ვინ არის კეზერაშვილის ექსბიზნესპარტნიორი, რომელიც "ხორავას ქუჩის“ საქმეზე ჩვენებას მისცემს?! - კვირის პალიტრა

ვინ არის კეზერაშვილის ექსბიზნესპარტნიორი, რომელიც "ხორავას ქუჩის“ საქმეზე ჩვენებას მისცემს?!

პარლამენტში ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიამ იმ პირთა სია დაასახელა, რომელთა დაკითხვასაც აპირებს. მათ გარდა, რომელთა  საქმესთან კავშირზე საზოგადოებას, დიდი ხანია, ესმის, სიაში ფიგურირებს ივანე ნაკაიძის სახელიც, რომლის დაკითხვა საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანთან და საქმის წარმოებაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად გადაწყვიტა.

ივანე ნაკაიძე სხვა ქართველი მილიონრებისა და მილიარდერების მსგავსად ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების მეწილეა. 2016 წელს გამოქვეყნებული "პანამა ფეიფერსის" დოკუმენტების თანახმად, ის იმ კომპანიის წილს ფლობს, რომლის მფლობელად დავით კეზერაშვილი სახელდება.

ივანე ნაკაიძე კეზერაშვილის ბიზნესებს წარმოადგენდა 2012 წლამდე. შემდეგ, როგორც ირკვევა, თავადაც გახდა ამ ბიზნესების მეწილე და დღესაც წარმოადგენს იმავე ბიზნესებს იაკობაშვილის ჰოლდინგის ქვეშ.

ბიზნესები, რომელთანაც ნაკაიძე კავშირშია 2009 წლიდან, არა მხოლოდ ქვეყნის უმსხვილეს ეკონომიკურ აქტივებს მოიცავს, არამედ ასევე ფლობდა წილებს მედიასაშუალებებში და იყო ამ მედიების აქტიური დამფინანსებელი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში გავლენიანი ადამიანები იკვეთებოდნენ. მედიაში გამოქვეყნდა ფოტოც, სადაც ამერიკაში მოღვაწე პროდუსერი სერგი ნაკაიძე ბერა ივანიშვილთად ერთად იყო ასახული და მედია წერდა, რომ სერგი ნაკაიძე ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული იმ პირის ბიძაა, რომელიც მიიმალა. ფოტოზე ასახული სერგი ნაკაიძე კი სწორედ ივანე ნაკაიძის ძმაა, რომელიც დღემდე საქართველოში კეზერაშვილის აწყობილ უმსხვილეს ბიზნესებს წარმოადგენს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ გამოძიებას ემალება სწორედ ბრალდებული გ.ჯ., რომელიც მაისში პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა პროკურატურის მოთხოვნილი ბრალისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით.

საგამოძიებო კიმისიის თავმჯდომარე და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "რეზონანსთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ საგამოძიებო კომისია დაკითხავს ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძას - ივანე ნაკაიძეს.

რატომ გახდა საჭირო ამ პირის დაკითხვა და ფიგურირებს თუ არა მისი სახელი საგამოძიები მასალებში, ან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან, კაპანაძე გვპასუხობს, რომ მათთან მისული მასალების მიხედვით, ამ პირის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს პასუხის გაცემა მოუწევს.

რა შინაარსისაა ეს კითხვები, დეპუტატი არ აკონკრეტებს. კაპანაძე ამბობს, რომ ყველას, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდება, კომისია დაიბარებს. ხოლო რაც შეეხება მოწმის მეგობრობას დავით კეზერაშვილთან, რომელიც მათი გუნდის წევრი იყო, ეს კომისიის მუშაობასა და კითხვების შინაარსზე გავლენას ვერ მოახდენს, კომისიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი მეგობარი და ახლობელია. მისი თქმით, ეს გარემოება კომისიის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"ივანე ნაკაიძის დაკითხვა მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიები მასალებში მოცემული გარემოების გამო გადავწყვიტეთ. ეს ადამიანი საქმესთან გარკვეული სახის შეხებაშია. ვერ გეტყვით, რა სახის კითხვებს დავუსვამთ, ეს უკვე კომისიის გადასაწყვეტია...

რაც შეეხება იმას, რომ ნაკაიძე და კეზერაშვილი წარსულში ბიზნესპარტნიორები იყვნენ, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მისი დაკითხვა ამის გამო არ გადაგვიწყვეტია. მისი სახელი საგამოძიებო მასალებში ფიგურირებს და ამიტომ გვინდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

"რა თქმა უნდა, ვერ დაგიკონკრეტებთ, რა შინაარსის კითხვებს დავუსვამთ. მისი დაკითხვის ზუსტი დღე და რიცხვი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის აუცილებლად დაიკითხება", - განაცხადა "რეზონანსთან" კაპანაძემ. (წყარო)