"სინთეზური ნარკოტიკი მსოფლიო ეპიდემიაა"
25-06-2018
"სინთეზური ნარკოტიკი მსოფლიო ეპიდემიაა"
ნარკომანიის პრობლემა ისევ მწვავედ დგას ქვეყანაში. მართალია, ხმაურიანი სპეცო­პერაციები ღამის კლუბებში ჩატარდა, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ მიგვიღია - ე. წ. კლუბური ნარკოტიკებით ახალგაზრდები ისევ იღუპებიან. გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახი გაუბედურდა. შინ დაბრუნებულ დედას შვილები სააბაზანოში უგონოდ დახვდნენ - უმცროსი, 22 წლის ლუკა ანდოლინი, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. 23 წლის დავით ანდოლინი კომაშია და მის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან. პრობლემა უკიდურესად მწვავეა! ბოლო დროს კლუბური ნარკოტიკით დაღუპული რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალების
მიზეზს გამოძიება არ ასაჯაროებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია,­ რომ ყველას ორგანიზმში ფენტანილი აღმოჩნდა. დასახელდა მეტადონი, ექსტაზი, ტენამფეტამინიც...

თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი: - ნარკოტიკები რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სპეცოპერაცია არ იყო ეფექტიანი. ჩემი აზრით, საერთოდ არ ეძღვნებოდა ნარკოტიკის მოხმარების პრევენციას. ერთი სპეცოპერაციით ეს პრობლემა ვერ
აღმოიფხვრება. მხოლოდ შს ან ჯანდაცვის თუ განათლების სამინისტროები ამას ვერ გააკეთებენ. კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. საქმეში უნდა ჩაერთონ როგორც მთავრობა, ისე სპეციალისტები, სხვაგვარად ბრძოლა ამაო იქნება. ჩვენს კლინიკაში მოდიან ადამიანები,­ რომლებიც აღიარებენ, რომ დაავადებული არიან და სურთ ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა. თითქმის ყველა პაციენტს გამოუცდია, რასაც სხვადასხვა ნარკოტიკის ზედოზირება იწვევს.

- ზედოზირების შემდეგ კვლავ განაგრძობენ­ მოხმარებას. მათ თვალწინ იღუპებიან ადამიანები, ისინი კი ისევ იღებენ ნარკოტიკს...
- ეს დაავადება რაციონალურ აზრსა და ლოგიკას მოკლებულია.­ როდესაც ადამიანი ნარკოტიკზეა დამოკიდებული, შედეგზე არ ფიქრობს. კლინიკიდან გასულები, სამწუხაროდ, იმავე დღესვე უბრუნდებიან ნარკოტიკს. სინთეზური ნარკოტიკები, მათ შორის სინთეზური ოპიოიდები, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზად ითვლება. ბოლო დროს მას სხვადასხვა სახელით იღებს მომხმარებელი და არ იცის, რომ ამან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. სინთეზური ნარკოტიკები მსოფლიოს პრობლემაა, ეს ეპიდემიაა. ძალიან სწრაფად მიმდინარეობს მათი სინთეზირება და ფორმულების შეცვლა. შესაბამისად, იდენტიფიცირება რთულია.

- შემადგენლობით თუ ინტერესდებიან მომხმარებლები?
- შემადგენლობა არასოდეს იციან. ზოგიერთი ამბობს, თაგვის წამალსაც ურევენო, ასეთი მითიც არსებობს, მაგრამ მაინც აგრძელებენ მოხმარებას... დაყოვნება აღარ შეიძლება! საგანგაშოა, რომ დღეს ნარკოტიკების შეძენა შინიდან გაუსვლელად, ინტერნეტითაც შესაძლებელია. შედეგად საგრძნობლად გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი, მათ შორის, მოზარდების. გვყავს როგორც ნარკოტიკზე, ასევე ალკოჰოლზე დამოკიდებული 18-20 წლის პაციენტები. რაც დრო გადის, სულ უფრო რთული პაციენტები შემოდიან, მათი მკურნალობაც ბევრად გაძნელებულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ხშირად დებენ პირობას, დოზას გავაკონტროლებთო, მაგრამ თავს­ იტყუებენ. მათ სხვანაირად ცხოვრება უკვე არ შეუძლიათ!..

საპატრიარქოს განცხადება

ამ პრობლემის გამო წუხს საპატრიარქოც, აღნიშნულ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელეს:

"როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება სარჩელი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე, რაც, ფაქტობრივად, ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს მისი მოპოვების ლეგალური გზების \ძიების საკითხს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას ლეგალური, ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია!

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთათვის პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი დაკავშირებული უნდა იყოს ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან, სახელმწიფომ კი უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: უნდა შეიქმნას სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ; საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა - ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი; აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება; უნდა გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებაზე, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა მიერ მოხმარებასთან დაკავშირებით; ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასაქმების საკითხი".

სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა: "შეიქმნას კომისია ამ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით