სერგი კაპანაძე: "პროკურორისა და შსს-ს წარმომადგენლის ქცევა აღმაშფოთებელი იყო" - კვირის პალიტრა

სერგი კაპანაძე: "პროკურორისა და შსს-ს წარმომადგენლის ქცევა აღმაშფოთებელი იყო"

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა მოხდა 2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ რაც უფრო ღრმად იკვლევ საქმეს, მით ბუნდოვანი ხდება, სინამდვილეში ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ექვსთვიან გამოძიებაზე კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ვიდრე აქამდე არსებობდა - ფაქტია, გამომძიებლებმა არ დაჰკითხეს მოწმეები, რომლებსაც ღირებული ინფორმაცია ჰქონდათ მოზარდებს შორის დაწყებულ გარჩევაზე, დაგვიანებით ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც თავიდანვე შესაძლებელი იყო ყველა მონაწილე პირის იდენტიფიცირება და სრულად არ გამოიკვლიეს დანაშაულის ადგილი. დანაშაულის გამოსავლენად რა მიმართულება გამოიკვეთა პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თითქმის ორკვირიანი მუშაობის შედეგად, "კვირის პალიტრის" კითხვებს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პასუხობს:

- კონკრეტულ ვერსიებზე საუბარი ადრეა, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა - ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები დარღვევებით წარიმართა, გამომძიებელი არ დაინტერესებულა თვითმხილველების ინფორმაციით, რომლებიც ტელევიზიით აკეთებდნენ კომენტარებს მომხდარზე. რატომღაც გამოძიებამ ასევე არ ჩათვალა საჭიროდ 1-ლ დეკემბერს სათვალთვალო კამერებიდან ამოეღო ჩანაწერები და რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, როდესაც ამის შესახებ კომისიაში კითხვა დავუსვით პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, მან გვიპასუხა, ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცოდით, რა ტიპის ჩანაწერი იყო სათვალთვალო კამერებშიო. ასეთ არაკვალიფიციურ პასუხს თავი რომ დავანებოთ, ერთ-ერთ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ გამორბიან შემთხვევის ადგილიდან მოზარდები. ერთ-ერთს სახე და ხელები სისხლიანი აქვს, მეორეს კი მარჯვენა მაჯა. მათი იდენტიფიცირება როგორც სახით, ასევე ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით მარტივად იყო შესაძლებელი და ეს ინფორმაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე გვიმტკიცებენ, რომ მოწმეები გამოძიებასთან თავიდანვე არ თანამშრომლობდნენ, მნიშვნელოვან ბიძგს მისცემდა მათ სიმართლის დასადგენად. ნაცვლად ამისა, ვიდეოჩანაწერებით გამოძიება დაინტერესდა მკვლელობიდან მხოლოდ ხუთი-ექვსი დღის შემდეგ და არა მყისიერად.

- გარდა ამისა, გარჩევაში მონაწილე პირების დაკითხვა მკვლელობის პირველ დღეს თითქოს პროცედურულად სწორად და დაჩქარებულად წარიმართა, თუმცა როგორც კი მირზა სუბელიანის შვილი დაჰკითხეს, ინციდენტში მონაწილე მოზარდების დაკითხვა 12 დღით შეწყდა. რაზე მიგანიშნებთ ეს ფაქტი? - გამოძიებამ გარჩევაში მონაწილე რამდენიმე პირი

1-ლ დეკემბერსვე დაჰკითხა, ასევე დაჰკითხეს ა.ს. - მირზა სუბელიანის შვილი და ვიცით, რომ დაკითხვას მოზარდის მეურვის სტატუსით პროკურატურის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალჩინოსანი, თავად მირზა სუბელიანი ესწრებოდა. როგორც კი ა.ს.-მ ჩვენების მიცემა დაასრულა, გამოძიებამ ავტომატურად შეწყვიტა დანარჩენი მოზარდების დაკითხვა. გარჩევაში მონაწილე რამდენიმე მოზარდის დაკითხვა მხოლოდ 12 დეკემბერს განახლდა. აბსოლუტურად გაუგებარია, რამ განაპირობა ამდენხნიანი წყვეტა.

რა თქმა უნდა, ეს ამძაფრებს ეჭვს, რატომ ჩერდება მნიშვნელოვანი საგამოძიებო პროცედურები საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ დანაშაულის ადგილი გამოძიებას სრულად არ გამოუკვლევია - ჩვენს ხელთ არსებულ მასალებში ჩანს, რომ სისხლის რამდენიმე კვალი გამომძიებლებმა არც კი დანომრეს, გამოკვლევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, დანაშაულის ადგილიდან არ არის აღებული მნიშვნელოვანი ნიმუშებიც.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მოზარდის სახლის ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელს ჰქონდა პატაკი, რომ შესაძლოა კონკრეტულ მისამართზე დანაშაულის იარაღი - დანა ყოფილიყო შენახული. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, გამომძიებელი მიდის დანიშნულების ადგილას, სადაც, როგორც უკვე გითხარით, ეგულება დანა, მაგრამ არ ჩხრეკს სახლს სათანადოდ და მხოლოდ მოზარდის ტანსაცმლით ინტერესდება. კიდევ ერთი დეტალი - გამოძიებამ თავიდანვე არ ამოიღო დანაშაულში მონაწილე პირების მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. პირიქით, მაშინ, როდესაც ორი მოზარდი მოკლულია, გარჩევაში მონაწილე პირებს ისევ აქვთ ერთმანეთთან მიმოწერა სოციალურ ქსელში და ამას თავად ჰყვებიან ჩვენებებში, მაგრამ რატომღაც გამომძიებელი არ ინტერესდება მიმოწერის შინაარსით და არ სთხოვს მათ აჩვენოს, რა საკითხზე საუბრობდნენ, მაგალითად, "ინსტაგრამში". არადა, ნებისმიერი მეორეკურსელი იურისტი გეტყვით, რომ შესაძლოა მოზარდები ამ დროს საუბრობდნენ გეგმებზე, როგორ უნდა ემოქმედათ, რა ჩვენებები მიეცათ, რომ მათი ინფორმაცია ერთმანეთისას დამთხვეოდა, ვისთვის დაეფარებინათ ხელი და ა.შ.

საეჭვოა ისიც, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს ხორავას ქუჩის #26-ის მობინადრენი. ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ, მოზარდები გარბიან ხორავას ქუჩის #26-ში, ონკანთან მიდიან და თავის მოწესრიგებას იწყებენ - რეცხავენ დანას, იბანენ ხელს და ა.შ. ონკანის ახლოს ფანჯრებია, ირგვლივ მოსახლეობა მჭიდროდ ცხოვრობს, ამიტომ შესაძლოა მათ ღირებული ინფორმაცია ჰქონოდათ, რაზე საუბრობდნენ მოზარდები მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, კვალის დაფარვის მცდელობის მომენტში.

- ამ უამრავი კითხვის მიუხედავად, თქვენ გამოყავით ორი ეპიზოდი - გ.მ.-ს დაჭრა და მ.კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობაში. საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებით შეგიძლიათ თქვათ, რომ გამოძიებამ ეს ორი მოზარდი მიზანმიმართულად არ გამოკვეთა? - რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი მტკიცებულებები კი არ მოგვიპოვებია - ეს ყველაფერი დევს თავად მასალებში - გ.მ. დაჭრეს, მაგრამ გამოძიებამ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებდა, არ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და მეორე უცნაური დეტალი - მ.კ., რომელიც საქმის ოქროს მოწმედ ითვლება, კომისიის წევრების მოსაზრებით ერთ-ერთი მონაწილე პირია დავით სარალიძის მკვლელობაში. კერძოდ, ჩვენებებით იკვეთება, რომ როდესაც ორი მოზარდი დანას ურტყამდა დავით სარალიძეს, მ.კ. დავით სარალიძეს ცალი ხელით აკავებდა, მეორე ხელით კი ურტყამდა. ჩვენებებში არ ჩანს, რას ურტყამდა მ.კ. დათუნა სარალიძეს, თუმცა მხოლოდ მუშტიც რომ ყოფილიყო, ვფიქრობთ, საქმე მკვლელობაში თანამონაწილეობის, ჯგუფური მკვლელობის მუხლით უნდა აღძრულიყო. ესეც არ გააკეთა გამოძიებამ.

- ძირითადად, შსს-ს წარმომადგენელი და პროკურორი ზვიად ფხაკაძე გპასუხობდნენ, რომ გამოძიებამ თქვენ მიერ დასახელებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება ვერ დაინახა. კიდევ ვის დაჰკითხავენ კომისიაში და თუ შეგიძლიათ უკვე საუბარი კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე?

- პროკურორისა და შსს-ს წარმომადგენლის ქცევა აღმაშფოთებელი იყო. რთულია აღვწერო შთაბეჭდილება, რომელიც მათი მოსმენისას კომისიის წევრებს შეგვექმნა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ეს კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვას. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა გამოძიებას 40 დღის განმავლობაში პროკურატურის ზედამხედველობით და შემდეგ უწყების მიერ გამოკვლეულ მასალებს სასამართლოში პროკურორი ზვიად ფხაკაძე იცავდა. მოგეხსენებათ, გამოძიებას ახლაც გახარიას უწყება აწარმოებს - კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს მათთან და დარწმუნებული ვარ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

რუსუდან შელია