"ზაზას ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი მოჰყვებოდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე"
04-06-2018
"ზაზას ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი მოჰყვებოდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე"
დავით დადუნაშვილი, ლევან დადუნაშვილის მამა: - ზაზა სარალიძეს და მე ერთი ტრაგედია გვაქვს, ამაზე დიდი ტკივი­ლი რაღა უნდა იყოს ჩვენთვის. დღესაც არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობ, საერთოდ­ ვერიდებოდი გამოჩენას... მე მესმის, რა ტკივილსაც გრძნობს ზაზა. მას გამოძიებასთან­ შეკითხვები აქვს და შესაძლოა, მეც დამრჩა­ პასუხგაუცემელი კითხვები, ველოდებოდი, რომ მეტს მიუსჯიდნენ ლევანის მკვლელს.

- აქციაზე სარალიძესთან შეხვ­ე­დრა მოითხოვეთ. რისი თქმა მოახერხეთ მისთვის?
- მინდოდა ჩემი აზრის გაზიარება, მისი რჩევის მოსმენა, მაგრამ ვერ დაველ­აპარაკე.
ზაზას ვიღაც შავებში ჩაცმული მაღალი ბიჭი მოჰყვებოდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
აქციიდან წამოვედი თუ არა, გზაში ვიგებ, რომ თურმე ვიღაცებს სუს-ის აგენტად გამოვუცხადებივარ, ისიც კი უთქვამთ, აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა მიაცილესო. რაღა უნდა ვთქვა ამის შემდეგ?! სოფელში­ ტელევიზორს ვუსმენდი და აქციაზე კაცი გამოვიდა, ლევან დადუნაშვილის ნათლია
ვარო, არადა, ამ კაცს არასდროს უნახავს ჩემი შვილი.­ ამ ფაქტმა აღმაშფოთა და აქციაზე­ მისვლა გადავწყვიტე. ვის მოაფიქრ­და მისი იქ მიყვანა­ და ლევანის ნათლიის სახელით ლაპარაკი? დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზაზას არ მისცეს ჩემთან საუბრის საშუალება.

- თქვენ თავიდანვე ნდობა გამოუცხადეთ პროკურატურას, რატომ?
- დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება. პირველ რიგში სიმართლის გარკვევა უნდა დაიწყონ იმ ბავშვებისგან, რომლებიც ამ ტრაგედიის თვითმხილველები არიან. ყველა მხარეს მყოფი ბავშვები უნდა დასხდნენ და თქვან სიმართლე. ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა და ზაზაც არ იქნება ასე გაუბედურებული. ხელისუფლება გვპირდება, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და მე ეს მჯერა. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, მეც გავშლი კარავს ზაზასთან ერთად.

თამარ საყვარელიძე, ლევან დადუნაშვილის დეიდა: - გამოძიების პირველივე დღიდან ყველა მასალასთან წვდომა­ გვქონდა. საქმე თავიდანვე გამყარებული იყო, ამიტომაც არაფერში გვეპარებოდა ეჭვი და ლევანის ნაწილში დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ. ლევანი არ ფიგურირებს­ არც სკოლის შიგნით და არც ხორავას ქუჩაზე დაწყებულ გარჩევაში. ლევანი­ ხორავას ქუჩაზე შედის მაშინ, როდესაც კონფლიქტი თითქმის დასრულებულია და ზუსტად ამ დროს პირდაპირ მკვლელს ეჩეხება.
მათ შორის გაწევ-გამოწევა დიდხანს გაგრძელდა, მკვლელი დანას რომ უქნევდა, ლევანი შიშველი ხელებით ცდილობდა მოგერიებას, ამიტომაც ჰქონდა ხელები სულ დასერილი. ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა, თუმცა არ იყო ღრმა. ლევანი არ იყო სპორტსმენი, ფიზიკურად ვეღარ­ მოერია და მეორე ჭრილობა მკვლელმა გულმკერდის­ არეში მიაყენა. ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი საქმეში, თუმცა სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძეს­ - უნდა დადგეს განაჩენი, რომელიც სამაგალითო იქნება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით