მცირეწლოვან ტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს - კვირის პალიტრა

მცირეწლოვან ტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"