"ერთის მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი წეროვანში ავარიის შედეგად დაშავებულებზე? - კვირის პალიტრა

"ერთის მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი წეროვანში ავარიის შედეგად დაშავებულებზე?

წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 16 პირიდან 11 მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლაშა ბუთურიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაშავებულები კლინიკაში ამ წუთებში შეჰყავთ.

"ამ დროისთვის ჩვენთან მოთავსებულია 11 პაციენტი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მიმდინარეობს გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის მუშაობის აღდგენა, რადგან დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა ბუთურიშვილმა.

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 16 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც"ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

"ინტერპრესნიუსი"