"კუკარაჩასთან დარეკვა არ ტეხავს"
30-06-2018
"კუკარაჩასთან დარეკვა არ ტეხავს"
ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა. ამას წინათ ბულინგის მსხვერპლი გოგონა მიყვებოდა, როგორ ამცირებდნენ თანატოლები იმის გამო, რომ არ ეცვა თანაკლასელებივით: "მათთვის მიუღებელი აღმოვჩნდი, ჩაცმის სტილის გარდა, გარეგნობასაც მიწუნებდნენ, დამცინოდნენ და ნაირ-ნაირ მეტსახელსაც­ მარქმევდნენ. ჩემ გარდა, ამოჩემებული ჰყავდათ ორი ბიჭი. ერთის სიმსუქნე არ მოსწონდათ, მეორის - სიმაღლე. ვტიროდი, სკოლაში წასვლა აღარ მინდოდა, ჯოჯოხეთად მექცა სიცოცხლე, არარაობად ვთვლიდი თავს და ხშირად სიკვდილიც მინატრია".

დავით ანდღულაძე, ფსიქო­თერაპევტი: - ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია გარემო,
სადაც იზრდება. მნიშვნელოვანია, როგორ ექცევიან მას სხვები - უსმენენ თუ არა, ითვალისწინებენ­ თუ არა მის მოთხოვნილებებს. თუ ბავშვი უგულებელყოფილია, ისიც ცდილობს უგულებელყოს სხვები. ამასთან, როცა მოზარდს სიყვარული, სითბო აკლია, არ უსწავლია თანაგრძნობა, ჩაგვრა-ძალადობა მისთვის ბუნებრივი რამ არის, მასაც ხომ ასე ექცეოდნენ... ის უკვე შეეჩვია, აღარც
სტკივა და ჰგონია, არც სხვას ეტკინება, ან სტკივა და უნდა სხვასაც მასავით ეტკინოს და თითქოს ამით აღიდგენს წონასწორობას. მჩაგვრელის დასახასიათებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახი და ერთ დროს გადატანილი ტრავმები...
უნდა გავაცნობიეროთ, რა საფრთხის შემცველია ე.წ. გარჩევები. შეიძლება მოძალადეს იარაღი არც ჰქონდეს, მაგრამ ძლიერად მოქნეულმა მუშტმა ან წიხლმა სხვისი სიცოცხლე შეიწიროს, რაც მოძალადეს მთელი ცხოვრება ტვირთად უნდა დააწვეს.

- ძალადობის მსხვერპლ ბავშვს­ დიდი სტრესის გადატანა უწევს, როგორ ადამიანს მივიღებთ მისგან?
- მისგან შეიძლება მივიღოთ ტრავმირებული, დაბოღმილი, გაბოროტებული პიროვნება მძიმე აუტოაგრესიითა და სუიციდური ფიქრებით, მძიმე კომპლექსური განცდებით. ასეთები თავს მიიჩნევენ არარაობად, წლების განმავლობაში ზეწოლა მათზე კვალს ტოვებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კვალი ყოველთვის წარუშლელია.

- როგორც ამბობენ, ბულინგი გარდატეხის ასაკში უფრო მწვავდება.
- დიახ, ამ დროს იზრდება­ ფსიქოლოგიური წნეხი, რასაც განაპირობებს სხეულის ახალი ფორმები, რაც ბევრს აკომპლექსებს...­ უჭირთ სწავლაც, ურთი­ერთობები, ხდება გაუცხოება და ესეც აგრესიის დამატებითი წყაროა. მეორე მხრივ, მოზარდები ამ ასაკ­ში უფრო მეტის უფლებას­ აძლევენ თავს და ზეწოლის დროს უფრო მძიმე სიტყვებითა და საგ­ნებით ძალადობენ. ბულერი­ აქტიურობს მაშინ, როდესაც თვითონ აქვს კრიზისი, რაც დაკავშირებულია გარდატეხის ასაკთან, ოჯახთან (მშობლები გაიყარნენ, ან ვერა და ვერ გაიყარნენ და 24 საათი ომი აქვთ) და მასში გროვდება ნეგატივი, კომპლექსები წარმოშობს აგრესიას, რაც ბულინგის­ სახით სკოლაში ვლინდება... ბავშვები დასცინ­იან და ხალისობენ­ მსხვერპლის აბუჩად­ აგდებით და ვერ აცნობი­ერებენ, რომ მისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. არის შემთხვევები, როცა უფრო მძიმე ზეწოლა ხდება­ მსხვერპლზე და რაც უფრო გაჩუმდება, მოძალადე მით მეტის უფლებას აძლევს თავს.

- ხშირად მსხვერპლი ჩაგვრას ძალადობას უპირისპირებს და მიმართავს ქუჩის ავტორიტეტებს...
- ასეთ შემთხვევაში აუცილ­ებლად უნდა ჩაერიოს უფროსი, რაც შეიძლება სანდო ადამიანი, რომელსაც აქვს საამისო ალღო, განათლება ან კვალიფიკაცია. ქუჩის ავტორიტეტი ისევ ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს, ძალას­ კი ყოველთვის გამოუჩნდება საპირი­სპირო ძალა. ბავშვებმა­ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩხუბი ყოვე­ლთვის შეიცავს სიკვდილის ან მარადიული ინვალიდობის საფრ­თხეს, რაც მათ მთელი ცხოვრება ტვირთად დააწვება.

- "ჩაშვება ტეხავს" - დღეს ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ მოზარდები, რაც სწორედ ქურდული მენტალიტეტის გამოვლინებაა.
- რატომ უნდა მეიმედებოდეს­ ქუჩის ავტორიტეტი და არა პატრული თუ პროკურატურა, რო­მლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებობენ? საზოგადოებაში უნდა იყოს პატრულის სანდოობა. როცა პატრულის მუშაობა გამჭვირვალე და კანონის ფარგლებში იქნება მოქცეული, როცა საიმედო იქნებიან პროკურატურა და სხვა შესაბამისი ორგანოები, მაშინ­ შესუსტდება ქურდული მენტალიტეტი. როცა "კუკარაჩას" გავიცნობთ, გვეცოდინება, რომ ის სანდოა და შეგვიძლია დაველაპარაკოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ "კუკარაჩასთან" დარეკვა არ"ტეხავს, ის ჩვენი­ ძმაა, იარაღიც აქვს და კანონიერი უფლებაც. ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მაინც გაჟონავს ინფორმაცია, ვინ დარეკა პატრულში და პასუხი მოეთხოვება კლასელებისგან, მოძალადის მშობლებისა და მასწავლებლებისგან. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს სანდო სისტ­ემა, სადაც ანონიმურობა იქნება დაცული.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები