"როცა კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარ, თან ფურცელი უნდა გქონდეს და წერდე - ჩემს სიკვდილში არავის ვადანაშაულებ" - კვირის პალიტრა

"როცა კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარ, თან ფურცელი უნდა გქონდეს და წერდე - ჩემს სიკვდილში არავის ვადანაშაულებ"

"რამდენჯერაც აბაზანის მარილები მოვიხმარე, იმდენჯერ დამჭირდა კლინიკაში გადაყვანა. ყოველთვის ხუთი ან 7 დღე ვიყავი კომაში. ყველა ჯერზე გამოვძვერი. ეტყობა, სიკვდილი არ მეწერა", - ამბობს ჩემი რესპონდენტი ქალი, რომელიც წლებია ნარკოტიკის მომხმარებელია. 36 წლის არის, მოზარდობიდანვე შეეჩვია ნარკოტიკს და მას მერე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც ამბობს, რაც ბაზარზე შემოსულა, თითქმის ყველა ნარკოტიკი გაუსინჯავს. დღეს ნარკოტიკის გადაგდებას ცდილობს, სპეციალისტებთან ერთად უმკლავდება ამ უმძიმეს სენს.

- სტაჟიანი ნარკომანი ვარ, კლუბური ნარკოტიკიც მიხმარია და სხვაც. ასე ვცხოვრობდი 16 წელზე მეტი. მე რომ დავიწყე, ადვილი არ იყო წამლის შოვნა, დღეს, თუ გინდა, სახლში მოგიტანენ. ინტერნეტით უკვე ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, ან მიდიხარ კლუბში და ყიდულობ.

სინთეტიკური ნარკოტიკებით არიან დღეს ახალგაზრდები გაბრუებული. მერე მთელი ღამე ძიგძიგებენ. იქ რომ შედიხარ, იცი, ვისთან მიხვიდე.

- ჩხრეკა არ ტარდება? - ერთი-ორჯერ წაუცაცუნებენ ხელს და ეგ არის, ამ დროს კი წინდები სავსე აქვთ. კლუბებში ნებისმიერი ვერ ხვდება, სტატუსი უნდა გქონდეს, იქ რომ მოხვდე.

სინთეტიკური ნარკოტიკი ორჯერ გავსინჯე და ორივეჯერ კინაღამ გავიგუდე. ეს ის შემთხვევაა, როცა დოზას ვერ აკონტროლებ. უხეშად რომ ვთქვათ, "პოზდნიაკია", რომ გგონია, არა ხარ კაიფში, უცებ იმატებს, ნელ-ნელა ხსნის, სპაზმები გემართება, იხრჩობი, ჰაერი არ გყოფნის, სუნთქვა გეკვრება და გგონია, გული საცაა გასკდება. მერე აღარაფერი გახსოვს. თუ ვინმე იტყვის, რომ მერე კიდევ რამე ახსოვს, ტყუის. თუ მოასწარი დაძახება, მიშველეთო, ხომ კარგი, თუ არა და, ითიშები.

რამდენჯერაც ზღვის მარილი მოვიხმარე, იმდენჯერ ზედოზირებით მოვხვდი კლინიკაში, ძლივს გადამარჩინეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში თურქეთში სამჯერ აღმოვჩნდი, მიკვირს, როგორ გადავრჩი.

- სიკვდილს გადარჩენილი ხელმეორედ საფრთხეში თავს რატომ იგდებდი? - იცი, რა მომენტია? თავდაჯერებული ხარ და ამბობ, თავს გავაკონტროლებო. ზედოზირებას მე იმას ვაბრალებდი, რომ სასმელსაც ვსვამდი, ორივეს ერთდროულად ვიღებდი და ეს ქმნიდა პრობლემას. ძალიან რთული პერიოდებიც მქონდა, ფეხზე მეკიდა ჩემი სიცოცხლე, მინდოდა კაიფი და ეს იყო მთავარი. 5 დღიდან ერთ კვირამდეც გამგრძელებია კომა.

როცა მოიხმარ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არის შენ გვერდით. გამოცდილმა ნარკომომხმარებელმა იცის, როგორ მოგექცეს. ბევრჯერ მათ გადავურჩენივარ. სულ იმას ვცდილობდი, ჩემზე უფროსებთან ერთად გამეკეთებინა, რომ მოეხედათ.

- დოზებს როგორ განსაზღვრავდით? - თავიდან პატარა დოზით იწყებ, მერე ამატებ, რადგან გაუწყლოებას იწვევს. ჯერ ხაზ-ნახევრით დავიწყე. ინსულინის შპრიცით კუბ-ნახევარს ვიკეთებდი, მერე 4-5 კუბამდე ავედი. რაც დიდი ხნის მომხმარებელი ხარ, მეტი მოთხოვნილება გიჩნდება, თუმცა ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული. გააჩნია, რას მოიხმარ. შეიძლება 5 გრამი გაიკეთო და არ იყოს ისეთი ძლიერი, შეიძლება ერთ-ნახევარმა აჯობოს.

- "სუბოტექსი" მოგიხმარია? - ერთ აბი "სუბოტექსი" 5 კაცს გაგვიკეთებია და კარგად ვყოფილვართ. გააჩნია, როგორი დამზადებულია. ყველაფერს ცოდნა უნდა. ადრე "მაკი" მომწონდა. შენ თვითონ ამზადებ. გააჩნია, როგორ დააშოკოლადებ, როგორ ფერზე დასვამ, კაიფი ფერიდან გამომდინარეა. "Mმაკს" მუქ ფერზე უფრო მაგარი "პრიხოდი" ჰქონდა.

მე ლოდინი არ შემეძლო, მაშინვე გულისრევა მეწყებოდა, ისე მინდებოდა. ამიტომ მომზადებას თვალს არ ვადევნებდი. ჩემი ვალდებულება სამეგობროში წამლის მიტანა იყო.

- შოვნა აღარ გიჭირს? - არც მაშინ მიჭირდა და მით უმეტეს, დღეს ინტერნეტი სავსეა. აბა, ჭიამაიასავით რომ ყირავდება ამდენი ახალგაზრდა და კვდება, ეს როგორაა, ხომ არ იცი? ყოველთვის ჯგუფურია მოხმარება, აბა, მარტო ხომ ვერ იკაიფებ? ახლანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, ძალიან ცანცარებენ, მე ასე არასოდეს ვყოფილვარ, მათგან სულ მესმის, მერე რა, სხვა რომ მოკვდა, მე ვაკონტროლებ თავსო. როდესაც დავრწმუნდი, რომ ძალიან მვნებდა, ნარკოტიკი შევცვალე, კლუბურ ნარკოტიკს აღარ ვეკარებოდი. როცა არ მქონდა ჰეროინის ან სხვა ნარკოტიკის ყიდვის საშუალება, მაშინ სულ მთვრალი ვიყავი, გათიშული.

- კლუბური ნარკოტიკი "ლომკას" იწვევს?

- "ლომკას" ვერ დავარქმევ, ეს დიდი კოვზით მ...ის ჭამაა. სერიოზული პრობლემაა კლუბური ნარკოტიკი.

მთავარია, მოიხმარონ, თაგვის წამალი იქნება გარეული თუ შაბიამანი, არ აქცევენ ყურადღებას. მე როცა მიმქონდა, პირველი მე ვსინჯავდი, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემ უკან კიდევ 10 კაცი იყო. ერთხელ წითელ ხიდზე წავედი, საზღვარს აქეთ მხვდებოდნენ ყოველთვის ბარიგები. წესად მქონდა, იქვე, მათ თვალწინ გამესინჯა. გავსინჯე და მივხვდი, ის არ იყო, რაც მინდოდა, შუშის ნამსხვრევები იყო გარეული. წარმოიდგინეთ, გაუსინჯავად რომ წამომეღო და გამოგვეყენებინა, ხომ დავიბრიდებოდით.

- როგორ მიხვდი, რომ შუშის ნამსხვრევები იყო გარეული? - კოკაინი უნდა მეყიდა. გემო ხომ ვიცოდი, თითით ავიღე, დავისვი ღრძილზე და გამიჭრა. ამას დათვალიერებით ვერ მიხვდები. იქ ეს არ მითქვამს, ვიაფერისტე, ვთქვი, ამაზე თავს შევიკავებ-მეთქი და კოკაინის ნაცვლად ჰეროინი წამოვიღე. ადრე ლილოშიც ამიღია წამალი.

როცა დაინტერესებული ხარ, ყველა გზა იცი. ახლა, შენ შემოგევლე, ისეთი ვითარებაა, პოლიციის განყოფილებაში რომ მიხვიდე, ნაცნობობით იქაც შეიძლება მოგცენ.

- ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. სპეცოპერაციებს რატომ არა აქვს შედეგი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- ეს იმას ჰგავს, ბავშვს რომ უკრძალავ რაღაცას და უფრო მეტად ის უნდა.

მერწმუნე, ნარკომანს არ აშინებს არც არავის სიკვდილი, არც არავის სპეცოპერაცია. უმეტესობა გეტყვის, მე რა ვიცი, ის რითი დაიღუპა, იქნება სტიმულატორები დააყოლაო, რაც ბევრჯერ ხდება. მეც ყოველთვის მაშინ მქონდა პრობლემა, თუ რაღაცას რაღაცაზე ვამატებდი. ახალბედები არ უფიქრდებიან, რაც შეხვდებათ, იმას იღებენ. თავში უქრით ამ პატარებს, კაიბიჭობა ჰგონიათ, თუ სტიმულატორს დააყოლებენ, ვისაც უფრო მაგრად აქვს თვალი მოჭუტული, უკეთესი ჰგონიათ.

ოხრად მყავდა ნარკომანი მეგობარი. დღესაც ბევრი მყავს ისეთი, რომლებსაც ვერ შეატყობ, რომ ნარკომომხმარებელია. ახლა რომ ვუყურებ ამ გოგო-ბიჭებს, ვფიქრობ, ეს არ არის ნარკომანია, ეს სულ სხვა სიმპტომია, ახალგაზრდებს აგიჟებს.

მთავრობის სასახლესთან აქციები რომ იყო, ნარკომანები მზად ვიყავით იქ გასასვლელად, მაგრამ იქაურ ცანცარობას რომ გადავხედე, მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო. მათ რომ გადავხედე, შემრცხვა, რომ ნარკოდამოკიდებული ვიყავი.

- "ბიოც" მოგიხმარია? - "ბიოს" მოწევის დროს მთელი ღამე საკაიფო დვიჟენიაში გავატარე. "შოკოლადი" თინეიჯერებმა გამასინჯეს, კარგად მიდისო. ესეც "ბიოა", ოღონდ "შოკოლადს" ეძახიან. რომ მოვწიე, მერე ტუალეტში ვსელფაობდი, წინდები ხელებზე ჩამოვიცვი. იმ დროს არ იცი, რას აკეთებ.

ჩემი მეგობრები ღადაობდნენ და მიღებდნენ, მერე მანახეს, რა დღეში ვიყავი. ახალი რომ იყო, ვერ განვსაზღვრე და ეტყობა, ბევრი მოვწიე. სამი ნაფაზი მახსოვს და მერე არაფერი. ერთი ვთქვი, აააო-მეთქი და ვსიო.

აბაზანის მარილები რამდენჯერმე თურქეთში მივიღე. იქ სხვა ფორმით იყო, შაქარლამის ნატეხებს ჰგავდა და ვყლაპავდი. თურქეთში ქუთაისელებისგან ვშოულობდი კლუბურს, თურქებისგან კი "სინექსს" ვიღებდი. როცა ვენები ძალიან გამიფუჭდა, "შავს" ვყლაპავდი. ირანიდან ჩამოჰქონდათ და ხარისხიანი იყო.

- "შავი" რა არის?

- ვა, რა უცოდინარი ხარ. გაგანათლებ, გერაინია, ირანელებს ჩამოჰქონდათ მაგარი. ნეკის ფრჩხილისოდენას გადავყლაპავდი, ცხელ ყავას დავაყოლებდი, იხსნებოდა და ვიყავი ბულბულივით.

მაგით ზედოზირება არ მოგივა. ყველაზე საშიში კლუბური სინთეტიკური ნარკოტიკია, უსაზიზღრესი. მაგას არავინ უნდა გაეკაროს. ჯობია ისევ სხვა რაღაც მოიხმარო, თუნდაც ფსიქოტროპული, ვიდრე კლუბური ნარკოტიკი. კაცმა არ იცის, რითი მზადდება. ეს რომ კაი იყოს, თავის დანებებაზე არ ვიფიქრებდი. დავჯდებოდი კლუბურ ნარკოტიკზე, ამდენი ხანი რემისიის ქვეშ რომ ვარ დანევროზებული, ასე არ ვიქნებოდი, შიგადაშიგ წავეპარებოდი, მაგრამ დამიჯერეთ, მომაკვდინებელია. როცა კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარ, თან ფურცელი უნდა გქონდეს გვერდით და წერდე, ჩემს სიკვდილში არავის ვადანაშაულებ, ნებით ვიკლავ თავსო. იციან, რომ კლავს და მაინც იღებენ, თვითონ აწერენ სიკვდილზე ხელს.

მე ვებრძვი ამ პრობლემას და ვფიქრობ, გადავრჩები. როგორც იქნა, მივხვდი, რომ ვიღუპებოდი და სამკურნალოდ ახლობლებმა მიმიყვანეს. ახლა ვიბრძვი, ვებრძვი ნარკომანიას და ვფიქრობ, გავიმარჯვებ.

თეა ხურცილავა