"პროკურორმა მითხრა: თუ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გარეთ გამოვუშვებთ, ვინც დაკავებულიაო" - კვირის პალიტრა

"პროკურორმა მითხრა: თუ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გარეთ გამოვუშვებთ, ვინც დაკავებულიაო"

ერთ-ერთ შეხვედრაზე პროკურორმა იმედა გუგუშვილმა მომმართა: თუ თქვენ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სარალიძემ კომისიის სხდომაზე განმარტა, საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი გ.ჯ-მ მოკლა, ხოლო პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღწერა კიდეც დაახლოებით როგორ შეეძლო დაერტყა მას დანა 12-ჯერ.

"თავიდან საქმის პროკურორებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე თან მახლდა მამაჩემი - ფრიდონ სარალიძე. ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა. მე სიმართლე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. საქმე გამოძიების ეტაპზე იყო და ვფიქრობდი, რომ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ ჩემი შვილის მკვლელი მხოლოდ გ.ჯ. იყო. ვსაუბრობდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მომართვა იყო: - თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ! ამაზე ჩემი პასუხი იყო: - გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუკი დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი ჰქონდა?! ამ ინფორმაციას მამაჩემიც დაადასტურებს. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე, არ აპირებდნენ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც იმედი არ დამიკარგავს და მაინც ვენდობოდი პროკურატურას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე ინფორმაციით, მაისის თვეში გამართულ შეხვედრაზე მან პროკურორ გუგუშვილს უთხრა, რომ თუკი სიმართლე არ დადგინდებოდა "მალალეტკების ომი დაიწყებოდა", რაზეც მისი პასუხი იყო, რომ "დაიწყოს, არ არის პრობლემა".

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.

ამ წუთებში ზაზა სარალიძის მოსმენა მიმდინარეობს.