბელიანი და პროკურორები არ აღიარებენ, რომ გააყალბეს, სხვანაირად ეს საქმე არ გაიხსნება. უნდა გამოიკვეთოს, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება, ვინ გაღუნა დანა და ვისი დაკვეთით და ვინ დააშინა მოწმეები.

- მუდმივად აცხადებთ, რომ იცით, ვინ არიან თქვენი შვილის მკვლელები. სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ერთ-ერთ ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა? - მოსამართლე ეკა არეშიძე საკუთარი გადაწყვეტილებით დაუპირისპირდა სისტემას და მადლობას ვუხდი ამისთვის.

ჩემი ინფორმაციით, სამი ადამიანი მონაწილეობდა დაჭრაში, ერთ-ერთი დაკავებულია, დანარჩენი ორი კი დღესაც გარეთაა. სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ამის შესახებ პროკურორებს ვუთხარი კიდეც. მეტიც, როდესაც ერთი მკვლელის გვარი დავუსახელე, თვითონ პროკურორმა მითხრა, მეორე, ალბათ, ეს მოზარდია მკვლელიო, არა? გესმით, რამდენად ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი?

- თუმცა ლევან დადუნაშვილის ოჯახი არ იზიარებს თქვენს პოზიციას... - ლევანის მშობლების პოზიცია გასაგებია. მისი მკვლელი დაკავებულია, შესაძლოა, მათ აქვთ პრეტენზიები დამნაშავისთვის მისჯილ წლებზე, თუმცა კანონმდებლობა უფრო მაღალ სასჯელს არ ითვალისწინებს. ლევანის მკვლელი თავიდანვე იდენტიფიცირებული იყო, დათუნას მკვლელები კი გარეთ არიან.

მივმართავ საზოგადოებას და პირველ რიგში, გახარიას, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური იარლიყი მომაკერონ -

აიღონ ჩემი ბიოგრაფია და ნახავენ, რომ არასოდეს არც ერთ არჩევნებში მონაწილეობაც კი არ მიმიღია. არაფერს ვამბობ ჩემს პოლიტიკურ აქტივობაზე, მთელი ცხოვრება ლუკმაპურისთვის ვმუშაობ და ნუ გახდიან ჩემს ტრაგედიას საქილიკოდ.

- მაგრამ აცხადებდით, რომ თქვენი პროტესტი აპოლიტიკური იყო, მოგვიანებით კუპრავამ თქვა, რომ თქვენ გარეშე აგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმე წუთში ოპოზიციურმა პარტიებმა თქვენთან ერთად დაიკავეს ტრიბუნა. რით ხსნით ამ არათანამიმდევრულ ნაბიჯებს? - ზვიადთან უთანხმოება არ მქონია, რაღაც დეტალებზე ვერ შევთანხმდით, პოლიტიკურ პარტიებს კი იმიტომ მივმართე, რომ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა - ახლა როგორც პოლიტიკოსების, ისე ქვეყნის თანადგომა მჭირდება.

- არ ფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკოსების გვერდით გამოჩენა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად ლახავდნენ ადამიანების უფლებებს, ბევრ გულშემატკივარს დააფრთხობს? - ეს უნდა ხელისუფლებასაც, ხალხი "ნაცმოძრაობით" შეაშინოს, ჩემთვის კი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იდგება ჩემ გვერდით - შედეგს უნდა მივაღწიო, საქმის გამყალბებლები და ჩემი შვილის მკვლელები პასუხისგებაში მივცე. რუსთაველზე სულ რომ ერთი ადამიანი დავრჩე, ფეხს არ მოვიცვლი აქედან. ვისაც პარტიების ეშინია, ვერაფერს ვეტყვი, მხოლოდ თხოვნით მივმართავ, დამიდგნენ გვერდით, მე ხომ არ ვამბობ, რომელიმე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში მოვიყვანოთ-მეთქი, ჩემი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯაა.

- თქვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვთ. რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლების შეცვლა გამოსავალია?

- დიახ, სხვაგვარად სისტემა არ ჩამოიშლება, ჩემნაირი დაჩაგრული ადამიანები ვერ მიაღწევენ სიმართლეს, ასეთი კი თქვენც ნახეთ, რამდენი ყოფილა. თუ ხელისუფლებამ ამდენ ხანს არ მოისმინა ამ ადამიანის ხმა, ვერც მომავალში გაიგებს რამეს, ამის იმედი გადაწურული მაქვს, ვიცი, რომ გამოძიება ვერაფერს დაადგენს.