გიორგი ტატუნაშვილი: "პასუხი რუსეთს მოეთხოვება" - კვირის პალიტრა

გიორგი ტატუნაშვილი: "პასუხი რუსეთს მოეთხოვება"

მარიამ ჯიშკარიანი, ექსპერტი: "სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ძალიან დაბალ დონეზეა დაწერილი, მასში მხოლოდ დაზიანებების შესახებ არის საუბარი, მაგრამ არ არის შეფასებული, დაზიანებები რით არის გამოწვეული და სხვ. არ ვიცი, ყოველივე რას დავაბრალო, არაპროფესიონალიზმს თუ რუსული სპეცსამსახურების გავლენას"

ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის წამებისა თუ შინაგანი ორგანოების ამოცლის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. ამიტომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 სარჩელს გაგზავნის, საქართველოში კი საქმე წამების მუხლით გადაკვალიფიცირდა. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვლის დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს კი წამებით მოკლეს. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა.

ოფიციალური მოსკოვი ამ საქმესთან კავშირს უარყოფს, თუმცა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე რუსეთს წარდგომა კიდევ ერთხელ მოუწევს. ამჯერადაც მის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებია. ლაპარაკია ადამიანის წამებაზე, მაგრამ ახლა მთავარია ქართულმა მხარემ საერთაშორისო სტანდარტებითა და ინგლისურ ენაზე შექმნილი ექსპერტიზის დასკვნა გაგზავნოს.

ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე, სადაც ქართულ მხარეს ტატუნაშვილზე უნდა ესაუბრა, მთავარი დოკუმენტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ინგლისური და რუსული თარგმანი არ წაუღიათ. შესაბამისად, შეხვედრის მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ცნობილია, რომ ორთვიანი ლოდინის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ტატუნაშვილის ოჯახს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.

გარდაცვლილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დანიშნა.

გიორგი ტატუნაშვილი: "ჩემი შვილი წამებით მოკლეს. სხეულზე ადგილი არა აქვს დარჩენილი, სისხლჩაქცევა რომ არ ჰქონოდა. ბლაგვი საგნით ასზე მეტი დაზიანება აქვს მიყენებული. საკონტროლო გასროლა არ ყოფილა, ციხიდან კი გამოვიდა ასეთი ხმა, თუმცა ჩვენებმა არ დაადასტურეს. რაღაც ნაჭდევები ეტყობოდა და ეს სიკვდილის შემდგომი დაზიანებააო, ასე განმიმარტეს.

შინაგანი ორგანოები - გული, ღვიძლი, ტვინი და საკვერცხეები ამოცლილი აქვს, ეს დასკვნაშიც არის აღწერილი.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა რამის თქმა არ შემიძლია. რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სახელმწიფოს და ჩვენ, ოჯახს ცალ-ცალკე შეგვაქვს. ჩემი შვილი კონკრეტულად, ვინ აწამა, არ ვიცი, მაგრამ რუსეთი აკონტროლებს ცხინვალს და შესაბამისად, პასუხი მას მოეთხოვება".

ადვოკატ თამარ ავალიანის თქმით, ოჯახის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოში შევა: "რუსეთი არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც აკონტროლებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, იმ სახელმწიფოს შეერაცხება ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიას აკონტროლებს".

ადვოკატის თქმით, მაისში რუსეთში გაიგზავნა განცხადება ოკუპირებულ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ გამოძიების დაწყების იმედი არა აქვთ, თუმცა ეს საჭირო პროცედურა იყო, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართათ.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიაში" მიიჩნევენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემის გამო სისხლის სამართლის საქმე ცალკე უნდა აღიძრას. ორგანიზაციის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდება, რის შემდეგაც დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებს.

მარიამ ჯიშკარიანი: "სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ აღწერილობითი ხასიათისაა და შეფასებითი ნაწილი არა აქვს. დასკვნა ინგლისურადაც არ უთარგმნიათ, რომ სტრასბურგში გადაგზავნონ. რა სახის გამოძიება მიმდინარეობს, გაუგებარია. არა მგონია, სამხარაულის ბიუროს საერთაშორისო სტანდარტების დასკვნის შედგენის რესურსი ჰქონდეს, ჩვენ კი აუცილებლად გავაკეთებთ ამას. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ძალიან დაბალ დონეზეა დაწერილი, მასში მხოლოდ დაზიანებების შესახებ არის საუბარი, მაგრამ არ არის შეფასებული, დაზიანებები რით არის გამოწვეული და სხვ. არ ვიცი, ყოველივე რას დავაბრალო, არაპროფესიონალიზმს თუ რუსული სპეცსამსახურების გავლენას".

თიკო ოსმანოვა