"მზად ვარ, საფლავიდან ამოვთხარო ჩემი შვილი” - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, საფლავიდან ამოვთხარო ჩემი შვილი”

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხანია შემოსწყრა პრესას და ვეზირებს მოუწოდა, გაზეთები არ წაიკითხოთო, მაგრამ მისი გამონათქვამებითა და ინფორმირებულობის დონით თუ ვიმსჯელებთ, ეტყობა, გული არ უთმენს და ხანდახან თვალს აპარებს გაზეთებისაკენ. არ ვიცი, ამ წერილს წაიკითხავს თუ არა პრეზიდენტი, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემდით, უარი გვეთქვა შვილმკვდარი მამისთვის წერილის გამოქვეყნებაზე.

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს!

"რომ არა უსამართლობის დაუძლეველი განცდა, ნამდვილად ვერ გავბედავდი მომემართა თქვენთვის, თანაც ამ ფორმით, მაგრამ რადგან  ვერც წინასწარ გამოძიებაში და, რაოდენ სავალალოც უნდა იყოს, ვერც სასამართლოში ვერ ვპოვე სამართალი, იძულებული გავხდი, მომემართა თქვენთვის, ბატონო  პრეზიდენტო! ჩემი შვილი დაღუპულია, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლა მე ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობაში მსჯავრდადებულის გადასარჩენად ვიბრძვი! შვილის სიკვდილზე უარესი თითქოს რა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ციხეში ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობისათვის უდანაშაულო კაცი იხდის სასჯელს და ამ ტვირთის ზიდვა ჩემს ძალას აღემატება!

ჩემი შვილი, გიორგი დარბაიძე,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ქუთაისში განლაგებული საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის ოფიცერი გახლდათ. 2008 წლის 30 აპრილს, ღამის 10 საათზე, ქ. ქუთაისში მოხდა ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სადაც "მერსედეს ბენცის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა "ოპელ კორსას", რომელსაც  ჩემი შვილი მართავდა. შეჯახების გამო იგი გარდაიცვალა, ხოლო მის გვერდში მჯდომმა მეგობარმა გრიგოლ ვარდოსანიძემ სხეულის დაზიანება მიიღო. გრიგოლ ვარდოსანიძე იმავე დივიზიონში ოცმეთაურად მსახურობდა. "მერსედესის" მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევიდან ორ დღეში ჩემს ოჯახში "მერსედეს ბენცის" მძღოლის ახლობლები მოვიდნენ და ითხოვეს, არ გვეჩივლა მისთვის, რადგან ის ბრალს აღიარებდა. ამის სანაცვლოდ გვპირდებოდნენ, რომ ფინანსურად გვერდით დაგვიდგებოდნენ. მათ ჩვენგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს, ბუნებრივია, დამნაშავის დასჯას ვითხოვდი.

რაოდენ გასაოცარიც უნდა ყოფილიყო ჩემთვის, პირველად ჩატარებული ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევაში "ოპელ კორსა" (რომელსაც ჩემი შვილი მართავდა) გაამტყუნეს, მძღოლად კი სინამდვილეში მის გვერდით მჯდომი გრიგოლ ვარდოსანიძე "დასვეს". გრიგოლ ვარდოსანიძემ ავტომობილის მართვა არ იცის, არც მართვის მოწმობა აქვს და არც ავტომობილი ჰყოლია ოდესმე! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს ნაჭდევებად საჭე გულმკერდზე ჰქონდა აღბეჭდილი.

ის სწორედ საჭესთან კონტაქტით იყო გარდაცვლილი. მიუხედავად საქმეში არსებული ამ აშკარა მტკიცებულებებისა, გრიგოლ ვარდოსანიძეს სრულიად უდანაშაულოდ დასდეს მსჯავრი. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროს ლეიტენანტს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის პირადად აქვს თავდაცვის მინისტრისგან მიღებული მადლობა, ქუთაისის სასამართლომ, დაზარალებულების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ეს ბრალდება შეუთითხნეს სწორედ მაშინ, როცა აგვისტოს ომში წინა ხაზზე იბრძოდა! ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა და საქმეც ჩაიფარცხებოდა. სამართალი ძნელი საპოვნელი ყოფილა ამ ქვეყანაში, ჰოდა, დააბრალეთ ჩემს შვილს, ოღონდ ნუ დასჯით უდანაშაულოს!

პატივისცემით მერაბ დარბაიძე"

ვერ გეტყვით, რა რეაქცია ექნება ამ წერილზე საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ პირადად მე შემძრა. საქმის მასალების შესწავლის და ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ გავბედავ და ვიტყვი, რომ შვილმკვდარ მამას ტყუილად არ ჩაუცვამს რკინის ქალამნები. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარა იმ გაუმართავი წერილის გამო, რომელიც მან ერთ-ერთ ინვესტორს მისწერა. საინტერესოა, რას იტყოდა პრეზიდენტი ქუთაისის სასამართლოს გამოტანილი ეს განაჩენი რომ წაეკითხა?

მაგალითად, განაჩენის პირველივე გვერდზე მითითებულია, რომ ავტომანქანას მართავდა მართვის უფლების უქონელი გრიგოლ ვარდოსანიძე, განაჩენის ბოლოს კი მოსამართლე ადგენს, რომ დამნაშავეს მართვის უფლება 2 წლისა და 6 თვის ვადით უნდა ჩამოერთვას!

KvirisPalitra.Geმამუკა ჭუმბურიძე, გრიგოლ ვარდოსანიძის ადვოკატი: "ვფიქრობ, "მერსედესის" მძღოლი ნასვამი იყო, რადგან მისივე ჩვენებით, ქეიფიდან ბრუნდებოდა და არღანიც მანქანაში ედო. შემთხვევის ადგილიდან გაქცევით დრო მოიგო. ექსპერტიზის დრო (რომელსაც სისხლში ალკოჰოლის არსებობა უნდა დაედგინა) უკვე გასული იყო, რადგან  ის პოლიციაში 48 საათის შემდეგ გამოცხადდა. ის ეჭვმიტანილის სახით დააკავეს, მაგრამ 48 საათში გაათავისუფლეს საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო. როგორც მიღებულია, ავტოტექნიკური ექსპერტიზა 48 საათში ინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც სამი თვის შემდეგ, 2008 წლის ივლისში დანიშნეს, დასკვნა კი გაგანია აგვისტოს ომის დროს დაწერეს.

ჩვენდა გასაოცრად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე "ოპელის" მძღოლი აღმოჩნდა, "მძღოლად" კი მართვის უცოდინარი გრიგოლ ვარდოსანიძე მონათლეს! იძულებული გავხდით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოგვეთხოვა. ამ დასკვნის მიხედვით დამნაშავეა "მერსედესის" მანქანის მძღოლი ა. მარგველაშვილი. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქმეზე თავად გამოძიებამ დანიშნა  მესამედ საკომისიო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალათ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს. მათ ვეღარ გაბედეს გაემართლებინათ მძღოლი მარგველაშვილი და გააფორმეს აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

ისმის კითხვა: პირველი ექსპერტიზით რატომ შეიძლებოდა დასკვნის გაცემა და "ოპელის" მძღოლის გამტყუნება, როცა კომისიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იმ მასალებით, რაც საქმეშია, თურმე შეუძლებელია დასკვნის გაცემა?! ამ აბსურდის დასასრული კი ის არის, რომ ჩაუდენელი დანაშაულისთვის უდანაშაულო კაცი იხდის სასჯელს. სად გააქრო გამოძიებამ გარდაცვლილის ტანსაცმელი? დაკარგეს! რომ არ დაეკარგათ, ყველაფერი ნათელი იქნებოდა.

ფეხსაცმელზე იქნებოდა პედლების ანაბეჭდი. დარბაიძის ტანსაცმელი იმიტომ გააქრეს საქმიდან, რომ ვარდოსანიძე დაედანაშაულებინათ. ვარდოსანიძის ტანსაცმელს ჩაუტარეს ექსპერტიზა და "დაადასტურეს", რომ მძღოლის სავარძლიდან ამოღებული ტანსაცმლის ბოჭკოები იდენტური იყო ვარდოსანიძის ტანსაცმლის ბოჭკოებისა! ვარდოსანიძე და დარბაიძე, ორივე, სამხედროები იყვნენ და იმ დღეს ორივეს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა".

მერაბ დარბაიძე: "თუკი სამართალს ვერ ვიპოვით და ამ დანაშაულში მაინცდამაინც  უდანაშაულო ადამიანი უნდა იქნეს მსჯავრდადებული, მზად ვარ, საფლავიდან ამოვთხარო ჩემი შვილი, მოვითხოვო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სანამ არ დამტკიცდება სიმართლე, გვამი საქართველოს პარლამენტის წინ დავასვენო. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება საღ აზრს არის მოკლებული, მაგრამ იქ, სადაც არც სასამართლო არსებობს და არც სამართალი, საღი აზრი ვიღას სჭირდება?

იცით, გამაოგნებელი რა იყო? როცა ქვეყანა შევძარი, ერთ-ერთმა დიდჩინოსანმა სამართალდამცველმა მითხრა, რა გაყვირებს, შენი შვილი ხომ არ არის დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, დამნაშავე ვარდოსანიძე იქნება  თუ მარგველაშვილიო. ამ ხნის კაცი ვარ და პირველად გავიგე, რომ თურმე ჩვენი სამართალდამცველებისთვის არ ჰქონია მნიშვნელობა, ვინ არის დამნაშავე! ჩემთვის აქვს, მე დაღუპული შვილის შვილები მყავს გასაზრდელი, რა მაგალითი მივცე, რა ვასწავლო?"

მამუკა ჭუმბურიძე: "უბედურება ის არის, რომ ჩვენს გამოძიებაში ერთხელ შეცდომას რომ დაუშვებენ, მერე მის ჩაფარცხვას ყველანაირად ცდილობენ იმიტომ, რომ ამას შეიძლება შეეწირონ, ზედამხედველი პროკურორი, გამომძიებელი და ა. შ. ორი თვის შემდეგ ვარდოსანიძეს პროკურორმა შესთავაზა, აღიარე, რომ შენ იჯექი საჭესთან და საპროცესო გარიგებას გაგიკეთებთ, ერთი დღითაც არ ჩაგსვამთ ციხეში, საპროცესო გარიგების ფულსაც არ გადაგახდევინებთო. ვარდოსანიძე ვაჟკაცია და არ აღიარა, თქვა, მირჩევნია, უდანაშაულოდ ვიჯდე ციხეში, ვიდრე მეგობრის მკვლელობა დავიბრალოო!"

მერაბ დარბაიძე: "გენინსპექციის თანამშრომელმა გვითხრა, დღესავით ნათელია, რომ საჭესთან თქვენი შვილი იჯდა,  ეს ყველამ იცის. საკითხი ასე უნდა დაისვას: ვინ უნდა აგოს პასუხი - ექსპერტებმა, გამომძიებელმა თუ პროკურორმაო. ასე რომ, იქიდანაც გაწბილებული წამოვედი. გენინსპექციაში რომ გეტყვიან, ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ ზემდგომმა იცის და სხვა არაფერი შემიძლიაო, მე, უბრალო ადამიანმა, სად ვეძიო სამართალი?"

გენო კოზმანაშვილი, ექსპერტი: "35 წელია ექსპერტი ვარ და ამ საკითხებზე ვმუშაობ. ამ საქმის დარდით ღამეები აღარ მძინავს. ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში "მერსედესმა" დაარღვია საგზაო უსაფრთხოების წესები. ყველაზე მთავარი სამხილი ის არის, რომ შეჯახება "ოპელის" სამოძრაო ზოლში მოხდა "მერსედესის" წინა მარჯვენა კუთხით "ოპელის" მარცხენა კუთხესთან.

ერთ მშვენიერ დღეს ექსპერტიზის ბიუროში დამიბარეს, კოორდინატორ დავით კოდუასთან. ვინაიდან კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი მათ მოსაზრებას, კოდუამ მითხრა, რადგან თქვენ სხვა აზრი და დასკვნა გაქვთ, თქვენს დასკვნას ბეჭედს ვერ დავუსვამო. შემთხვევის ადგილი გავზომეთ და აბსოლუტური განსხვავებაა შემთხვევის ადგილსა და გამომძიებლის ნახაზს შორის. უამრავი უზუსტობა აქვს გამომძიებელს დაშვებული. ცამეტჯერ ვიყავი ქუთაისში და თუნდაც მთელი მსოფლიოს ექსპერტები თავს დამახვიონ, დავამტკიცებ, რომ საგზაო უსაფრთხოების წესები "მერსედესის" მძღოლმა დაარღვია".

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა და დაზარალებულმა ჩვენებები სასამართლოსაც მისცეს, რატომღაც სარწმუნო უფრო დაუსაბუთებელი ვერსიები აღმოჩნდა. რატომ? - სამწუხაროდ, ამაზე არც ჩვენ გვაქვს პასუხი.