"ვნანობ, რომ ქართული არ ვიცი და არ შემიძლია მათ მადლობა გადავუხადო" - რას ამბობენ ცხინვალში ჯიოევის მკურნალობაზე? - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ ქართული არ ვიცი და არ შემიძლია მათ მადლობა გადავუხადო" - რას ამბობენ ცხინვალში ჯიოევის მკურნალობაზე?

"როდესაც ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებზე ვწერდით, ლამის მოღალატედ გამოგვაცხადეს, მუქარის შემცველ მესიჯებს გვწერდნენ და გვაფრთხილებდნენ, მოკეტეთო! ხედავთ, რა უცნაურია ეს ცხოვრება?"

ახალგორის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის თანამშრომელი ასლან ჯიოევი, თავის ქალის ფუძის მოტეხილობითა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებით, ღუდუშაურის კლინიკაში "წითელი ჯვრის" მანქანით გადმოიყვანეს. მას თან ახლავს მეუღლეც.

არსებული ინფორმაციით, ასლან ჯიოევი "ომონის" წევრია, რომლის ბოლო წლების საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი. თავდაპირველად, ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხაჩიროვის დაცვის თანამშრომელი ჯიოევი ადგილობრივი"მილიციის უფროსის, ალექსანდრე ჯიოევის ნათესავიცაა და ის წლების განმავლობაში ქართველების წამებაში მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, ჯიოევი ავტომანქანას მთვრალი მართავდა, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა გიორგი გეგიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "ცხინვალიდან ახალგაზრდა ოსი მამაკაცი ქალა-ტვინის ღია ტრავმის დიაგნოზით გადმოიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა... არადა, რამდენიმე საათის წინ არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნა ვნახე. ვერაფრით გავეცი კითხვას პასუხი: რა ჰქვია ამ ყველაფერს?"

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტია აცხადებს, რომ პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა...

ასლან ჯიოევზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ის ფილიპ ხაჩიროვის მცველად ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დანიშნეს, თუმცა ქართველი ტყვეების საქმეში ადრეც ფიგურირებდა, პირადად მონაწილეობდა 2008 წელს ქართველი ტყვეების წამებაში.

ასლან ჯიოევს გამოჯანმრთელებას უსურვებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილი, თუმცა ბევრი კითხვაც აქვთ: "პრეზიდენტი ბიბილოვი აშკარად ებრძვის და ცდილობს, საქართველოში სამკურნალოდ წამსვლელთა რაოდენობა შეამციროს, მაშინ რატომ გააქანეს ჯიოევი სწორედ თბილისში? ან რატომ ვერ უშველეს ცხინვალში, სადაც, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერი და მათ შორის მედიცინაც ვითარდება... იცის ბატონმა ბიბილოვმა, რომ ჩ-ჰეპატიტითა და შიდსის ვირუსით დაავადებული პაციენტები, სურვილის მიუხედავად, რუსეთში სამკურნალოდ ვერ მიდიან და ასე ჩუმად კვდებიან?! სირცხვილია! თქვენ ვერასდროს ააშენებთ სახელმწიფოს".

ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანას ჩვენს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... "კვირის პალიტრასთან" საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ქართული მხარის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე საუბრობს:

- ეს ადამიანი "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციამ გადმოიყვანა და პაციენტის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. მტერიც რომ ყოფილიყო, ქართულ მხარეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მით უფრო, რომ ახლანდელი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია კონფლიქტურ რეგიონებსა და იქაურ მოსახლეობასთან დიალოგის შენარჩუნებაა.

- ეს არის ადამიანი, რომელსაც, სულ მცირე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება არჩილს ტატუნაშვილის წამებით სიკვდილზე...

- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიუხედავად იმისა, ის ახლა სად ცხოვრობს და რა დროებითი რეალობაც გვაქვს, ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. სახელმწიფოში მოქმედი სისხლის სამართლის თანახმად, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული ან თანამონაწილეა, უნდა დაისაჯოს და როგორც ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ, პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას. ამ შემთხვევაში, არც ერთ საერთაშორისო საზოგადოებას, "წითელი ჯვარი" იქნება თუ სხვა, ჩარევის უფლება არა აქვს.

"პირველად ვნანობ, რომ ქართული არ ვიცი..."

სოციალურ ქსელში ასლან ჯიოევის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას ოსი მოსახლეობის კომენტარები მოჰყვა:

"როგორც ოჯახი ამბობს, ჯიოევი კომაშია და გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა ქართველი ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ...

დედამ რატომღაც ქართული სკოლა დაამთავრა და ახლა პირველად ვნანობ, რომ მე ქართული არ ვიცი და არ შემიძლია მათ მადლობა გადავუხადო... ჩვენ აქ ქართულ სკოლებს ვხურავთ და ლენინგორის საბავშვო ბაღის ათეულობით ქართველი თანამშრომელი, რომლებმაც 2008 წლის ომის შემდეგ ლენინგორში დარჩენა არჩიეს, ოსური ენის არცოდნის გამო სამსახურიდან გაუშვეს და ულუკმაპუროდ დატოვეს... არადა, ცხინვალშიც თითქმის არავინ იცის სალიტერატურო ოსური. ეს არის თქვენი პოლიტიკა?!".

"ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნასვამი იყო ჯიოევი თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ვინმეს უკვირს ჩვენი მაღალჩინოსნების ამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა?! თუმცა ამაზე არ მინდა კომენტარი... როდესაც ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებზე ვწერდით, ლამის მოღალატედ გამოგვაცხადეს, არ დავასახელებ, ვინ, მაგრამ მუქარის შემცველ მესიჯებს გვწერდნენ და გვაფრთხილებდნენ, მოკეტეთო! ხედავთ, რა უცნაურია ეს ცხოვრება? ქართველ ექიმებს ადამიანური მადლობა ერთი რიგითი ოსისგან, ვიცი, რომ ხვალ და ზეგ მეც რომ აღმოვჩნდე თქვენს ხელში, ჩემს გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებთ".