"სავარაუდოდ, მანქანის კარი გაიღო და ორი ადამიანი მანამდე გადმოვარდა, ვიდრე მიკროავტობუსი ხევში გადავარდებოდა" - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მანქანის კარი გაიღო და ორი ადამიანი მანამდე გადმოვარდა, ვიდრე მიკროავტობუსი ხევში გადავარდებოდა"

9 ივნისის დილას საზარელი ავარია მოხდა გომბორზე. გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად, იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი 21 ადამიანი, მათგან 12 ბავშვი. მომხდარის გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სოფელ თეთრი წყლებში თელავის მერიის წარმომადგენელის, მინდია ქიბიშაურის თქმით, სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ თვითმხილველებს მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ.

- ეს გომბორის უღელტეხილის საკმაოდ რთული მონაკვეთია. ამას წინათ, ამ მონაკვეთზე ტრაილერიც ამოყირავდა და დაიწვა. აქ ერთბაშად იწყება მკვეთრი მოსახვევები, რომლის გავლისას მძღოლი ფრთხილად უნდა იყოს. მძღოლის გასაფრთხილებლად სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანიც დგას; ასე რომ, სიჩქარე მკვეთრად უნდა შენელდეს. დანამდვილებით რაიმეს მტკიცება ჯერ ადრეა, მაგრამ, სავრაუდოდ, მძღოლმა სიჩქარე არ შეანელა, შედეგად რთულ მოსახვევებში საჭე ვერ დაიმორჩილა. იმედია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ავრიის შემდეგ მძღოლი კონტაქტური იყო, სავარაუდოდ, მას ღვედი ეკეთა და ამიტომაც იყო შედარებით უვნებლად. პოლიციელების კითხვებსაც კი პასუხობდა. როგორც ჩანს, მანქანის კარი გაიღო და ორი ადამიანი მანამდე გადმოვარდა, ვიდრე მიკროავტობუსი ხევში გადავარდებოდა. სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იყო. ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო