რა კავშირი აქვს ნინუების მკვლელობას აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან? - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს ნინუების მკვლელობას აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან?

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემზარავი მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა.

შეგახსენებთ: 2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა მოკლული იპოვეს. თავიდანვე ითქვა, მკვლელი პროფესიონალი იყო - სასიკვდილო ჭრილობა ორივეს საფეთქელთან თითო გასროლით ჰქონდა მიყენებული.

მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა - ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა. უფრო სწორად, წიწაკას ძაღლი აღარ ეკარება და სუნი ვერ აიღო... თამაზ ნინუას კაბინეტში ელექტროგამათბობელი იყო ჩართული.

მართალია, გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა. მასრებზე ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნის.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. ეს ფაქტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ახლობლებისთვის, რადგან გოგია თამაზ ნინუას უახლოესი მეგობარი იყო. ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებდა. ირკვევა, რომ ეს სიცრუე იყო და არანაირი აღიარებითი ჩვენება არ არსებობს. თამაზ გოგია დღემდე კატეგორიულად უარყოფს მკვლელობას. გამოძიება კი მკვლელობის მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას ასახელებს.

ბრალდების მტკიცებით, ორი წლის წინ თამაზ გოგიამ შპს "კერა" დააარსა, ბიზნესში რამდენიმე მეწილე იყო, მათ შორის თამაზ ნინუაც. იმის გამო, რომ ობიექტის ამუშავება დროში გაიწელა, თამაზ გოგიას გარდა ბიზნესიდან ყველა მეწილე გავიდა... გამოძიების მტკიცებით, 50 პროცენტს თამაზ ნინუა მაინც ფლობდა. ფირმას ვალები დაუგროვდა, ნინუას და გოგიას შორის უთანხმოება წარმოიშვა. გოგიამ ნინუასგან ფარულად უძრავი ქონების გაყიდვა და თანხის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ეს ნინუამ გაიგო და ურთიერთობა უფრო დაიძაბა, ამტკიცებს ბრალდება და ირწმუნება, რომ გოგიამ ნინუა ქონების გამო მოკლა.

ითქვა, რომ გოგია 2009 წლის 27 ნოემბერს დააკავეს, მაგრამ რეალურად პატიმრობაში 18 ნოემბრიდან იმყოფება. მაშინ მას პოლიციელების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ამ სასჯელს არავინ დასჯერდა. ნელ-ნელა გოგიას ბრალდებას ახალ-ახალი ბრალდება ემატებოდა. ორი ადამიანის მკვლელობასთან ერთად თაღლითობაშიც ამხილეს და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაშიც...

სასამართლოზე მეტად საყურადღებო იყო მოწმე ვაჟა ნუცუბიძის დაკითხვა. მას არ დაუმალავს, რომ აზარტული მოთამაშეა, თბილისში  პირველი კაზინოც მან გახსნა. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რა შუაშია აზარტული მოთამაშე ამ შემზარავ მკვლელობებთან. ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ფაქტია, 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალთაძის მკვლელობისა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტურია.

მაღალთაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც ნინუებთან. იარაღი იქაც ვერ იპოვეს. ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო - ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული. მაღალთაძესაც სასიკვდილო ჭრილობა საფეთქელთან ჰქონდა მიყენებული. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.

"გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე... მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი... შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო.

სააბაზანოსთან დასისხლიანებული ეგდო, მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"-   განაცხადა მოწმემ.

ფაქტია, ხელწერა ერთია. რა კავშირია ამ ორ დანაშაულს შორის, იმედია პასუხი გაეცემა.

თეა ხურცილავა