"პოლიციელს მიეპარა და ზურგში დანა ჩაარტყა" - კვირის პალიტრა

"პოლიციელს მიეპარა და ზურგში დანა ჩაარტყა"

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე პოლიციის უფროსს გვიან ღამით ქუჩაში დაესხა თავს - ზურგიდან მიეპარა და დანით ჭრილობები მიაყენა. მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მას სიცოცხლე ვეღარ შეუნარჩუნეს.

პოლიციის უფროსის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მასთან ბრალდებულს ადრეც ჰქონია კონფლიქტი და ეს ძველი წყენის გამო შურისძიებაა.

ბესიკ ტაკიძის ბაბუა: "ბუტა ანთაძე ჩემს შვილიშვილს ხშირად ნარკოტიკის გამო იჭერდა და განყოფილებაში მიჰყავდა. 5-ჯერ წაიყვანეს, მაგრამ წამალი არც ერთხელ არ აღმოაჩნდა. იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი".

ბრალდებულის მეზობელი ქალის თქმით, ბუტა ანთაძე ახალგაზრდებს ქუჩაში დგომას უკრძალავდა. ბესიკ ტაკიძე ადრე უცემია და მაშინ აქციებიც კი გამართულა პოლიციელის გადაყენების მოთხოვნით.

"მკვლელობა ღამით, 2-დან 3 საათამდე მოხდა, ამიტომაც ხმაური არ გაგვიგია. იმ დღეს დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ ხეები და ქუჩაში ხალხმრავლობა იყო... პოლიციის უფროსი სამსახურთან ახლობლებს მიუყვანიათ მანქანით. ტაკიძეც იქვე ცხოვრობს. პოლიციელი შენობაში შესვლას აპირებდა, როცა თავს დაესხა და დანა ჩაარტყა. ამბობენ, ნასვამი იყოო. დალევა უყვარდა და ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. პოლიციელს მიჰპარვია და ზურგში დანა ჩაურტყამს.

ჩვენ თვალწინ გაიზარდა ეს ბიჭი, მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა".

არსებული ინფორმაციით, ტაკიძე ადრე წვრილმანი დანაშაულისთვის გაუსამართლებიათ.

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ოჯახს სამძიმარს უცხადებს: "შს სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ოჯახს შეუმსუბუქოს ეს მძიმე ტრაგედია. ბუტა ანთაძე იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა ბრალდებულთან. დამნაშავე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით".

არც ქობულეთის პოლიციის უფროსი ვახტანგ ტერაშვილი საუბრობს დაპირისპირებაზე: "ბუტა ღირსეული პოლიციელი იყო. გამოძიება დაადგენს, რა იყო კონფლიქტის მიზეზი. პოლიციელებისა და დამნაშავეების მეგობრობა არასდროს გამოვა!"

ბუტა ანთაძეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. 2011 წლიდან მუშაობდა სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსად, მანამდე კი ქობულეთის პოლიციაში.

"სიმართლის მოყვარული კაცი იყო, გვერდში ედგა სახელმწიფოსა და ხალხს", - ამბობენ მოკლულის ახლობლები. ბუტა ანთაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საქმეს ანთაძის კოლეგები და პროკურატურა იძიებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ და რას ასახელებს მკვლელობის მიზეზად. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა