"ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო"

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძესა და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ რატომ არ მოხდა ყველა უბნიდან სისხლის ნიმუშების აღება.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან როგორც ჩანს, არ არის აღებული ნიმუშები, დაზუსტებით არ ვიცით ეს სისხლია თუ არა. შეფერილობით სისხლს გავს. როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ეს სარალიძის სისხლია. საინტერესოა, რატომ არ მოხდა ნიმუშების აღება", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"შესაბამისი ლოკაციებიდან სისხლის ნიმუშები აღებული იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ის გარემოება, რომ სისხლის ყველა უბანი არ შემოწმებულა, პრობლემატურად არ ჩაითვალა, ვინაიდან პროცესზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ფარდულში მხოლოდ ერთი პირი იყო დაჭრილი დავით სარალიძე და მეორეს გ.მ-ს ქონდა დაზიანებები. სხვა პირთა დაზიანება რეალურად არ მომხდარა. ასევე იმ ლოკაციიდან აღებულია სისხლის ნიმუში რაც საკმარისად იქნა მიჩნეული", -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ზვიად ფხაკაძის თქმით, ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილეობდა მირზა სუბელიანის შვილიც, ეს უშუალოდ დაკითხვის დროს, ან დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო.

"ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია", - განაცხადა ფხაკაძემ.

შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძეც აცხადებს, რომ მანაც დაკითხვის დროს შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

ფხაკაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო

"ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება და შეგინება. როგორც გ.ჯ. იძახის, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი. რამდენიმე პირი იძახის, რომ დათომ ზოგადად შეიგინა ანუ კონკრეტულად არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და უკვე როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაზე - ფარდულთან 3-4 მეტრით წინ. ვინც გამოძიებაშია ნამუშევარი, მოგეხსენებათ, რომ ეს არის დინამიური პროცესი და სტატიკურად ხსენებული პირები ვერ იქნებოდნენ. ხელის მოქნევა იყო, ხელი მოხვდა დ.ჩ-საც, ასევე თ.ნ.-საც მოხვდა ხელი,რომელიც ფაქტობრივად, აშველებდა. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის" - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.