"დანით მოუკლავს, არ ვიცი, როგორ გაიმეტა, ბუტას პატარა შვილები დარჩა ობლად" - კვირის პალიტრა

"დანით მოუკლავს, არ ვიცი, როგორ გაიმეტა, ბუტას პატარა შვილები დარჩა ობლად"

15 ივნისს, გვიან ღამით, ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე ამავე სოფლის მცხოვრებმა მოკლა. ექიმების ინფორმაციით, ბუტა ანთაძეს ჭრილობები ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ცივი იარაღით, ღამით, ურეკის დენდროპარკისთვის ხის გადატანისას მოკლეს, თუმცა ადგილობრივები ამას არ ადასტურებენ. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში ახალგაზრდა ბიჭების თავშეყრის აკრძალვა იყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები გვესაუბრა:

- მკვლელობა ღამით, დაახლოებით 2-დან 3-საათამდე მოხდა, ამიტომაც სოფელს არაფერი გაუგია. ტრაგედიის ამბავი გამთენიისას გახდა ცნობილი, მკვლელობის ადგილზე უკვე კრიმინალისტები მუშაობდნენ..

- მკვლელობა პოლიციის შენობაში მოხდა?

- სოფლის გზაზე. პოლიციის უფროსი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, სამსახურთან ახლობლებმა მოიყვანეს მანქანით, გზაზე, პოლიციის შენობასთან ახლოს ჩამოსვეს. როგორც ვიცი, სამსახურში შევლას აპირებდა - ის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი არ იყო, მეზობელ სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა. თუმცა შენობამდე ვეღარც მივიდა, როგორც ჩანს, ამ დროს შეხვდა იმ ბიჭს, რომელიც იქვე ცხოვრობს, რა მოხდა ზუსტად არავინ  იცის, დანით მოუკლავს, ბრალდებული 25 წლის ბიჭია, თითქოს თქვეს, რომ ნასვამი იყოო, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენს ხელში გაზრდლი ბიჭია, ვერც კი წარმომიდგენია, რომ მკვლელობა ჩაიდინა.

- გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი სოფლიდან ურეკის დენდროპარკისთვის ხის გადატანის დროს მოკლეს, ის ხეს მიაცილებდა.

- ტყუილია, ხე მკვლელობამდე კარგა ხნით ადრე გადაიტანეს. პროცესს შეიძლება პოლიციის უფროსიც ახლდა, მაგრამ მკვლელობა ამ დროს არ მომხდარა. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ის მეგობრებმა დაპატიჟეს ოჯახში, სუფრაზე, საიდანაც წამოსულს მასპინძლისთვის უთქვამს, ჩემი სახლში წასვლა არ ღირს, სამსახურში დამტოვეთო და დატოვეს კიდეც გზაზე.

- რატომ უნდა მოეკლა 25 წლის ახალგაზრდას პოლიციელი, მანამდე რაიმე უთანხმოება ხომ არ ჰქონდათ?

- როგორც ვიცი, ადრე ჰქონიათ რაღაც კონფლიქტი. მკვლელობაში ბრალდებული წესიერი ბიჭი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა ცოტა და სიმთვრალეში ხასიათი უფუჭდებოდა. როგორც ჩანს, ამჯერადაც ნასვამს ძველი კამათი გაახსენდა. სავარაუდოდ, პოლიციის უფროსიც, ნასვამი იქნებოდა...

გარდაცვლილიც საცოდავია და მკვლელობაში ბრალდებულიც, დაიღუპა თავი და სხვაც დაღუპა. ბუტა ანთაძეს პატარა შვილები დარჩა ობლად, თვითონაც ახალგაზრდობა დაისამარა, მამამისი თურქეთში გამუდმებით მუშაობდა, რომ მისთვის მომავალი მოეწყო, ახლა ბედნიერი მომავლის ნაცვლად წინ ციხე ელის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)