"დანა ორჯერ დამარტყა, თან მაგინებდა, ბიჭო, ტელეფონში შენ ვის შეაგინე, დაგჩეხავო" - კვირის პალიტრა

"დანა ორჯერ დამარტყა, თან მაგინებდა, ბიჭო, ტელეფონში შენ ვის შეაგინე, დაგჩეხავო"

"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე, რომელიც საკუთარ სახლთან დანით დაჭრეს, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მას სახლთან თათა ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ მიაკითხეს. ჯანჯღავა და ნოზაძე ჯერ შეკამათდნენ, შემდეგ მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და ჯანჯღავამ ცივი იარაღით დაჭრა მომღერალი. დანაშაულში ბრალდებულები მეორე დღეს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ჯანჯღავას სისხლში ფსიქოტროპული, თოფურიას კი ნარკოტიკული საშუალების კვალი აღმოაჩნდათ... ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე ერთადერთი ფრაზა წარმოთქვა, "ბრალს არ ვეთანხმები, "პიკასოს" მოკვლა არ მინდოდა".

- სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდა ეს ყველაფერი, ეტყობა, მეორე მხარეს აწყობს ჩირქი მომცხოს, ამიტომ მიგორებენ შავ პიარს. ნარკოტიკების თემა ამ საქმეში გრანდიოზული სისულელეა. ჩატარდა ექსპერტიზა და არც ჩემს ორგანიზმში, არც ჩემს ავტომანქანასა და არც სახლში არაფერი ამის მიმანიშნებელი და დამადასტურებელი არ აღმოჩენილა. ჩემსა და ჯანჯღავას შორის კონფლიქტი არანაირად არ უკავშირდება ნარკოტიკებს. ყველას გთხოვთ, მსგავს ინტერპრეტაციას ნუ მისცემთ ამ შემთხვევას.

- როგორ ფიქრობთ, ვის და რაში აწყობს თქვენი დისკრედიტაცია? - რა ვიცი, ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ადამიანის უბედურებაში კიდევ უბედურება გვინდა დავინახოთ და დაუფიქრებლად ვიქცევით ხოლმე. ეს ამბავი მოჰყვა ყოფით ნიადაგზე დაწყებულ უთანხმოებას და მეტი არაფერი, აქ ნარკოტიკი, რაღაც ჩვენებები და "ამფეტამინები" არაფერ შუაშია.

რაღაც ცრუ ჩვენება გამოაქვეყნეს, სადაც ამ გოგოს უნდა თავისი კრიმინალური ქმედება სხვა რაღაცებით გაამართლოს და სხვანაირად წარმოაჩინოს საქმე. შვილები მყავს, კარიერა მაქვს და არანაირად არ მიღირს მსგავსი სისულელეები გამივრცელონ.

- ირაკლი, მოგვიყევით, რით დაიწყო კონფლიქტი თქვენ შორის...

- თათას დილით გამოვართვი ფული და შევთანხმდით, რომ იმავე დღეს დავუბრუნებდი, თუმცა შეთანხმების ვადამდე თათამ ჩვენს საერთო მეგობართან დარეკა, მეგობარს ლაუდ სპიკერზე (მაღალ ხმაზე) ჰქონდა ჩართული ტელეფონი და მესმის, რომ თათამ ძალიან ცუდად, უწმაწური სიტყვებით მომიხსენია. მან არ იცოდა, მეც რომ ვისმენდი და ამის შემდეგ არც მე დამიკლია, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ვალს აღარ დავუბრუნებდი, აგრესიული მოვარდა ჩემს სახლთან და ატეხა დებოში.

- თანხა რისთვის გჭირდებოდათ, თუ საიდუმლო არ არის?

- ჩემი პირადი პრობლემების მოგვარება მინდოდა. სხვათა შორის, ზედაპირულად ვუთხარი, მჭირდება-მეთქი და მანაც მითხრა, მაქვს და არ არის პრობლემაო.

- რა საერთო გქონდათ, სად გაიცანით და რა გაკავშირებდათ თათა ჯანჯღავასთან? - საერთო მეგობრის მეშვეობით სტუმრად აღმოვჩნდი მასთან სახლში და ასე გავიცანი. რომ გითხრათ, გადამკვდარი მეგობრები ვიყავით-მეთქი, მოგატყუებთ, არც ხშირი კონტაქტი გვქონია, ასე ვთქვათ, ზომიერი მეგობრები ვიყავით.

როდესაც ეს გოგო სახლთან მოვიდა, მისმა ქცევამ შემაშინა, ისე აგრესიულად იქცეოდა - ყვიროდა, იგინებოდა და იმუქრებოდა. ამიტომაც არ ჩავედი თავიდან და ჩავუშვი ჩვენი საერთო მეგობარი ზუკა. ისიც რომ ვერაფერს გახდა, ჩავედი და მეც ვცადე მისი დაწყნარება, რაზეც უფრო აგრესიით მიპასუხა.

- თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ პირიქით, თქვენ გამოირჩეოდით აგრესიით, დაარტყით და მანაც საპასუხოდ მოგიქნიათ დანა. - მათ, სავარაუდოდ, ასე უნდათ, რომ გამოიყურებოდეს ეს საქმე, სტრატეგია აქვთ ასეთი, დაამტკიცონ, რომ თათას ჩემი განზრახ მოკვლა არ უცდია. მაგრამ კადრებშიც ხომ ჩანს, ვინ ვის ესხმის შეიარაღებული? ფაქტი სახეზეა. რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ჯერ მანქანაში ვჯდები, რათა იქ გველაპარაკა, მაგრამ ის მანქანას წიხლებს ურტყამს, მერე მინას, ვცდილობ დავაშოშმინო და გადმოვედი თუ არა, ვეცადე მის ხელით მოგერიებას და ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა. იქაც ვულგარულად მლანძღავდა და მაგინებდა ფრაზებით - შენი დედა მოვ...ნ, ტელეფონში შენ ვის შეაგინე, დაგჩეხავ, შე სიროო და ა.შ., და ამან გამაღიზიანა. ვუთხარი, გამომყევი მანქანით, სხვაგან გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ არა და არ დაშოშმინდა, პირიქით, მანქანას დაუწყო წიხლების რტყმა და შუშების ჩამტვრევა.

- დაინახეთ, რა საგნით დაგჭრათ? მართლა ბრელოკზე ჩამოკიდებული პატარა დანა იყო თუ სხვა რამ?

- მანქანიდან როდესაც გადმოვედი, დავინახე, რომ თათას ხელში დანა ეჭირა, არანაირი ბრელოკი, დასაკეცი დანა იყო. დანა მომიქნია და ყელთან მომხვდა, არტერია გადაიჭრა და სისხლმა ამოხეთქა, მეზობლები რომ არ დამხმარებოდნენ, დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრებდით. დანის დარტყმის შემდეგ თათა ისევ მაყენებდა შეურაცხყოფას: ბიჭო, ჯერ სადა ხარ, ეს ცოტაა შენთვისო და მემუქრებოდა, მაგრამ მე უკვე გამოვეცალე და აღარც მესმოდა მისი სიტყვები. მერე წერეთლის პროსპექტისკენ წავედი, გავაცნობიერე, რომ სიცოცხლის ცოტა დრო მქონდა დარჩენილი და მინდოდა მისი შენარჩუნება. ვფიქრობდი, ცენტრალური ქუჩისკენ გავსულიყავი, რათა ადვილად მოეგნო "სასწრაფოს" ან ხალხს. მაქსიმალურად ვაცნობიერებდი, რაც მჭირდა...

- ის მეორე გოგონა ამ დროს რას აკეთებდა? - ის საეჭვოდ მშვიდად და წყნარად იქცეოდა. ზუკაც, სავარაუდოდ, დაიბნა შიშისგან. როცა დაინახა, მეზობლები მეხმარებოდნენ, ალბათ, აღარ ჩათვალა საჭიროდ და წავიდა. მერე ჩვენებაც მისცა პოლიციას.

ვიცი, მეორე მხარე ყველანაირად ეცდება, რომ მოხდეს განზრახ მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირება, თითქოს ამ გოგომ თავდაცვის მიზნით დამარტყა დანა. წესით, გადაკვალიფიცირება არ უნდა მოხდეს. სწორედ ამ მიზნით ამიგორეს შავი პიარი ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რასთანაც მე დიდი ხანია გავწყვიტე ურთიერთობა, შევიცვალე ცხოვრების წესი და საერთოდ აღარ მაქვს ნარკოტიკთან შეხება.

გვანცა რამიშვილი, თათა ჯანჯღავას ბიძაშვილი: - "პიკასომ" თათას ხელი დაარტყა და აგინებდა. წარმოიდგინეთ, რა დონემდე მიიყვანა, ასე რომ მოიქცა. თათა და ირაკლი მეგობრობდნენ. "პიკასოს" მეგობრები კი ახლა უარყოფენ, არ ვიცნობთო, ცდილობენ თათას შეაწმინდონ ხელი... თათა არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი. ის დანაშაულს მარტო იმიტომ არ ჩაიდენდა, შვილებს რომ არ ჩამოსცილებოდა.

- რატომ იყო დანით შეიარაღებული?

- ბრელოკზე ეკიდა პატარა დანა. ჭრილობა პატარაა, "პიკასოს" არტერიაში მოხვდა და ბევრი სისხლი ამიტომ დაღვარა.

- ამბობენ, ნასვამმა გადატეხილი ბოთლით დასერა ყოფილი ქმარი და მეგობარიო. - ახლა რას არ მოუგონებენ...

ავთანდილ ბუაძე, თათა ჯანჯღავას ადვოკატი: - ნოზაძემ ჯანჯღავას ხელი შემოარტყა და ბრალდებულმა ხელი სპონტანურად აიქნია. ეს იყო ბრელოკის ტიპის დანა, ის სუვენირი უფროა, მჭრელი პირით. ჯანჯღავამ ის თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

- ჯანჯღავამ ნოზაძეს ნარკოტიკისთვის მისცა 250 ლარი? მოტივად ეს დასახელდა... - არაფერია გამორიცხული. შესაძლოა ერთი კაცი კლავდეს მეორეს, ის მეორე კი დღეში 50 კაცს წამლავდეს... ბრალში წერია, რომ თანხა რამდენიმე საათით იყო ნასესხები, რაც ძნელი დასაჯერებელია. თათა ნოზაძემ დაიბარა კორპუსთან, ჯერ მეგობარი ჩაგზავნა და მერე თვითონ ჩავიდა. იმ მეგობარმა კი, იმის მაგივრად, "პიკასოს" დახმარებოდა, განსაცდელში მიატოვა, დაეყვირა მაინც, უშველეთ, ხალხოო.

არჩილ შაბაშვილი, თათა ჯანჯღავას ადვოკატი: - ბრალდებული ამბობს, რომ ნოზაძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მოტივი ვალს უკავშირდება.

- დანა ან მაისური სად გადააგდო? - დანა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდო, მაისური კი ნაგვის ურნაში. გამოძიებამ მაისური ვერ იპოვა, ნაგავი გატანილი იყო... ჯანჯღავა მარტოხელა დედაა და კაფეებში მუშაობდა მიმტანად.

- ნარკომომხმარებელია?

- ექსპერტიზით სისხლში ფსიქოტროპული ნივთიერება დაუდგინდა, მაგრამ ინციდენტის დროს კლინიკურად ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. შესაძლოა ადრე ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება ჰქონდა მიღებული, რომელიც სისხლში დროთა განმავლობაში რჩება.

თათა ჯანჯღავა: "ნოზაძემ მითხრა, რომ უნდა დაეთრია "ფაქტი"

ტელევიზიით თათა ჯანჯღავას ჩვენებიდან ამონარიდი გავრცელდა: "დამირეკა ნოზაძემ და მითხრა, რომ უნდა დაეთრია "ფაქტი" -"მისამართზე უნდა წავიდე და ფულს ვკრავ, შენ რამდენი გაქვს, რომ მომცეო. არ ვიცი, რას გულისხმობდა წინადადებაში: "მისამართზე უნდა წავიდე". ვუთხარი, რომ მქონდა 50 ლარამდე, თუმცა ირაკლიმ მითხრა, თუ მეტი მქონდა, მესესხებინა და დამიბრუნებდა, ასევე მომცემდა მოსაწევ "ამფეტამინს". ვენდე და ვასესხე 250 ლარი... დაახლოებით 16:00 საათისთვის= მივხვდი, აღარ მსურდა "ამფეტამინის" მიღება, დავურეკე ირაკლის, რომ სასწრაფოდ ფული დაებრუნებინა. მიპასუხა, რომ იყო მისამართზე და თავად დამირეკავდა... როდესაც აღარ დამირეკა, მე დავიწყე რეკვა, თუმცა არ მპასუხობდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. ბოლოს, როდესაც მიპასუხა და მოვთხოვე, ან ფული დაებრუნებინა, ან "ამფეტამინი" მოეტანა, მითხრა, რომ არც ერთი აღარ იყო და არც - მეორე. ასევე მაგინა დედის მისამართით".

"ეს რა შარში გაეხვია ჩემი შვილი?!"

ბესიკ თოფურია, ნათია თოფურიას მამა: "პატიოსანი შვილი გავზარდე. ჯანჯღავა სასამართლოში ვნახე პირველად. ჩემს შვილს ეგ გოგო 6 თვის წინ გაუცნია. ნათია კაზინოში მიმტანად მუშაობდა და ბავშვებს არჩენდა. ორი ბიჭი ჰყავს - 3 და 4 წლისანი, ქმართან გაშორებულია. თბილისში ვცხოვრობდით, აქ დაამთავრა სკოლა, მერე მე აბაშაში დავბრუნდი, მეუღლე კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ის ჩემს უმცროს ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ნათიამ თვითონაც არ იცოდა, ალბათ, სად წავიდა. იმ გოგომ სთხოვა გამყევიო. რა იცოდა, ამას რა მოჰყვებოდა? იმედი მქონდა, გირაოთი გამოუშვებდნენ - მას შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, თანამონაწილეობაში ხომ არა? არ ვიცი, როგორ მივხედავ ორ პატარა ბავშვს. შოკში ვარ, ეს რა შარში გაეხვია ჩემი შვილი?! ნარკოტიკული ნივთიერება დაუდგინდაო სისხლში... ეს რა ჯანდაბა დაგვემართა?!"