ქმრისთვის უთქვამს, არ გაგახარებო და ტყუპი გაჩენისთანავე მოკლა - კვირის პალიტრა

ქმრისთვის უთქვამს, არ გაგახარებო და ტყუპი გაჩენისთანავე მოკლა

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-27)

ქალთა კოლონიის ამბების თხრობა გააგრძელა დალი ხოდაშნელაშვილმა, რომელიც გისოსებს მიღმა საბჭოთა ეპოქაში დაწყებულ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის კამპანიის გამო მოხვდა.

სასტიკი ზედამხედველი

კოლონიის უფროსი ხატაშვილი ღვთისნიერი კაცი იყო. მისი გათავისუფლების შემდეგ კოლონიაში საშინელი კაცი დანიშნეს. ახალმა დირექტორმა კოლონიაში მოიტანა ძველი ფირფიტა, რომელზეც ბოლშევიკების დროინდელი მარში იყო ჩაწერილი. ყოველ დილას მაღალ ხმაზე ჩაგვირთავდნენ და გვთვლიდნენ. კოლონიის უფროსი რომ დათვრებოდა, ღამით ბარაკებში გინებით შემოგვივარდებოდა და გვაწიოკებდა.

ერთ ღამესაც გალეშილი ისევ გინებით შემოვარდა, ქალების საპირფარეშოსკენ გაეშურა და ვინც იქ დახვდა, ყველა თმით ათრია. ერთ დღესაც არ მოვიდა, თურმე ზემოთაც გაუგიათ მისი სისასტიკის ამბავი და მოუხსნიათ. ერთი გენახათ პატიმარი ქალების სიხარული, შეცვივდნენ მის ოთახში და ის ფირფიტა კარს მიალეწეს.

უნებლიე დამნაშავე

ერთი 55 წლის ქალი გვყავდა კოლონიაში - ელიკო. ქმრის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. უბედურმა შემთხვევამ აქცია მკვლელად. გვიყვებოდა, ჩემი ქმარი იმდენად ბევრს სვამდა, რომ თეთრი ცხელება დაემართა. ერთხელაც დათვრა და დაიძინა, მაგრამ გაღვიძებულს რა მოელანდა, არ ვიცი. საწოლიდან წამოიჭრა და ჩვენს შვილიშვილს ახრჩობდა. ქალმა თურმე ვერაფრით გააშვებინა ხელი, ბოლოს გონდაკარგულ ქმარს ხელი ჰკრა.

კაცი წაბარბაცდა, საწოლის კუთხეს ჩამოარტყა თავი და ვეღარ გადაარჩინეს. ელიკოს 6 წელი მიუსაჯეს. ძალიან განიცდიდა ქმრის სიკვდილს. მისი სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ ბავშვი ხომ უნდა გადამერჩინაო. ელიკოს ორი შვილი ჰყავდა, ერთმა ქალიშვილმა დედის ნაამბობი დაიჯერა, მეორემ კი დიდხანს არ აპატია. ელიკო ციხიდან რომ გავიდა, მეორე ქალიშვილიც შერიგებია. საწყალს კოლონიიდან გასვლის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, კიბოთი გარდაიცვალა.

მზაკვრობის მსხვერპლი

ერთ დღეს მოიყვანეს 25 წლის გოგო, ფატი, რომელიც საპასპორტო განყოფილებაში მუშაობდა. ჩვენამდე ორთაჭალის ციხეში ჰყოლიათ. საკანში ქალებისთვის მოუყოლია, ციხეში ჩემთან ერთად პატიმარი ბიჭი მოჰყავდათ, მოვეწონე, მალხაზი ჰქვიაო. ციხეში ბევრი აფერისტი და უგულო ქალი იხდიდა სასჯელს. ერთ-ერთმა, ლილიმ, გადაწყვიტა, ფატის გულახდილობა ბოროტად გამოეყენებინა, მალხაზის სახელით წერილი დაწერა და ციხის მორიგეს გადასცა.

ცოტა ხნის შემდეგ მორიგემ ვითომ მალხაზის გამოგზავნილი წერილი ფატის მიუტანა, - ძალიან კარგი გოგო ხარ, გამუდმებით შენზე ვფიქრობო. ფატიმ საპასუხო წერილი დაწერა, რომელიც მორიგემ აფერისტ პატიმარს გადასცა. გავიდა ხანი, "მალხაზსა" და ფატის შორის მიმოწერა გაჩაღდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფატის უსაზღვროდ შეუყვარდა მალხაზი.

ერთხელაც    აფერისტ ლილის ფული შემოაკლდა და მალხაზის სახელით დაწერა წერილი, ჩემებს ხმა ვერ მივაწვდინე, ქალაქიდან გასული არიან, კარცერში ვზივარ და სასწრაფოდ ფული მჭირდება, იქნებ მასესხოო. დატრიალდა ფატი, ციხის მორიგე სასწრაფოდ ოჯახთან გააქცია და ფული მოატანინა. ფატის ფული აფერისტ ქალებს ერთი კვირა ეყოთ საჭმელ-სასმელისთვის. გავიდა დრო. ფატი უკვე სასამართლოზე დაჰყავდათ.

ოჯახის წევრებს პროცესზე რაც საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ, ფატი გადაახვევდა და მალხაზს უგზავნიდა. სინამდვილეში მისი სანოვაგით აფერისტი ლილი და მისი მეგობრები ქეიფობდნენ.  ერთ დღესაც "მალხაზმა" ცოლობა სთხოვა ფატის. გოგო სიხარულისაგან ფეხზე აღარ იდგა. ლილიმ მისწერა, ციხის უფროსის სახელზე წერილი დავწერე, რომ დაქორწინების ნება მოგვცენ და შენც დაწერეო.

ქალებმა ფატისაც დააწერინეს განცხადება ციხის უფროსის სახელზე, - მე და მალხაზს დაქორწინების უფლება მოგვეციო და მაშინ გასკდა ეს ამბავი. ფატის უკვე იმდენად უყვარდა მალხაზი, ამ ამბის გაგებას დახვრეტა ერჩია. პატიმარმა ქალებმა  მორალურად მოკლეს ფატი. ყველა თითით აჩვენებდა გოგოზე, რომელიც თანასაკნელებმა ასე გაამასხარავეს, აფერისტ ლილის კი "მალხაზი" შეარქვეს.

ვერ ამოიღო მალხაზის სიყვარული გულიდან ფატიმ, სულ ტიროდა, ფატიმ 6 წელი მოიხადა და სულ მალხაზზე ოცნებობდა. არადა, ის ბიჭი ხეირიანად დანახულიც არ ჰყავდა.

ქალი ციხეშიც ქალია

ლუიზა შაკიაშვილმა იცოდა, სუნამო რომ მიყვარდა და კოლონიიდან რომ გავიდა, "კრისტიან დიორი" მომიტანა. რომ იცოდეთ, როგორ ვუფრთხილდებოდი. ერთხელ "შმონი" იყო, ყველაფერს ჩხრეკდნენ. რაც მქონდა, ყველაფერი დავაწყვე, მხოლოდ "კრისტიან დიორის" ფლაკონი მოვიმწყვდიე მუჭში. კოლონიის ერთ თანამშრომელს ვთხოვე, არაფერი მინდა, ოღონდ ეს სუნამო გადამირჩინე-მეთქი.

24 იანვარს ჩემი დაბადების დღეა. ამიტყდნენ გოგოები, ჩაი გვიყიდე და ტორტიც გავაკეთოთო. ტორტს "პეჩენიებით" აკეთებდნენ. შესქელებულ რძესა და კარაქს აურევდნენ, "პეჩენიებზე" წაუსვამდნენ და ტორტიც მზად იყო. გოგოებს ჩეკები მივეცი ჩაის საყიდლად, ტორტიც გააკეთეს. კოლონიაში დოლი და გარმონი გვქონდა. გაშალეს სასადილოში სუფრა და დავიწყეთ "ქეიფი".

ამ დროს კოლონიის ექიმმა დამიძახა, ხალათი მოისხი და ჩემთან წამოდი, გულიკო ნადარეიშვილმა შენთან რაღაც გამომატანაო. გულიკოსთვის ჩემს დას გადაუცია შემწვარი ქათამი, ხაჭაპურები, ნამცხვარი, გოზინაყი და ერთი ბოთლი კონიაკი. ძალიან გავიხარე, ჩემს ქალებთან ერთად აღვნიშნე დაბადების დღე.

ცივსისხლიანი მკვლელები

ჩემს დროს ორი დაქალი და ერთ-ერთის დედა იხდიდა სასჯელს. 25 წლის გოგოებმა თავიანთი მესამე მეგობარი გოგო მოკლეს, მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მოკლულსა და ერთ-ერთ მკვლელს საერთო საყვარელი ჰყოლიათ. დედას წაუქეზებია შვილი, მეგობარი დაპატიჟე, მე კი ნაჯახს კარგად გავალესვინებ და შენს მეტოქეს გავუსწორდეთო. დედა-შვილს საწოლზე დაუბამთ სტუმრად მოსული გოგო, მესამე მეგობარს კი ხელები გაუკავებია იმ საცოდავისთვის. ქალებს გოგო მოუკლავთ, დაუჩეხიათ და ეზოს ტუალეტში ჩაუყრიათ. მას შემდეგ თურმე მკვლელის 8 წლის ბიჭი მეზობლის ტუალეტში შედიოდა.

გაოცებულ მეზობელს უკითხავს, შენც ხომ გაქვს ტუალეტიო. ჩვენს ტუალეტში მკვდარი აგდიაო, უთქვამს ბიჭს. ქალს პოლიციაში განუცხადებია. მოიყვანეს ასენიზაციის მანქანები, ტუალეტი გაწმინდეს და მკვდარი იპოვეს. დედას, რომელიც დანაშაულის წამქეზებელი იყო, 14 წელი ჰქონდა მისჯილი, შვილსა და მის მეგობარს - ნაკლები. მიკვირდა, რომ დედა-შვილზე ეს ამბავი არ მოქმედებდა, სულ გალაღებული დადიოდნენ, მეგობარ გოგონას კი, რომელიც მხოლოდ მოკლულის ხელების გაკვრაში მოეხმარა მათ, ძილი და მოსვენება არ ჰქონდა. მეუბნებოდა, ღამე სულ მოკლული მეგობარი მესიზმრებაო.

კოლონიაში გოგო მოიყვანეს, რომელმაც მშობიარობის შემდეგ ტყუპი შვილი დაახრჩო. გოგოს პირველი ქმრისგანაც ჰყავდა შვილი, რომელიც თურმე მეორე ქმარმა ცემით მოუკლა. ამ დროს ქალი ფეხმძიმედ ყოფილა და ქმრისთვის უთქვამს, არც შენ გაგახარებ შენს შვილებთანო და როდესაც ტყუპი გააჩინა, დაუნანებლად მოკლა. ეტყობა, ჭკუაზე იყო გადასული, თორემ შვილებს როგორ გაიმეტებდა? კოლონიაში დიდხანს არ ყოფილა. ჩვენმა ქალებმა არ აპატიეს შვილების დახოცვა და ისე სცემეს, "რეზბალნიცაზე" გადასაყვანი გახდა.

რას არ ჩაიდენს შეყვარებული ქალი

ჩვენთან ხუთწლიან სასჯელს იხდიდა ერთი პატარა სურამელი გოგო, რომელსაც შეყვარებულიც ციხეში ჰყავდა. ბიჭი რომ დაიჭირეს, აუღია გოგოს ქლიბები და თურმე ციხის გისოსებს ხერხავდა, რომ შეყვარებული გაეყვანა გარეთ. რამდენადაც ვიცი, სასჯელის მოხდის შემდეგ იქორწინეს.

ქორწინებით დასრულდა კიდევ ერთი ამბავი. თბილისელ ლიას ნარკომანი შეყვარებული ჰყავდა. ბიჭმა თურმე ნარკოტიკი ვერსად იშოვა. საავადმყოფოშიც მისულან და მორფი უთხოვიათ, მაგრამ არ მისცეს.

ლია თამამი გოგო იყო, თურმე საავადმყოფოში მოხსნა სეიფი, სადაც ნარკოტიკი ინახებოდა და გარეთ გაიტანა. ლიამ 6 წელი მოიხადა და მერე იქორწინეს შეყვარებულებმა. სამი შვილი ეყოლათ. ბავშვებთან ერთად მხვდებოდა ხოლმე. ძალიან კმაყოფილი იყო ბედით. არც ნანობდა, რომ შეყვარებულის გამო 6 წელი ციხეში გაატარა...