"ჩემს წინ იდგა დაჭრილი, სისხლიანი ირაკლი, მითხრა, მოსცილდი, ნათია, აქაურობას, შარში არ გაეხვიოო" - კვირის პალიტრა

"ჩემს წინ იდგა დაჭრილი, სისხლიანი ირაკლი, მითხრა, მოსცილდი, ნათია, აქაურობას, შარში არ გაეხვიოო"

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი კარგა ხანს იხილავდა მომღერალ ირაკლი ნოზაძის - "პიკასოს" განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და მის მეგობარს, დანაშაულის შეუტყობინებლობაში მხილებულ ნათია თოფურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თოფურიას პროცესის მსვლელობისას თავი ზევით არ აუწევია, რასაც ვერ ვიტყვით თამთა ჯანჟღავაზე. თამთა საბრალდებო სკამიდანაც ახერხებდა დარბაზში მყოფი ახლობლების მოკითხვას.

ნათია თოფურიას მამა ამბობს, რომ მისი შვილის დაკავება მისთვის სრული შოკი იყო. ის არ იცნობს ჯანჯღავას და მათ მეგობრობაზეც არაფერი იცის. "საერთოდ რა საქმე ჰქონდა ბრალდებულთან ჩემს შვილს, არ ვიცი. პირველად გავიგე მისი ვინაობა. 45 წლის კაცი ვარ პოლიციასთან საერთოდ არ მქონდა შეხება. ნათია 2 მცირეწლოვან შვილს ზრდის. ძალიან რთული იქნება ორი ბავშვის დედის გარეშე გაზრდა. მე არც ის ვიცი, რა შეხება ჰქონდა წამალთან ჩემს შვილს, გაოგნებულები ვართ ამ ყველაფრით. მითხრეს, რომ წამლის ზემოქმედება დაუდგინდაო. რა ვთქვა, აღარ ვიცი", - თქვა თოფურიას სასამართლო სხდომის შემდეგ, რომლის მსვლელობსასაც პროკურორმა თამარ მისაბლიშვილმა საქმის მასალებზე დეტალურად ილაპარაკა. გამოძიების მტკიცებით, ირაკლი ნოზაძეს თამთა ჯანჯღავას ვალი ჰქონდა, ფული რამდენიმე საათით ასესხა და იმ 250 ლარის დაბრუნებას ითხოვდა. მასალების მიხედვით, ფული დროზე რომ არ დაუბრუნეს, შურისძიების მოტივით, თამთა ჯანჯღავამ განიზრახა მისი მოკვლა.

"ამოღებული კადრებიდანაც ჩანს, რომ დაჭრის შემდეგ ჯანჯღავა უცბად არ მიდის იქიდან, იქაურობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც დარწმუნდა, რომ განზრახვა მოიყვანა სისრულეში..." - თქვა პროკურორმა. მისი განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თამთა ჯანჯღავამ მოიშორა დანაშაულის იარაღი - დანა, ასევე ის მაისური, რომელიც ეცვა და წავიდა მეგობრის სახლში. ჯანჯღავას და თოფურიას სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ და დააკავა. მისი თქმით, ჯანჯღავა ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიების განმარტებით, თოფურიამ დამალა დანაშაული და დამნაშავესთან ერთად მიიმალა. როგორც ირკვევა, საჭესთან თოფურია იჯდა. ექსპერტიზით თოფურიას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, ლაპარაკია, მარიხუანაზე.

გაირკვა, რომ 24 წლის ნათია თოფურიას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ის მეუღლესთან განქორწინებულია. ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს არ დაეშორებინათ დედა შვილებისთვის. "ყოფილი მეუღლე არასოდეს არაფერში დამხმარებია, ბავშვები საერთოდ არ იცნობენ მამას. არსად დავიმალები. ვცხოვრობ მამასთან და 17 წლის დასთან ერთად", - განაცხადა თოფურიამ პროცესზე. ადვოკატი მისთვის 3000 - ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას, მისმა ადვოკატებმა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვეს ბრალდებულის ციხიდან განთავისუფლება. "მე ჩემს 2 შვილთან ერთად ვცხოვრობ, ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი 85 წლის მოხუცი ბებია. შვილების მარჩენალი მე ვარ. დედაჩემი სხვაგან ცხოვრობს, მას არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ჩემს შვილებს მოუაროს. გამოძიებას ხელს არ შევუშლი არაფერში, მე ვიქნები ჩემს შვილებთან ", - განაცხადა ჯანჯღავამ.

სასამართლოზე ისიც განმარტა, პიკასოს მოკვლა არ მინდოდა და ბრალის ასეთ ფორმულირებას არ ვეთანხმებიო. მოსამართლე დაინტერესდა ბავშვების ბედით და მხარეებს განმარტება მოთხოვა. ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ პროკურორს უსაყვედურა, არც კი დაინტერესებულხართ ამ ბავშვების ბედითო, თუმცა პროკურორმა განმარტა, რომ პირველივე წუთებიდანვე იცოდა ბავშვები ნათესავთან რომ იყვნენ.

მოსამართლის კითხვას, არის გარკვეული ვისთან დარჩებიან ბავშვები? პროკურორმა ასე უპასუხა: "ბავშვები ნათესავთან არიან. დარბაზში იმყოფება ბრალდებულის დედაც. თუ იქნება პრობლემა ბავშვებზე ზრუნვის, შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან და მათ სწორ აღზრდაზე ისინი იზრუნებენ. ვერც იმას დავეთანხმები, რომ მის გარდა არავინ ზრუნავს მათზე. 2017 წელს ბევრჯერ დატოვა ჯანჯღავამ საქართველო ბავშვების გარეშე და შესაბამისად, ბავშვებზე სხვები ზრუნავდნენ". შემდეგ მოსამართლემ თავად ბრალდებულს ჰკითხა, სად იყვნენ მისი შვილები, " ახლა მე არ ვიცი სად არიან ჩემი შვილები, ვისთან არიან. იმდენად ვარ შოკირებული მომხდარით, ბავშვები არ მომიკითხავს", - განმარტა მან. მისი თქმით, ის მიმტანად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.

თოფურიას ადვოკატი კახა პაპავაც მიიჩნევს, რომ რადგან მძიმე დანაშუალში ედება ბრალი ჯანჯღავას, თოფურიაც მიაყოლეს. ადვოკატის თქმით, მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. "სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, გავასაჩივრებთ. ის აღიარებს, რომ არ შეატყობინა მომხდარის შესახებ გამოძიებას. ნათია თოფურია 6 თვეა იცნობს თამთა ჯანჯღავას. ნათია და ირაკლი ნოზაძე კი მეგობრები არიან. როგორც ვიცი, დღესაც მეგობრობენ. ამბობს, არ შეიძლება ირაკლის ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდესო. მითხრა, ჩემს წინ იდგა დაჭრილი ირაკლი, ნახა სისხლი რომ სდიოდა, მე მომიბრუნდა და მითხრა, მოცილდი ნათია აქაურობას დროს, რამე შარში შენ არ გაეხვიოო. იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთთან. რაც შეეხება საჭესთან მის ყოფნას. თოფურია საჭესთან წასვლისას დაჯდა. მანქანა იქ იდგა და გადასაყენებელი შეიქნა, ნათიამ გადააყენა და ამიტომ მოუწია საჭესთან დაჯდომა, ამის შემდეგ წავიდნენ და მალე დააკავეს. დანაშაულის დაფარვას აღიარებს. რაც შეეხება ნარკოტიკს, სხეულში აღმოჩნდა მარიხუანა, 20 დღე ერთი თვეც კი რჩება მარიხუანა ორგანიზმში, იმ დღეს ჰქომდა მოწეული თუ 10 დღის წინ, ამას ვერავინ იტყვის. მისი დაკავების საფუძველი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ერთ ქვაბში გაატარეს ორივე,"- განაცხადა კახა პაპავამ.

ჯანჯღავას ახლობლები ამბობენ, რომ ნოზაძემ გამოიწვია თამთა და პირველად ხელი მან დაარტყა. ჯანჯღავას ადვოკატი არჩილ შაბაშვილის თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ფაქტი ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას უკავშირდებოდა, არ დასტურდება. " არანაირ ნარკოტიკზე საუბარი არ არის. ვალის გამო კამათობენ, ნოზაძის ხელი ხვდება ჯანჯღავას და ამას მოყვა დაჭრა. მოუქნია ხელი, რომელშიც ბრელოკზე მიბმული დანა ეჭირა, ამ დანით თვითონაც აქვს ხელი გაჭრილი. ფული მისცა რამდენიმე საათით და ის აბრუნებდა, ეს იყო მიზეზი. არავის მოკვლა არ უნდოდა, მასმედიაში ცუდი კუთხით წარმოჩინდა ეს ყველაფერი, ძლაიან დაამძიმეს სიტუაცია, ისე არ ქუხს, როგორც წვიმს. მოხვდა დანა არტერიაში ამან გამოიწვია ის რომ ბევრი სისხლი დაკარგა. დანა გადააგდო, მიუთითა ის ადგილიც, მაგრამ იქ ის დანა ვერ იპოვეს. მაისური ნაგვის ურნაში გადააგდო, გააქვთ ნაგავი და წაიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ჯანჯღავას ადვოკატმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრე ჯანჟღავას ჩხუბის დროს მეუღლის დაუჭრია გადაჭრილი ბოთლით, თუმცა მაშინ ის გადაურჩა დაპატიმრებასო. როგორც ადვოკატი ამბობს, ამაზე ინფორმაცია მას არ აქვს "არ ვიცი, მეუღლე ყავს თუ არა დაჭრილი, ეს არ ეხება ამ საქმეს და მართლა არ ვიცი. იმას გეტყვით, რომ ის არასდროს ყოფილა ნასამართლევი ადმინისტრაციული წესითაც კი. წინა დღეს მისცა ფული და არ დაუბრუნეს. ამას ითხოვდა. მათ ამაზე ტელეფონითაც ილაპარაკეს", - დასძინა მან.

სასამართლო პროცესზე მრავლად იყვნენ ჯანჯღავას ახლობლები, მაგრამ ისინი ადრინდელი დღეებისგან განსხვავებით კომენტარს არ აკეთებდნენ. დედამისმა მხოლოდ ეს თქვა, კარგად ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცი უმიზეზოდ არავის არაფერს არ დაუშავებდაო. ჩემს კითხვაზე, საიდან იცნობდა მისი შვილი ირაკლი ნოზაძეს, თამთას დედამ ასე მიპასუხა, ამას მე რატომ მეკითხებით, წადით და იმ ბიჭს ჰკითხეთო. "ხომ ყლაპა იოგურტები, მიდით და ახლა იმას კითხეთ დაჭრის მიზეზი, კარგად არის, შეძლებს ლაპარაკს",- მითხრა მან, მერე დამემუქრა ჩემი ნათქვამი სადმე არ ვნახო გამოქვეყნებული, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამო.

რაც შეეხება დაზარალებულის მდგომარეობას. ის უკეთესად არის და უკვე პალატაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით ირაკლი ნოზაძე გამოძებას არ დაუკითხავს. დაკითხვა ორშაბათამდე გადაიდო. "ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა გადაიდო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ორი ჭრილობა აქვს მას მიყენებული, ოღონდ არ ახსოვს რით მიაყენეს, რა ნივთი იყო და შემდეგ უკვე როგორ აღმოუჩინეს პირველი დახმარება და როგორ მოხვდა საავადმყოფოში... ნარკოტიკებს და რაიმე სახის პრეპარატს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს," - განაცხადა ნოზაძის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თამთა ჯანჯღავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოლო ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4-წლამდე პატიმრობა რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება. ქუჩის ბიჭების" სოლისტზე მომხდარი თავდასხმის საქმის მასალებში დანაშაულის იარაღი არ დევს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)