დედებს შვილები "ავიწყდებათ"? - კვირის პალიტრა

დედებს შვილები "ავიწყდებათ"?

"ბევრი ქალი თურქეთიდან ჩამოდის და აქ აჩენს ბავშვს, მერე უკან ბრუნდება. ზოგს ერთი შვილი მოჰყავს თავისი ქვეყნიდან, აქ მეორეს აჩენს და ორივეს ტოვებს"

ბოლო დროს საქართველოში გახშირდა უცხოელი ბავშვების მინდობით აღსაზრდელად გადაცემის ფაქტები. უცხოელი დედები შვილებს საქართველოში ძიძას უტოვებენ, მათ ყოველთვიურ ანაზღაურებას ჰპირდებიან, თვითონ კი თურქეთში მიდიან. ძიძა ელოდება, როდის მიიღებს გასამრჯელოს, თუმცა ხშირად ეს ლოდინი უსასრულოდ გრძელდება - დედებს შვილები "ავიწყდებათ".

ნინო ცეცხლაძე 17 წელია აჭარაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალურ მუშაკად მუშაობს.

- აჭარა საზღვრისპირა რეგიონია და ეს პრობლემა აქ უფრო მწვავედ დგას. მიტოვებული უცხოელი ბავშვები არიან გონიოში, სარფში. ძირითადად, მშობლები თურქეთში მიდიან სამუშაოდ და ბავშვებს ძიძებთან ტოვებენ, თუმცა მათ აღარ აკითხავენ, თვეების განმავლობაში ძიძებს არ უხდიან თანხას, ისინი კი მოვლაზე უარს ამბობენ და ბავშვის მეთვალყურე სოციალური მომსახურების სააგენტო ხდება. არის შემთხვევები, როცა ვერ ვადგენთ, რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან დედის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ბავშვს კი არა აქვს დაბადების მოწმობა.

- თქვენ როგორ ავლენთ ასეთ ბავშვებს?

- ზოგჯერ ძიძები გვთხოვენ, ბავშვები ავიყვანოთ მინდობით აღზრდის პროგრამაში და სახელმწიფომ გადაუხადოს მოვლის საფასური. როდესაც 2-3 თვე გადის და დედა არ ჩანს, ძიძა ვალდებულია, მოგვმართოს. არის შემთხვევები, როცა ბავშვები მშვიდად გამოგვყავს, ზოგისთვის კი დიდხანს გვიწევს ყველაფრის ახსნა. ერთი რამ ცხადია - ბავშვები, რომლებიც ჩვენ წამოვიყვანეთ, მიმღებ ოჯახებში უკეთესად არიან, რადგან იქ კონტროლდება ყველაფერი: კვება, ჩასაცმელი, სამედიცინო მომსახურება, განათლება. პატარებზე ინფორმაციას, ძირითადად, სოფლის ექიმები გვაწვდიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც სასამართლოს ძალით გვიწევს ბავშვის წამოყვანა. თუკი ვხედავთ, რომ ბავშვს ძიძა თანხის გადაუხდელობის მიუხედავად, უვლის, ვტოვებთ, მაგრამ მაინც ვეძებთ ბიოლოგიურ დედას. მქონდა შემთხვევა, როცა ძიძამ თქვა, თანახმა ვარ, ჩემთან იყოს ბავშვი, რადგან ძალიან შევეჩვიე. თუ დედა გამოჩნდება, გავატანო. ასეთ მშობელს მეურვედ ვაფორმებთ და ბავშვი მიიღებს როგორც უფასო განათლებას, ასევე სამედიცინო დახმარებას. ერთი მიტოვებული ბავშვის ბებია-ბაბუას მიგრაციის სამსახურის დახმარებით მივაგენით. მერე დედაც ვიპოვეთ. მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია, დედისგან კი ბავშვსაც გადაედო დაავადება. ბავშვს აქ ვუმკურნალეთ. ყველა საბუთი მოვუმზადეთ და ბებიამ და ბაბუამ წაიყვანეს. ბევრი ქალი თურქეთიდან ჩამოდის და აქ აჩენს ბავშვს, მერე უკან ბრუნდება. ზოგს ერთი შვილი მოჰყავს თავისი ქვეყნიდან, აქ მეორეს აჩენს და ორივეს ტოვებს. ადრე უცხოელ ბავშვებს არ ჰქონდათ ვაუჩერი, არ დადიოდნენ სკოლაში, მაგრამ წლებია, ეს პრობლემა მოგვარდა. იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა სახელმწიფო სერვისები მიიღონ, საჭიროა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. იუსტიციის სახლი მათ ანიჭებს პირად ნომერს და ერთვებიან პროგრამებში.

- რა თანხას სთავაზობენ ძიძებს?

- სახელმწიფო ჯანმრთელ ბავშვზე თვეში 450 ლარს იხდის, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა - 600 ლარია. ეს ფასები იციან დედებმა და ძიძებს 500-600 ლარს სთავაზობენ ბავშვის 24-საათიან მოვლაში, თუმცა მერე იკარგებიან. მიტოვებულთა ასაკი 1 თვიდან 15 წლამდეა. დედების ასაკი - 40 წლამდე. ისინი ძირითადად, სექსმუშაკები არიან. დედას აქვს უფლება, მიმღებ ოჯახში მივიდეს და შვილი მოინახულოს, მაგრამ იქ ვერ მივა მთვრალი ან მამაკაცებთან ერთად.

- საიდან არიან მიტოვებული ბავშვების დედები?

- თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდავეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან... უზბეკეთიდან ცოტაა, რადგან სახელმწიფომ თვითონ მიხედა ამ პრობლემას.

- ასეთ ბავშვებზე რამდენ ხანს ზრუნავს საქართველო?

- გააჩნია მიზეზს. თუ დედა საქართველოშია, ჩვენ უფლება არა გვაქვს, მისი თანხმობის გარეშე ბავშვი თავის ქვეყანაში დავაბრუნოთ. თუ დედა ციხეშია და არ უნდა, მისი შვილი წავიდეს თავის ქვეყანაში, ვალდებული ვართ, 18 წლამდე ბავშვი მინდობით აღზრდაში გვყავდეს.

- ასეთი ბავშვების გაშვილება შეიძლება? - ადრე შეიძლებოდა პირდაპირი გაშვილება, თუკი დედა შვილზე უარს წერილობით დაწერდა, მაგრამ 2017 წელს კანონი გამკაცრდა. 17 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე დიდი რიგი ბავშვის შვილად აყვანაზე საქართველოშია. ბავშვს მიაშვილებენ იმას, ვისი რიგიც არის. ახლახან გამოვავლინეთ ორი გასაშვილებელი პატარა და ისინი წაიყვანეს ოჯახებმა, რომლებიც 2009 წელს დარეგისტრირდნენ და მას მერე რიგს ელოდებოდნენ. ბაზა განახლდა, ყველა მშვილებელი შემოწმდა და სტატუსი მივანიჭეთ. გაირკვა, რომ ბევრს პირდაპირი გზით ჰყავდა ნაშვილები. ისინი ამოვიღეთ სიიდან და ახლა რიგითობის მიხედვით ვაშვილებთ.

თეა ხურცილავა