"მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყე..." - რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ 4 წლის გოგონა - კვირის პალიტრა

"მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყე..." - რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ 4 წლის გოგონა

13 ივნისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან ტაქსი გაჩერდა. მანქანიდან ორი უზბეკი ქალი გადმოვიდა, ერთს ხელში პლედში გახვეული პატარა გოგონა ეჭირა. როგორც მორიგე პოლიციელებს უზბეკეთის მოქალაქე საი-რახონ მირბობოევამ უთხრა, არ იცოდა ბავშვი ცოცხალი იყო თუ არა. ძალოვანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ პატარას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მეტიც, სხეულზე მრავლად ჰქონდა ძალადობის კვალი. დადგინდა, რომ იგი საი-რახონ მირბობოევას სასტიკი წამებით, ცემით მოუკლავს. პატარას ოჯახის წევრები საქართველოში არ არიან. არსებული ინფორმაციით, ძალოვანები მისი დედის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

შემზარავი დანაშაული ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები დიასამიძეების სახლში მოხდა. ბინა უზბეკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის წინ იქირავეს. აქ ცხოვრობდა ბრალდებული, მისი მეგობარი ქალი და მირბობოევას ნათესავის 4 წლის შვილი. ბავშვის დედამ, როგორც ჩანს, შვილი ნათესავს დაუტოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

ერთი ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთშია, ხოლო მეორე ვერსიით, ის უზბეკეთში გაასახლეს. უცნობია, რატომ იძალადა ბავშვზე ქალმა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის მეგობარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეორე ოთახში ეძინა და ბავშვის ცემის ხმა არ გაუგონია. თავად ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ არ ვიცი, რა მომივიდა, მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყეო.

საი-რახონ მირბობოევას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ძალოვანებმა შემთხვევის ადგილი შეამოწმეს და ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს. როგორც ამბობენ, ნაგვის ურნაში იპოვეს მოკლული ბავშვის ტანსაცმელი.

ადვოკატი ლაშა რომანაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებული ციხეში უფრო დაცული იქნება, რადგან მისი გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს ბავშვის დედის შურისძიების საფრთხე. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მას 13-დან 17 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებულმა მოსამართლეს მხოლოდ ეს ჰკითხა: "შესაძლებელია, რომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯოთ? იმიტომ გეკითხებით, ვიცი, დამნაშავე ვარ". ბრალდებულის ადვოკატი მისი დასაცავის ფსიქიკურ მდგომარეობასაც ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ქალი ამბობს, რომ არ იცის, ეს რატომ ჩაიდინა.

შეგახსენებთ, ჩვენ უკვე ვწერდით დედებისგან მიტოვებული უცხოელი პატარების პრობლემაზე. როგორც ჩვენი რესპონდენტი, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე ამბობდა, გახშირდა უცხოელი ბავშვების საქართველოში მიტოვების შემთხვევები და ინტერვიუში სწორედ ერთ-ერთ ასეთ უბნად ასახელებდა ბათუმის აეროპორტის დასახლებას. "ხშირად გვხვდებიან უცხოელი მიტოვებული ბავშვები ბათუმში, გონიოში, სარფში. ძირითადად, მშობლები თურქეთში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს ძიძებთან ტოვებენ. თუმცა შემდეგ მშობელი კონტაქტზე აღარ გამოდის...".

როგორც ჩანს, უზბეკი გოგონაც ასევე დატოვა სხვასთან დედამ. საქმეში უკვე ჩაერთო უზბეკეთის მხარე. გამოძიება გრძელდება და ალბათ გაეცემა პასუხი მთავარ კითხვას, რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ 4 წლის უმწეო გოგონა.

თეა ხურცილავა